ახალი ამბები

სუსტი ოპოზიცია და ერთპარტიული პარლამენტის საფრთხე

„ვარდების რევოლუცია“ პოლიტიკურ პარტიებზე უარყოფითად აისახა








235 ადგილიან პარლამენტში 150 თავისუფალია
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 9 იანვარს საპარლამენტო არჩევნების თარიღად 28 მარტი დაასახელა. ოპოზიციური პარტიები და ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ადრეული საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმისთვის მიყენებული დიდი დარტყმა იქნება.

როგორც ცნობილია, შარშან ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2 ნოემბრის პროპორციული არჩევნების შედეგები, თუმცა ძალაშია მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების შედეგები. შესაბამისად, 28 მარტს არჩევნები პარტიული სიებით ჩატარდება და პოლიტიკური ძალები პარლამენტის 150 ვაკანტური ადგილის დასაკომპლექტებლად იბრძოლებენ.

მაგრამ ერთადერთი შეკითხვა, რომელიც დამკვირვებლებს და ახალი ხელისუფლების ოპონენტებს უჩნდებათ არის – შეძლებენ კი სხვა პოლიტიკური პარტიები გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ბურჯანაძე-დემოკრატებისა” რომლებმაც წამყვანი როლი შეასრულეს ნოემბრის რევოლუციაში, პარლამენტში მოხვედრას?

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელშეწყობით დეკემბრის ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ ამ შეკითხვაზე პასუხი უარყოფითი იქნება. “ნაციონალური მოძრაობა” და “ბურჯანაძე-დემოკრატები,” როგორც ცნობილია გაერთიანებას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი სიით აპირებენ, ასეთ შემთხვევაში ეს გაერთიანება, კვლევის შედეგების მიხედვით, ხმათა 76% დააგროვებს. სხვა პოლიტიკური პარტიები, იგივე კვლევის მიხედვით, 7%-იანი ბარიერის გადალახვასაც კი ვერ შეძლებენ.

დიდი პოპულარულობის გარდა, “ნაციონალური მოძრაობა” და “ბურჯანაძე-დემოკრატები,” უკვე უზარმაზარ ადმინისტრაციულ რესურსაც ფლობენ, რასაც ქართულ არჩევნებში ხშირად გადამწვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე.

“ერთ დროს ოპოზიციაში მყოფებმა (სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია) ახლა თავად აიღეს მმართველობის სადავეები და ოპოზიციის გარეშე დარჩნენ” – ამბობს რადიო თავისუფლების მიმომხილველი ია ანთაძე.

ანთაძემ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” რომ შევარდნაძის საარჩევნო ბლოკი მისი გადადგომისთანავე დაიშალა. ერთ დროს გავლენიანი პოლიტიკოსების ნაწილმა, რომლებიც წინა ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს პოლიტიკა დატოვეს, ერთ ნაწილზე კი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული. სხვა პარტიებმა, იმის გამო რომ ნოემბრის რევოლუციისგან შორს დაიჭირეს თავი, მოსახლეობაში მხარდაჭერა დაკარგეს.

“რა თქმა უნდა, ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რევოლუციამდე გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მაგილითად “ლეიბორისტები,” “აღორძინება,” “ახალი მემარჯვენეები,” “მრეწველები,” კვლავაც აგრძელებენ მოღვაწეობას, თუმცა მათი გავლენა და ძალა  საგრძნობლად შემცირდა ნოემბრის მოვლენების შემდეგ” – აცხადებს ია ანთაძე.

აღნიშნული პარტიები, “აღორძინების” გარდა, ცდილობდნენ დაეყოლიებინათ ახალი ხელისუფლება არჩევნები მაისისთვის, ან ივნისისთვის დანიშნულიყო, თუმცა როგორც ჩანს, ამ პარტიებს აღარ შესწევთ ძალა გავლენა იქონიონ ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.

“ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავითვალისწინეთ ზოგიერტი პარტიის წარმომადგენელის მოთხოვნა არჩევნების მაისის თვეში გადატანის შესახებ, რადგანაც უმოკლეს პერიოდში უნდა მოხდეს კანონიერების აღდგენა და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩადგომა” – განაცხადა 9 იანვარს ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიცია შიშობს, რომ მარტისთვის ვერ მოესწრება ამომრჩეველთა სიების შემდგომი დაზუსტება და რაც ყველაზე მთავარია ადრეული არჩევნები წაართმევს პარტიებს ეფექტური საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრება. ეს მათი მხრიდან დიდი შემცდომაა“ – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ.

ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ ადრეული არჩევნები საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, რის შედეგადაც მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს, ყოველგვარი ოპოზიციის გარეშე.

