ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიები და საარჩევნო ადმინისტრაციები კვლავ დავის საგანია

28 მარტის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კვლავ წინა პლანზე იწევს ამომრჩეველთა სიების და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების საკითხები. ამ დროისათვის ცსკო-ს პასუხისმგებლობის ქვეშ მიმდინარეობს სიების კომპიუტერიზაციის პროცესი და იწყება საუბრები საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.

ცსკო-მ უკვე დაიწყო იმ 2,2 მილიონი ამომრჩევლის კომპიუტერული სიის მომზადება, რომელიც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე შედგა. როგორც ცსკო-ში აცხადებენ ეს პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისისთვის დასრულდება.

მარტის პირველ ნახევარში იგეგმება იმ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, რომლებიც ვერ მოხვდნენ 2,2 მილიონ ამომრჩეველში. ჯერ-ჯერობით არ არის გარკვეული, გამოიყენებს თუ არა ცსკო არჩევნების დღეს რეგისტრაციის პროცედურას, ანუ დამატებით სიებს.

“თუკი ჩვენ მცირედი ეჭვი მაინც დაგვრჩება, რომ თუნდაც ერთი ამომრჩეველი სიაში არყოფნის გამო ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ არჩევნების დღეს რეგისტრაციას 28 მარტისათვისაც გამოვიყენებთ” – აცხადებს ცსკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. შესაბამისად არჩევნების დღეს დამატებითი სიების არსებობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებით ჩაივლის ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენა 28 მარტამდე.

“მე ვფიქრობ, რომ ამ სიის დაზუსტება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანია დარჩენილი, ვისაც რეგისტრაცია არ გაუვლია. ერთადერთი, რაც აქ უნდა გაკეთდეს, ცსკო-მ უნდა დატოვოს საჭირო დრო ამ სიების გადამოწმებისათვის” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.

ის ამომრჩეველი, რომელიც მარტში გაივლის რეგისტრაციას კომპიუტერულ სიებში ვერ მოხვდება. შესაბამისად, 28 მარტისათვის კომისიებს მაგიდაზე შერეული სიები ედებათ – ერთი კომპიუტერული და მეორე ხელნაწერი. ცსკო ვერც იმის გარანტიას იძლევა, რომ 4 იანვრიდან 28 მარტამდე დროის მონაკვეთში გარდაცვლილი ამომრჩეველი სიებში არ იქნება მოხვედრილი. ეს კი ოპოზიციური პარტიების შეშფოთებას იწვევს.

“ცსკო სიების გაფილტვრისათვის არაფერს არ აკეთებს. ეს ყველაფერი რომ დავთვალოთ ჯამში შესაძლოა ათი ათასობით [გარდაცვლილის] ხმა მივიღოთ და თუ ამის გამოსწორებას ისინი არ აპირებენ, მაშინ რა პრეტენზიები ჰქონდათ წინა ხელისუფლებასთან, რომელსაც ანალოგიურ ბრალდებებს უყენებდნენ” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარისას ედპ-ტრადიციონალისტების ოპოზიციური გაერთიენების წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა.

კვლავ პრობლემად რჩება ამომრჩეველთა სიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე შემდგარი 80 ათასიანი სია აჭარის ოლქებიდან ცსკო-სთვის ჯერ-ჯერობით არ მიუწოდებიათ.

“ფაქტია, რომ აჭარის ხელისუფლება აგრძელებს ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის პოლიტიკას. იგი სხვა წესით აპირებს სიების შედგენას და სხვა საარჩევნო პროცედურების განხორციელებას. როგორც ჩანს ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება ცენტრისა და რეგიონის პოლიტიკოსებს შორის მიღწეულ შეთანხმებებზე” – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას იურისტი დავით უსუფაშვილი.
 
“საარჩევნო სიების მომზადებას ჩვენ არ განვიხილავთ, როგორც ერთ კონკრეტულ არჩევნებზე მიბმულ საკითხს. ეს პროცესი დაიწყო დეკემბერში, გრძელდება თებერვალ-მარტში და დამთვარდება მაისში, როცა კომპუტერიზაცია საბოლოოდ დასრულდება. სიების საბოლოო ვერსია იმ სახელმწიფო სტრუქტურას გადაეცემა, რომლის ფუქციაშიც შევა მოქალაქეთა რეესტრი” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არჩევნებს უკავშირდება არის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ახალი წესი. 18 თებერვალს უკვე ყველა დონის საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული უნდა იყოს. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს საკითხი აქტიურად დააყენეს. ოპოზიციამ ხელისუფლებას შეახსენა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირება კომისიების პარიტეტის საფუძველზე დაკომპელექტების შესახებ.

