
პრეზიდენტის ანტიკორუფციული პაკეტი
კანონპროექტს პარლამენტში დიდი წინააღმდეგობა აღარ შეხვდება
27 იანვარს, ინაუგურაციიდან ორი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში შეიტანა ანტიკორუფციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საკანონმდებლო აქტების ერთიანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ჩინოვნიკებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას და რომლითაც მარტივდება თანამდებიბის პირთა პასუხისგებაში მიცემის პროცედურები.
“ჩვენ ამ კანონპროექტების განხილვას პარლამენტს დაჩქარებული წესით ვთხოვთ და იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას” – განაცხადა უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნულმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა და აქვე დასძინა, “დღევანდელი ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებას კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით უკვე ასრულებს”.
ანტიკორუფციულ კანონპროექტთა პაკეტის პრეზენტაცია 29 იანვარს უშიშროების საბჭოს მდივნის ივანე მერაბიშვილის, გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ერთობლივ ხანმოკლე პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
22-გვერდიანი კანონპროექტი თორმეტ კანონში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას. წარმოდგენილი ცვლილებებიდან ოთხი უთავრესი ნოვაციის გამოყოფა შეიძლება.
პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ქართულ კანონმდებლობაში შემოდის გარიგებითი მართლმსაჯულების პრინციპი.
ბრალდებულს შეეფარდება კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასაჯელი ან მის მიმართ საერთოდ შეწყდება სამართალწარმოება, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და გამოძიებას მიაწვდის უტყუარ მტკიცებულებებს უფრო მძიმე ან სხვა უფრო მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
ხელისუფლების მტკიცებით, გარიგებითი მართლმსაჯულება ფართოდ გამოიყენება დასავლურ ქვეყნებში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურ საშულებას წარმოადგენს.
“არ არის გამორიცხული, რომ რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის აკაკი ჩხაიძის მიმართ პროკურატურამ გარიგებითი სამართალწარმოება გამოიყენოს” – აცხადებს გენპროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი.
მრავალი დეპუტატი მიიჩნევს, რომ გარიგებებს ადგილი აქამდეც ქონდა, თუმცა ეს პროკურორსა და ეჭვმიტანილს შორის ფარულად ხდებოდა, რაც კორუფციის საფუძვლებს ქმნიდა.
“ვფიქრობ, რომ გარიგებითი მართლმსაჯულება ახდენს არსებული გარიგებების ლეგალიზაციას” – უთხრა “სივილ ჯორჯიას” Dდღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფმა “სოციალისტური” პარტიის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
“აქ საუბარია საბჭოური ინსტიტუტების გადმონაშთებთან ბრძოლაზე. აქამდე გარიგება ხდებოდა ფარულად, ქრთამით, ფარდებს მიღმა და ეს იყო კორუფციის წყარო, სწორედ ამ ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული წარმოდგენილი კანონპროექტი” – აცხადებს იდეის ავტორი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კანონპორექტშია ასახული, მაღალი თანმდებობის პირთა მიმართ უკანონო, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს. თანამდებობის პირების ქონების გაკონტროლების ერთადერთ საშუალებას ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციები წარმოადგენს.
ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს საკუთარი ქონების დეკლარაცია. ეს ინფორმაცია ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება იხილოს. თუმცა, როგორც მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, ეს ინსტიტუტი რეალურად არ მუშაობს. ხშირად ჩინოვნიკის რეალური ქონება გაცილებით მეტია, ვიდრე ეს დეკლარაციაში არის ასახული.
კანონპროეტის მიხედვით პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება აღძრას სამოქალქო სარჩელი თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონების კანონიერებასთან დაკავშირებით. თანამდებობის პირს თავად მოუწევს საკუთარი ქონების კანონიერების დასაბუთება. თუ მან ეს ვერ შეძლო ქონება კონფისკაციის გზით გადაეცემა სახელმწიფოს.
ხელისუფლება ამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების შესვლის იმედიც აქვს. ამას გარდა კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივას პრევენციული დატვირთვაც ექნება. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკებს ამ ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში კორუფციაში ჩაბმის სურვილი ნაკლებად გაუჩნდებათ.
დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტი დღევანდელმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობის დროს, 2001 წელს გამოიტანა მთავრობის სხდომაზე განსახილველად. მაშინდელი მთავრობის წევრებმა კანონპროექტის დაბლოკვით უპასუხეს. ამ ინიციატივის წინააღმდეგი იყო მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც.
ამ თემამ მოგვიანებით პარლამეტში გადაინაცვლა, როდესაც 2002 წელს, დეპუტატმა სააკაშვილმა საკანონმდებლო ინიტიატივის უფლებით მისი განხილვა მოახერხა, თუმცა შევარდნაძის მიერ კონტროლირებადმა უმრავლესობამ კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს.
კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება სისხლის სამართალწარმოების დასრულებას იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდებული ავადმყოფობის ან არასაპატიო მიზეზის გამო თავს აარიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას ანდა მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ამდენად თანამდებობის პირი ვერ აარიდებს პასუხისმგებლობას თავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი იმალება.
ეს დებულება საშულებას მისცემს სასამართლოს განაჩენი გამოუტანოს ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს ლევან მამალაძეს, რომლის მიმართაც სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული და მალვაში ყოფნის გამო საქმის წარმოება ფერხდება.
“ჩემთვის მიუღებელია დაუსწრებლად სასამართლო განაჩენის გამოტანა, რადგანაც ბრალდებულს თავის მართლების საშულება ერთმევა. ეს ძირითადად სანახაობისათვის შექმნილი მიზანია” – აცხადებს იურუსტი ზაქარია ქუცნაშვილი.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია სამართავლდამაცავი სისტემის თანამშრომლებისათვის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისათვის და ავტონომიური რესპუბლიკების თანამდებობის პირებისთვის იმუნიტეტის გაუქმება.
ანტიკორუფციულ ღონისძიებათა საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. დღევანდელი ვითარების და პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით არავის უჩნდება ეჭვი, რომ კანონპროექტს პარლამენტში დიდი წინაარმდეგობა არ შეხვდება.