ახალი ამბები

აბაშიძე ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს

მოსკოვმა აჭარის ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადა








აბაშიძემ მოსკოვში მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.
მოსკოვში სტუმრობის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე 20 იანვარს სტრასბურგს გაემგზავრა, სადაც მან ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

ქართული საინფორმაციო სააგებტი “ინტერ-პრესი” ცნობით, ასლან აბაშიძემ სტრასბურგში განაცხადა, რომ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლება შეეცდება ნებისმიერი გზით შეცვალოს ხელისუფლება აჭარაში.

სტრასბურგში ვიზიტს მიზნები, ისევე როგორც შედეგები ჯერ უნცობია, თუმცა რუსეთში სტუმრობის შედეგი უკვე 20 იანვარს გამოჩნდა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ასლან აბაშიძეს მხარი დაუჭირა და დაგმო ავტონომიურ რესპუბლიკაში აბაშიძის წინააღმდეგ მოქმედი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ექსტრემისტული“ ორგანიზაციებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „აჭარაში ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით“ შეშფოთება გამოთქვა. „ზოგიერთი ექსტრემისტულად განწყობილი ორგანიზაციის, მათ შორის „კმარას,“ მცდელობები დაძაბოს მდგომარეობა აჭარაში, არის უაღრესად სახიფათო და შეიცავს ავტონომიურ რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის საშიშროებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

„პროვოკაციულმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, რომელიც ხელს აძლევს მხოლოდ ისეთ ძალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.“

ასლან აბაშიძე სტრასბურგში შარშან დეკემბერშიც იმყოფებოდა. მაშინ იგი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვოლტერ შვიმერს შეხვდა, რომელმაც აბაშიძეს მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებაზე უარი ეთქვა. მაშინაც აბაშიძე სტრასბურგში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა.

ბოლო პერიოდში, საგრძნობლად გაიზარდა დაპირისპირება ასლან აბაშიძესა და მის ოპოზიციას შორის. მრავალი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ აბაშიძე ნელ-ნელა აჭარაში ძალაუფლებას კარგავს.

აბაშიძე დილემის წინაშე დგას. თუ იგი ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ამჯობინებს, მაშინ აბაშიძემ რეგიონში ლიბერალური ხასიათის ცვლილებები უნდა გაატაროს და მმართველობის დემოკრატიულ სტილზე უნდა გადავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას საკუთარი ერთპიროვნული მმართველობა კიდევ უფრო რეპრესიული უნდა გახადოს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მზარდ პროტესტს კიდევ უფრო გაზრდის.

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ორივე შემთხვევაში, მას ძალაუფლების შენარჩუნების ნაკლები შანსი აქვს. თუ იგი მმართველობის დემოკრატიზაციას აირჩევს, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ოპონენტებს კონკურენცია გაუწიოს და ხელისუფლება შეინარჩუნოს.

აჭარაში საპროტესტო მოძრაობას ძირითადად ორი გაერთიანება უწევს ორგანიზებას – “ჩვენი აჭარა” და “კმარა.” ამ უკანასკნელი რამოდენიმე აქტივისტი 18 ინავარს, ათ დღიანი პატიმრობის შემდეგ აჭარის სამართალდამცველებმა გაანთავისუფლეს. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც “კმარამ” ბათუმში აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატების გამოკვრა დაიწყო.

18 იანვარს ბათუმის ცენტრში შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ ინაიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. აბაშიძის ოპონენტები აცხადებენ, რომ მკვლელობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მაშინ როდესაც აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით, მკვლელობა გვარებს შორის შუღლის შედეგად მოხდაო. თემურ ინაიშვილი, “ჩვენი აჭარის” ერთ-ერთი აქტიური წევრის ძმა იყო.

“თემურ ინაიშვილის მკვლელობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა რადგან ის აჭარის ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას არ მალავდა” – აცხადებს მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკვე აჩვენა რომ იგი არ აპირებს აჭარისადმი წინა ხელისუფლების მსგავსი პოლიტიკის გაგრძელებას და აჭარის ხელძღვანელობის მხრიდან თვითნებურ ნაბიჯებზე თვალის დახუჭვას.

16 იანვარს თბილისიდან გაგზავნილმა საგამოძიებო ჯგუფმა, აჭარის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე დააკავა და ვერტმფრენით თბილისში ჩამოიყვანა რკინიგზის ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე, რომელიც ბათუმში საიმედოდ გრძნობდა თავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის მიუხედავად დაკითხვაზე არ ცხადდებოდა. მას 774 ათასი ლარის მითვისებაში ედება ბრალი.

“ჩვენ არ მოვითმენთ აჭარის მხრიდან ასეთ საქციელს. აჭარა საქართველოს ტერიტორიაა და იქ იგივე კანონები მოქმედებს, რაც მთელ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ხელისუფლებასთან დიალოგი გვსურს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა, ეს არის სახელმწიფო, რომლის იურისდიქციაც მის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს” – განაცხადა აკაკი ჩხაიძის ბათუმში დაკავების შემდეგ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

აბაშიძის წინააღმდეგ მზარდი პროტესტს აჭარის ხელისუფლება საკუთარი მხარდამჭერების შეკრებებით პასუხობს. აბაშიძის რამოდენიმე ათასი მხარდამჭერის მიტინგი ბათუმში 20 იანვარს გაიმართა.

ერთი დღით ადრე კი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გონიოში აბაშიძის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია დაარბიეს.
 
კობა ხაბაზი, რომელიც მოძრაობა “ჩვენი აჭარის” ერთ-ერთი დამფუძნებელია აცხადებს, რომ აბაშიძის ხელისუფლებიდან გადაყენება გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე შევარდნაძის.

“შევარდნაძე არასოდეს დაუშვებდა იმას რომ სისხლი დაღვრილიყო, რადგან იგი ყოველთვის ზრუნდავდა საკუთარ საერთაშორისო იმიჯზე. აბაშიძეს კი დასაკარგი არაფერი აქვს და ძალის გამოყენებას არ მოერიდება. ჩვენ ამიტომ არ ვაწყებთ აჭარაში ფართო მაშტაბიან საპროტესტო აქციებს” – აცხადებს კაბა ხაბაზი.

Back to top button