
ახალი ამბები
აჭარის ხელისუფლება ოპონენტებს აპატიმრებს
თბილისი აბაშიძეს კვლავ სიფრთხილით ეპყრობა
![]() |
აჭარაში საგანგებო მდგომარეობა განახლდა. |
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით: “კმარა აბაშიძის დიქტატურა.” ბათუმში “კმარას” აქტივისტებზე შეტევა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ რეპრესიებს გამორიცხავს და 4 ახალგაზრდის ოჯახის წევრებთან ერთად დაკავების მიზეზად ყალბი დოლარების, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენას ასახელებს.
საგანგებო მდგომარეობა პირველად აჭარის ხელისუფლებამ 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის” დროს გამოაცხადა. 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მიზნით 3 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, თუმცა 7 იანვარს კვლავ განახლდა.
“კმარამ” 8 იანვარს გაავრცელა განცხადება და აჭარის ხელისუფლებისაგან მოითხოვს უკანონოდ დაკავებული აქტივისტებისა და მათი ოჯახის წევრების დაუყონებლივ გათავისუფლებას. მოძრაობა “კმარა” ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ადამიანის უფლებების დარღვევის მორიგ ფაქტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან.
“კმარას” ინფორმაციით 6 იანვარს, საღამოს 10 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა შესაბამისი სანქციის გარეშე და რიგი საკანონმდებლო ნორმების უხეში დარღვევით დააკავეს მოძრაობა “კმარას” აქტივისტები და მათი ოჯახის წევრები.
კერძოდ, დღეისათვის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ლევან ჩხარტიშვილი და მისი მამა რომეო ჩხარტიშვილი. ასევე დაკავებულნი არიან ირაკლი ხაჟომია და მისი მამა მერაბ ხაჟომია. “უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა სანქციის გარეშე გაჩხრიკეს აქტივისტების საცხოვრებელი სახლები და, ე.წ. დების» მეთოდით, «აღმოაჩინეს» იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები” – ნათქვამია განცხადებაში.
აქტიური მოძრაობის დაწყებას აპირებენ აჭარაში ერთი თვის წინ შექმნილი სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარას” წარმომადგენლებიც, რომლებიც აჭარის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან და მის შეცვლას მოითხოვენ.
“ჩვენ არ გვინდა აჭარის ხელისუფლების ქუჩაში გამოსვლებით გადაყენება, როგორც ეს თბილისში მოხდა, აბაშიძე შევარდნაძე არ არის. ეს არჩევნების ჩატარების გზით უნდა მოხდეს, მაგრამ აბაშიძე თავისი პოლიტიკით და ხალხის დაპატიმრებით კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას და შეიძლება ამ პოლიტიკით თავად მოიმკას რევოლუცია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამაზ დიასამიძემ.
როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ასლან აბაშიძე ასეთი ნაბიჯებით კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა მისთვისვე იყოს უარყოფითი შედეგების მომტანი.
“ახალგაზრდების დაპატიმრებით აბაშიძე კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას და ხალხის უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ხალხი გარეთ გამოვა აბაშიძე ყველაფერზე წამსვლელია და ამაში მას მისი მოკავშირის რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ ამით ცეცხლს ეთამაშება” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.
თუმცა, საპროტესტო აქციების გამართვა ბათუმში ამჟამად პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან რეგიონში კვლავ განახლდა საგანგებო მდგომარეობა. მოძრაობა “ჩვენი აჭარას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამაზ დიასამიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ჯერ კიდევ 23 ნოემბერს აჭარაში შემოღებული საგანებო მდგომარეობის გამო შეიტანა.
8 იანვარს დანიშნული სასამართლო პროცესი 14 იანვრამდე გადაიდო და ამის მიზეზად მოსამართლემ 7 იანვარს ხელმეორედ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის განკარგულების წარდგენა მოითხოვა.
“საგანგებო მდგომარეობა 23 დეკემბერსაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით მოხდა, რადგანაც საგანგებო მდგომარეობის შემოღება მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს პარლამეტის დადასტურებით შეუძლია. ასლან აბაშიძემ მართალია ეს ნაბიჯი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე დაყრდნობით გადადგა, მაგრამ ესეც უკანონობაა, რადგანაც ამის რეალური საფუძველი ნამდვილად არ არის. აქ ყველაფერი იურიდიული კაზუსია. ყველაფერ ამაზე რეაგირება თავად ხელისუფლებას თავის დროზე უნდა მოეხდინა” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული.
აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით რეაგირებას არ ახდენს ახალი ხელისუფლება, რომელსაც თავის დროზე არც საგანგებო რეჟიმის შემოღება გაუპროტესტებია. ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ.
“ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სხვა პოზიციაზე მყოფი ხალხის დაპატიმრება დაუშვებელია ახალ საქართველოში” – განაცხადა 7 იანვარს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
“ზედმეტი საუბრებით და კომენტარებით არ ღირს პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა” – განაცხადა 8 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ.
“როგორც ჩანს ხელისუფლება ჯერ აჭარასთან მიმართბაში მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ერიდება და ფრთხილობს, რადგანაც უფრო არ დაიძაბოს სიტუაცია. ახლა მართლა დაფიქრებაა საჭირო” – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილმა.
აჭარაში არჩევნების ჩატარება ასლან აბაშიძესთან, დეკემბერში ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას მოლაპარაკებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში ბათუმს სამჯერ ესტუმრა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და აბაშიძესთან მოლაპარაკებები გამართა. ოფიციალური წინასწარი მონაცემებით აჭარის მოსახლეობის უმარავლესობამ ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა. თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა აჭარაში არც თუ ისე მაღალი იყო, როგორც დანარჩენ საქართველოში.
“ეს არჩევნები არაპირდაპირი რეფერენდუმი იყო ასლან აბაშიძის მიმართ. ამ პოლიტიკური სიტუაციის ფონზე რა ამომრჩეველიც მოვიდოდა, აშკარა იყო რომ სააკაშვილს მისცემდა ხმას, ამით კი აბაშიძეს უნდობლობას გამოუცხადებდა. იგი შეეცადა ბოიკოტის ტაქტიკით ამომრჩეველთა კოეფიციენტი დაეგდო. თუ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი გამოუცხადებდა ნდობას სააკაშვილს, უნდობლობის რეფერენდუმი შედგებოდა. რომ არ ყოფილიყო საგანგებო მდგომარეობა და საარჩევნო კამპანია გაცილებით დროულად დაწყებულიყო, ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით მაღალი იქნებოდა. ამით მან უნდობლობის რეფერენდუმი თავიდან აიცილა, მაგრამ არჩევნებზე მოსული 75 ათასი კაცი ყველა მისი მოწინააღმდეგეა. თუ აბაშიძე კვლავ ავანტიურებს მიმართავს, ეს ხალხი ქუჩაში გამოვა” – განაცხადა თამაზ დიასამიძემ.
მისი თქმით აბაშიძის აღზევებაში ცენტრალურიმა ხელისუფლებამ დიდი როლი ითამაშა, რომელიც 10 წლის განმავლობაში თვალს ხუჭავდა ყველა უკანონობაზე, რაც აჭარაში ხდებოდა.
“აჭარა ფულის შოვნის ცეხად გადააკეთეს. აბაშიძემ არა მარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეუქმნა საფრთხე, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ამ კაცთან კომპრომისი არ შეიძლება, მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია არ უნდა მოხდეს, არამედ იგი საბოლოოდ უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას. თუ მასთან თანამშრომლობას დაიწყებენ და შეეცდებიან რაღაცნაირ თანაარსებობაზე წასვლას, გაიწირებიან” – აცხადებს თამაზ დიასამიძე.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით ხელისუფლება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს აჭარის ხელმძღვანელობასთან მიმართებაში. იგი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან გარიგებაზეც წავიდეს.
“სავსებით შესაძლებელია მოხდეს რუსეთთან გარიგება აბაშიძის რეჟიმის ჩამოშორების მიზნით. მისი დასაყრდენი მხოლოდ რუსეთია. რუსეთს კი აბაშიძე აჭარაში განლაგებული სამხედრო ბაზების შენარჩუნებისთვის უნდა. სავსებით შესაძლებელია მოხდეს გარიგება ბაზების დროებით დატოვების თაობაზე, სანაცვლოდ კი აბაშიძის რეჟიმის შეცვლა მოხდეს. ახლა ქვეყნის ინტერესებისთვის ეს პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაზების ყოფნა არ ყოფნა” – მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.
აღინიშნავია, რომ უკვე მეორე დღეა მოსკოვში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, რომელიც შეხვედრებს მართავს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით.