ახალი ამბები

ხელისუფლება სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას ოპტიმისტურად უყურებს

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგრამის აღდგენას იმედის თვალით უყურებს, მაშ შემდეგ რაც 16 თებერვალს ფონდის მისიამ, პაულო ნეუჰაუზის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტი დაასრულა.

მისიამ, რომელმაც ორკვირიანი ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, განიხილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და ფონდის 2004-2006 წლის პროგრამის საქართველოში განახლების საკითხი.

შარშან აგვისტოში, მაშ შემდეგ რაც საქართველოს წინა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რაც სხვა პირობებთან ერთად კორუფციის დაძლევასაც ითვალისწინებდა, ფონდმა პროგრამა შეწყვიტა. ამით საქართველოს ისედაც დეფიციტურ ბიუჯეტს დააკლდა ფონდის ტრანშები და რაც მთავარია საქართველოს სსფ-ის სახით აღარ ყავდა პარიზის კლუბთან შუამავალი, რათა მომხდარიყო ქვეყნის 1,7 მილიარდი დოლარის საგარეო ვალის გადავადება.

აღსანიშნავია, რომ სსფ-ის მისიამ ვიზიტისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „2004 წლის დასაწყისისთვის, 2003 წლის ბოლოსთვის დაფიქსირებული, ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების ვარდნა შეჩერებულია.“ ფონდის მიერ 18 თებერვალს გავრცელებული პრესრელიზში ნათქვამია, რომ „ფონდი მიესალმება იმ ფაქტს, რომ შემცირდა დაცული მუხლების (ანუ ხელფასებისა და პენსიების) დავალიანებები.“

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ფონდი საქართველოში პროგრამას აღადგენს, რაც ქვეყანას 2004 წელს 30 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის მიღების საშუალებას მისცემს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ფინანსური ტრანშების გარდა ფონდის პროგრამის აღდგენა უფრო სხვა მხრივ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.

“ფონდის მატერიალურ დახმარებაზე მეტად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფონდმა მწვანე შუქი აუნთოს სხვა ორგანიზაციებს საინვესტიციო პროგრამების განხორციელების მიზნით” – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ნოდარ ხადურმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მისიამ მოსთხოვა ქვეყნის ხელისუფლებას გაზაფხულისთვის ფონდის აღმასრულებელ საბჭოს წარუდგინოს ეკონომიკური პროგრამა, რაც „ითვალისწინებს პარლამენტის მიერ 2004 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, საგადასახადო ადმინისტრირების გამოსწორებას.“

ფონდი ასევე მოითხოვს მოხდეს საბაჟოს რეფორმირება და ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული კანოკმდებლობის ეფექტურად ამოქმედება.

საქართველოს პარლამენტს, შარშან ნოემბრის მოვლენების გამო 2004 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია. წინასწარი ინფორმაციით 2004 წლის ბიუჯეტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი მესამედით არის გაზრდილი და 1 მილიარდ 741 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ზრდა ძირითადად გრანტების ხარჯზე არის დაგეგმილი. საქართველოს მთავრობა ვარაუდობს 2004 წელს გრანტების სახით 167 მილიონი ლარის მიღებას, სადაც გათვალისიწნებული ის დახმარებებიც, რომელიც საქართველომ 2003 წელს ვერ მიიღო.

ფონდის მტკიცებით, ბიუჯეტის პარამეტრები საკმაოდ „ამბიციურია.“ ამიტომ სავალუტო ფონდის მისიამ მოუწოდა ხელისუფლებას დააჩქაროს „ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების რეფორმირება რათა მოხდეს ამ ამბიციური საშემოსავლო პარამეტრების დაკმაყოფილება.“

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სავალუტო ფონდის საქართველოსადმი დამოკიდებულების ცვლა დიდად განაპირობა შრშან ნოემბერში მომხარდმა მშვიდობიანმა რევოლუციამ.

“ძალიან რეალური და უნიკალური შანსი გვაქვს აღვადგინოთ პროგრამა, რაც მეტწილად “ვარდების რევოლუციის” დამსახურებაა. ეს შანსი თუ ხელიდან გავუშვით, მხოლოდდამხლოდ ჩვენი მთავრობის ბარლი იქნება” – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ექსპერტმა ეკონომიკის დარგში ნიკო ორველაშვილი.

თუმცა, როგორც საქართველოს ახალი ხელისუფლება აცხადებს, ის არ აპირებს ფონდის რეკომენდაციები ბრმად შეასრულოს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელების მომხრეა, თუმცა იქვე დასძენს, რომ „საქართველო ბრმად აღარ გაიზიარებს“ ფონდის რეკომენდაციებს.

“ჩვენ გვჭირდება ის, რაც სჭირდება საქართველოს ეკონომიკას და არა ის, რასაც დაგვიწერენ უცხოელი ექსპერტები. არ შეიძლება ბრმად გავიზიაროთ ყველა რეკომენდაცია” – განაცხადა 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.

ამ პოზიციას მრავალი ექსპერტი იზიარებს. “მე მინდა მთავრობიდან ვიხილო სავალუტო ფონდის რეალური პარტნიორები. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს ჯანსაღი ოპონირება სავალუტო ფონდთან” – აცხადებს ნიკო ორველაშვილი.

სავალუტო ფონდის მისიამ ასევე განაცხადა, რომ 2003 წელს ქვეყანაში  ეკონომიკური აღმავლობა შეინიშნებოდა, რაც ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებით არის განპირობებული.

მსგავსი/Related

Back to top button