ახალი ამბები

ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმა

პარლამენტმა 11 თებერვალს აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირების პროექტი დაამტკიცა.

პროექტი სამინისტროებისა და დეპარტამენტების სტრუქტურაში ცვლილებებს გულისხმობს და მინისტრთა კაბინეტის მუშაობის წესს განსაზღვრავს.

რეფორმების მიხედვით, სამინისტროების რაოდენობა 16-დან 15-მდე შემცირდება, ხოლო 16 სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს, შესაბამის სამინისტროებს შეუერთდება.

მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტრო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შეუერთდება და მას ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო დაერქმევა.

დანარჩენი 14 სამინისტროს სიაში შედიან: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანასთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო.

დაზვერვის დეპარტამენტი უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შევა.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნება ახალი სტრუქტურა – ფინანსური პოლიცია – რომელიც ეკონომიკური და ფინასური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი და ერთადერთი ორგანო იქნება. პარლამენტმა 13 თებერვალს პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი ფინანსური პოლიციის შექმნის შესახებ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რეფორმები ხელს შეუწყობს, „მმართველობის უფრო მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას.“

„მინისტრთა კაბინეტი ამ სტრუქტურის მთავარი ორგანო იქნება. კაბინეტი გადაწყვეტილებებს კენჭისყრით მიიღებს. მისი სხდომები დახულ კარს მიღმა გაიმართება“, – განაცხადა ადეიშვილმა.

ამას გარდა დაგეგმილია, სახელმწიფო კანცელარიის რეფორმირებაც, რომელიც საერთოდ გაუქმნდება და მის ადგილას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება.

სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ასევე შემცირდება კანცელარიის თანამშრომელთა რაოდენობა.

“თუ აქამდე კანცელარიაში 600-მდე თანამშრომელი იყო, მათი რიცხვი 120-მდე შემცირდება. ყველა მათგანს მიეცემა საშუალება გაიაროს კონკურსი და ვინც წარმატებით გაივლის ის დარჩება სამუშაო ადგილზე”, – დასძინა ზურაბ ჟვანიამ.

სახელმწიფო კანცელარიის ლიკვიდაციის საკითხზე უკვე მუშაობს კანცელარიის აპარატის უფროსი პეტრე მამრაძე.

“ამხელა ადმინისტრაციის ლიკვიდაცია მეტად რთული საქმეა და ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პეტრე მამრაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურად მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ჩუბინიშვილი დანიშნა, რომელიც ჟვანიას „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრია.

როგორც ხელისუფლება ირწმუნება ასევე დაგეგმილია სახელმწიფო სექტორში უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. ეს შემცირებები განსაკუთრებით პოლიციასა და საგადასახადო სამსახურს შეეხებათ.

მსგავსი/Related

Back to top button