რამოდენიმე პოლიტიკური გაერთიანება უკვე ცდილობს რამენაირად მოერგოს რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში სრულიად შეცვლილ პოლიტიკურ რეალობას და კოალიციების ჩამოყალიბება დაიწყო.

„ტრადიციონალისტებმა“ და ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ უკვე შექმნეს ბლოკი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ბურჯანაძე-დემოკრატების” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის დასახელების შემდეგ „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აკაკი ასათიანი თავის რევოლუციონერ მოკავშირეებს გამოეყო და ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან ერთად ცალკე მემარჯვენე ძალთა გაერთიანების ჩამოაყალიბებას ცდილობს, სადაც აკაკი ასათიანი „ახალ მემარჯვენეებსაც“ მოიაზრებს.

„გარწმუნებთ, თუ ეს გაერთიანება შედგა, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“ – განუცხადა აკაკი ასათიანმა „სივილ ჯორჯიას.“

თუმცა როგოც „ახალი მემარჯვენეები“ აცხადებენ ბლოკის შესახებ კონსულტაციები ჯერ არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან არ მიმდინარეობს. 

“ჩვენ ტრადიციონალისტებთან და ედპ-სთან კონსულტაციებს არ ვმართავთ და არც მათთნ ვაპირებთ გაერთიანებას. ჩვენ ოპოზიციურ პარტიად ვრჩებით და ვაგრძელებთ კონსტიტუციის ფარგლებში ბრძოლას ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ახალი მემარჯვენეების” წევრმა დავით საგანელიძემ.

არსებობს ინფორმაცია “მრეწველების”, რომლებმაც 2 ნოემბრის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შედეგად ვერ შეძლეს 7% ბარიერის გადალახვა და პარლამენტს გარეთ დარჩნენ, “ახალი მემარჯვენეებთან” შესაძლო გაერთიანების შესახებ. ამას ჯერ-ჯერობით არც ერთი მხარე არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

“ჩვენ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის ვართ მზად, თუმცა კონკრეტულ პარტიას ჯერ-ჯერობით ვერ ვასახელებთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და უფრო გავაქტიურდებით” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ. 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილებას აპირებს 2 ნოემბრის არჩევნების დროს მეოთხე ადგილზე გასული ლეიბორისტული პარტია.

“ლეიბორისტული პარტია ძლიერი პოლიტიკური ორგანიზმია და დამოუკიდებლად ბრძოლას განაგრძობს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პარტიის წევრმა გელა დანელიამ. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ პარტიის რიგები, ნოემბრის მოვლენების დროს, რეგიონალური ორგანიზაციების 300-მდე წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა და მხარდაჭერა გაერთიანებულ ოპოზიციას გამოუცხადა.

დამოუკიდებლად მოქმედებას აპირებს “დემოკრატიული აღორძინების” კავშირი, რომლის ლიდერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე.

პარტიას საპარალემნტო არჩევნებში წარმატების მიღწევა არ გაუჭირდება თუ იგივე ტაქტიკით  იმიქმედებს, ანუ მოხდება აჭარაში არჩევნების კვლავ ტოტალური დარღვევით ჩატარება და ამ დარღვევებზე რეაგირებას არ მოახდენს ცენტრალური ხელისუფლება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

“ეს ყველაზე მწვავე საკითხია დღეისათვის, რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში თუ აჭარაში ისეთივე გაყალბებებით და ერთპიროვნულად ჩატარდება არჩევნები. ამაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არავის ექნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ აღორძიენბა იგივე მეთოდით იმოქმედებს 7% ბარიერის გადალახვა ნამდვილად არ გაუჭირდება” – განაცხადა ია ანთაძემ.

პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილიც, რომელიც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს და რომელმაც ხმათა 2%-ის მიღება შეძლო. თუმცა ის თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ჯერ არ ასახელებს.

დამოუკიდებელ ექსპერტთა ერთი ნაწილი, ერთპარტიული პარლამენტის შექმნის საფრთხიდან გამომდინარე, აცხადებენ, რომ  უნდა მოხდეს 7%-იანი ბარიერის 5%-მდე დაწევა.

„7% ბარიერის დაწევა ორი მიზნით არის გამართებული. პირველი: იმ პარტიების ხმები რომელიბ 7%-მდე იღებენ, მაგრამ ამ ბარიერს ვერ ლახავენ, პრაქტიკულად დაკარგულია, რაც ხმათა მნიშვნელოვან რაოდენობას წარმოადგენს. ამას გარდა, ამით უნდა მოხდეს პარლამენტში მხოლოდ ერთი, ან ორი პარტიის მოხვედრის შესაძლებლობის თავიდან აცილება“ – აცხადებს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დირექტორი კახა ლომაია. ამ მოსაზრებას გავლენიანი იურისტი დავით უსუფაშვილიც ეთანხმება.

მსგავსი/Related

Back to top button