ახალი ამბები

პარლამენტმა საკამათო საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 5 თებერვალს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის ძალაუფლებას კიდევ უფრო გააძლიერებს, თუმცა პარლამენტსაც ექნება ხმის უფლება მთავრობის დაკომპლექტებისას.
 
ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენელები და  მრავალი ექსპერტი ცვლილებათა პროექტს აკრიტიკებენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებას აძლიერებს პარლამენტის ხარჯზე.
 
ცვლილებების დამტკიცებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ, რათა მოხდეს მინისტრთა კაბინეტის რაც შეიძლება მალე დაკომპლექტება.

 

“საკონსტიტუციო ცვლილებები საჭიროა, რათა მთავრობის ერთიანი, კოორდინირებული გუნდი შევქმნათ არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით. ვიცი, რომ ეს ცვლილებები საკამათო თემა გახდა. ვიცი, რომ ზოგიერთი საკითხიც მართლაც საკამათოა, მაგრამ მე ვთხოვ პარლამენტს შეინარჩუნონ ერთიანობა და საშუალება მისცენ ახალ სამთავრობო გუნდს გადადგან აქტიური ნაბიჯები ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად” – განაცხადა 5 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა.

“ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც იძლევა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მოქნილ საშუალებებს” – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში იქმნება ახალი მართვის სტრუქტურა, რომლის მიხედვით მართვის ბერკეტები პრეზიდენტზე და პრემიერ-მინისტრზე ნაწილდება. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის და დანარჩენი მინისტრებისგან. 
  
პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, იგი უფლებამოსილია თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მინისტრები, ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სხვა თანამდებობის პირები.

ამ მხრივ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა მის სრულ დაქვემდებარებაში იმყოფებიან ძალოვანი მინისტრები. პრეზიდენტს სამი – თავდაცვის, უშიშროების და შინაგან საქმეთა – მინისტრის განთავისუფლების უფლება აქვს.
 
აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის პარალელურად, 5 თებერვალს სასტუმრო “მარიოტში” საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის შესახებ მსჯელობდნენ.

“პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა ბუნდოვანია. საბოლოო ჯამში გამოგვდის ორ თავიანი მართვის სისტემა, ანუ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ორივე ხდებიან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას იურისტმა დავით უსუფაშვილმა.

“ამ პროექტის მიხედვით გამოდის, რომ გვყავს უფლებამოსილი პრეზიდენტი, რომელიც საბოლოო ჯამში არაფერზე აგებს პასუხს. ჩვენ საზოგადოებას არაფერზე არ შეგვიძლია პრეზიდენტს რაიმე გადაწყვეტილების მიღების გამო დავაკისროთ პასუხისმგებლობა. პრეზიდენტის უფლებები არის ძალიან დიდი, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის. ყოველივე ამის მიხედვით ჩვენ ვღებულობთთ დიქტატურის საფთხეს” – განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ.
 
პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უკვე გარკვეულია. მიხეილ სააკაშვილი ამ პოსტზე ზურაბ ჟვანიას წარადგენს. უკვე ფართოდ მუსირებს მოსაზრება, რომ სწორედ ზურაბ ჟვანიას ინიციატივით და მისი ინტერესების გათვალისწინებით ხდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

“ეს პროიექტი მახსენებს აღმოსავლურ სამეფო კარის სისტემას, სადაც არსებობს დიდი ვეზირის თანამდებობა. თავისუფლად შეიძლება პარალელების გავლება ვეზირის ინსტიტუტსა და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს შორის” – განაცხადა დღეს “მარიოტში” გამართულ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა დავით დარჩიაშვილმა.

თუმცა ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს მიხეილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სპეციალურად სახელმწიფო მინისტრისთვის ზურაბ ჟვანიასთავის არ შემუშავდა. “ეს არ არის მართალი” – დასძინა 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა.
 
ის ძირითადი საკითხი, რასაც არასამთავორბო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალ კონსტიტუციაში ეწინააღმდეგებიან, პარლამენტის უფლებამოსილების შესუსტებაა. კონსტიტუციის თანახმად პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება აქვს გაითვალისწინოს პარლამენტის მოთხოვნა – დაითხოვოს მთავრობა ან არ გაიზიაროს პარლამენტის გადაწყვეტილება. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს ან მთავრობას, ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს ახალ არჩევნებს.

პრეზიდენტს ასევე უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი თუ არ მოხდება პარლამენტის მიერ ბიუჯეტის პროექტის მიღება სამჯერ ზედიზედ. თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, დათხოვნის მექანიზმები გართულებულია იმით, რომ აკრძალული იქნება პარლამენტის დათხოვნა იმ შემთხვევაში, თუ მისი არჩევიდან ექვსი თვე არ არის გასული.

მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თუ ახლადარჩეულმა პარლამენტმა არ მიიღო ბიუჯეტი, ან არ მოიწონა მინისტრთა კაბინეტი, მაშინ პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება ერთპიროვნულად დაამტკიცოს ბიუჯეტიც და მინისტრთა კაბინეტიც. ასე რომ პარლამენტის პოზიციას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.
 
ამ გარემოებას ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც დაუშვებლად მიიჩნევენ. “ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია ბიუჯეტი პრეზიდენტის აქტით იქნეს მიღებული. ეს უნდა დარჩეს პარლამენტის პრეროგატივა” – ნათქვამია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნაში.

“პარლამენტის როლი ახალ კონსტიტუციაში ფაქტიურად გათვალისწინებული არ არის. ეს ნათლად ჩანს, როდესაც პრეზიდენტს უფლება აქვს მისი კანონების არ მიღების შემთხვევაში უპირობოდ მისი (პარლამენტის) დათხოვისა. მე ყოველთვის მომხრე ვიქნები ძლიერი პარლამენტის არსებობის” – განაცხადა პარლმენტის წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ.

პარლამენტის მომავალ როლზე განსხვავებული შეხედულება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომლის განცხადებით პარლამენტის უფლებები ახალი კონსტიტუციის მიხედვით კიდევ უფრო იზრდება.

“მას (პარლამენტს) ექნება საშუალება დაითხოვოს მთავრობა. ჩვენ ძლიერი ხელისუფლება და მინისტრების ერთიანი ჯგუფი გვჭირდება პრობლემების მოსაგვარებლად” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტარიზმს უქმნის საფრთხეს და საფუძველს ქმნის ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად” – განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა, რომელმაც პარტიის დატოვების შესახებ განცხადება 4 თებერვალს გააკეთა. ამის მიზეზად კი არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაასახელა.

კობა დავითაშვილის განცხადებით საკონსტიტუციო ცვლილებები ზურაბ ჟვანიას ინტერესების გათვალისწინებით ხდება და არა ქვეყნის გრძელვადიანი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
 
“ეს არის უზნეობის დიდი დემონსტრირება, რაც დღეს ხდება. ამ ახალი პროექტის ყველა მუხლი ძალიან ბუნდოვანია და ამავდროულად ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა, რაც საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება” – განაცხადა დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციააციის თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა.

ერთადერთი სტრუქტურა, რომლის ფუნქციონირებაშიც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არ ერევა, სასამართლოა, რასაც დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში მათი შეფასება ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფითია, თუმცა აცხადებენ, რომ ბევრი დადებითი პუნქტიც არის ჩადებული, თუ მოხდა მისი განხორციელბა.

კრიტიკული მოსაზრებების სიმრავლის მიუხედავად, პოლიტიკურ მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დაამტკიცებს. ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან სოციალისტები, ტრადიციონალისტები, ახალი მემარჯვენეები და აღორძინება, ასევე რამოდენიმე ცალკეული დეპუტატი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს მხარს უჭერს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერთა ერთი ნაწილი.

Back to top button