“საარჩევნო კომისიების კომპლექტაციის წესის გადასახედად ჩვენ მზად ვართ, ეს დისკუსია პარლამენტში გაიმართოს. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ სქემაზე, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ჩვენ ვეძახდით პარიტეტის პრიციპს” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “გაერთიანებული დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარემ მიხეილ მაჭავარიანმა.

დღევანდელი მდგომარეობით ხელისუფლებას, ყველა დონის, თხუთმეტწევრიან საარჩევნო ადმინისტრაციებში რვა წარმომადგენელი ჰყავს. მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციისთვის განკუთვნილ ორ ადგილსაც იკავებს.

“დღეს ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაა ადგილების გადანაწილების თვალსაზრისით საარჩევნო ადმინისტრცაიებში, ვიდრე ეს თუნდაც წინა არჩევნებზე იყო. დეკლარირებულად ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მზად არიან ფორმირების წესის შეცვლისთვის, აქ დათმობაზე არ არის საუბარი, რადგან ჩვენ ვითხოვთ იგივეს ამ ხელისუფლებისაგან, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ერთად ვითხოვდით წინა ხელისუფლებისაგან” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ახალი მემრჯევენეების” წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ. 

ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებას უჭერს მხარს. ოპოზიციის ერთიანი ფორმულა ასე გამოიყურება: ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელმაც წინა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში გადალახა ბარიერი თითო წარმომადგენელი, ერთი წარმომადგენელი პრეზიდენტს და თითო-თითო ავტონომიურ რესპუბლიკებს. ზუსტი ფორმულა გაირკვევა მას შემდეგ, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აქტიური კონსულტაციები დაიწყება.

“ადმინიტრაციის ცვლილებებზე ჩვენ თავად გამოვედით ინიციატივით, რომ ის უფრო პარიტეტული და სამართლიანი ყოფილიყო.  ამ სიტყვის შესრულებას ჩვენ ვაპირებთ, არავის არ უნდა მიეცეს იმის თქმის საბაბი, რომ ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციებზე დომინირებას ცდილობს” – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარისას პარლამენტის ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი.

არჩევნების ნორმალურად ჩატარებისათვის შემაფერხებელ საშუალებად კომისიების კომპლექტაციის წესს არ მიიჩნევს დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, მთავარია საარჩევნო ადმინისტრაციების წევრებმა გაითავისონ, რომ მათ მიერ ჩადენილი უკანონობა დასჯადი იქნება.

“დღეს ხელისუფლებას აქვს კარტბლანში, მას შეუძლია ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. ხელისუფლებას მოუწევს ძალისხმევის მიმართვა იმისკენ, რომ ქვემდგომმა ადმინისტრაციებმა  არ გააგრძელონ ის მანკიერი ტრადიცია, რასაც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა ჰქვია. ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს მკაფიო განცხადებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამგებლების, გუბერნატორების და სხვა თანამდებობის პირების საარჩევნო პროცესში ჩარევა” – განაცხადა დავით უსუფაშვილი.

თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო ადმინისტრაციები არაეფექტურია. ზურაბ ჭიაბერაშვილი კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების მომხრეა. იგი ასევე აცხადებს, რომ თხუთმეტკაციანი კომისია საერთოდ არ არის საჭირო.

ცსკო აპირებს ექსპერიმენტალური საარჩევნო უბნის შექმნას. თბილისის ერთ-ერთი საუბნო კომისია დაკომპლექტებული იქნება კონკურსის წესით შერჩეული 11 ახალგაზრდისგან, რომლებიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ იქნებინ. ამ უბანზე არჩევნების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ცსკო დაასაბუთებს, რომ 15 კაციანი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიის გარეშეც შესაძლებელი იქნება არჩევნების ნორმალურად ჩატარება.

მსგავსი/Related

Back to top button