ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების სახით მორიგი გამოცდა ელის







დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არჩევნებით
საქართველო ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა.
საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დემოკრატიის პირველი გამოცდა წარმატებით გაიარა, რადგან 4 იანვარს ჩატარებულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისას სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების სახით კიდევ უფრო სერიოზული გამოცდა ელის წინ. 

ეუთო-სა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ 4 იანვრის არჩევნებით საქართველო “ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა.”

“ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ ევროპაში ყველაზე ახალგახრდა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მივულოცოთ გამარჯვება. ამ არჩევნებმა საქართველოსადმი იმედი დაგვიბრუნა. ახლა მთავრობას აქვს შესაძლებლობა და რაც უფრო მნიშვნელოვანია ვალდებულება, გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს” – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას ეორშიმ.

მთავარი რასაც დამკვირვებელთა მისია აღნიშნავს ხელისუფლების მხრიდან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ნების გამოხატვაა, რამაც შესაძლებელი გახადა არჩევნების ნორმალურად გამართვა.

“ეს არჩევნები გაცილებით ორგანიზებულად ჩატარდა, ვიდრე წინა არჩევნები. ხელისუფლებამ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად პოლიტიკური ნება გამოავლინ, რაც  განსაკუთრებული დარღვევებით წარმართული 2003 წლის 2 ნოემნბრის საპარლამენტო არჩევნებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა” – განაცხადა თბილისში 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბრიუს ჯორჯმა. 

არჩევნებს ეუთო-ს წევრი 38 ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 450 საერთაშორისო დამკვირვებლი აკვირდებოდა. ამას ემატება დაახლოებით 3,000-მდე ადგილობრივი დამკვირვებელიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, მათი ადგილობრივი კოლეგები არჩევნების პროცესის დაკვირვებისას ნაკლებ აქტიურობას იჩენდნენ. 
 
დადებითი შეფასებების პარალელურად დამკვირვებელთა მისია ნეგატიურ ტენდეციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი, რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო არჩევნების დროს არაკონკურენტული გარემოა.

“ეს არ იყო სრულყოფილი არჩევნები. ამას კრიტიკად ნუ ჩათვლით, მაგრამ არ იყო კონკურენცია წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, რაც ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს. ამავე დროს დაფიქსირდა მცირე მაშტაბის დარღვევები, ბიულეტენების ჩაყრა, რამდენიმე უბანზე, თუმცა მასშტაბურ დარღვევებს ადგილი არ ჰქოინია, რაც ნამდვილად დასაფასებელია” – განაცხადა მათიას ეორშიმ.

დამკვირვებელბი მართალია წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ იმას, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარდა, მაგრამ აქვე დასძენენ, რომ აჭარის ხელისუფლებამ არ გამოავლინა ნება, რომ შეექმნა საკმარისი პირობები, რათა ამ რეგიონში სრულფასოვანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უზრუნველყო.

დამკვირვებლები, ასევე აღნიშნავენ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ არსებულ პირობებში და დროის სიმცირიდან გამომდინარე წინასწაერი რეგისტრაციის მეშვეობით გაკეთებული სიები საუკეთესო გამოსავალი იყო.

“ამ სიებით მომავალში არჩევნების ჩატარება არ უნდა მოხდესა, საჭიროა მისი დახვეწა და დაზუსტება” – განაცხადა ბრიუს ჯორჯმა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკრიტიკეს საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული პოლიტიკური დისბალანსი. სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლება უკვე გამოთქვეს.

ტრადიციონალისტთა ლიდერის აკაკი ასათიანის განცხადებით “ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციებზე სრული კონტროლით სარგებლობს.” მისი თქმით საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს ვითარება აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

რაც შეეხება მომავალ საპარლამენმტო არჩევნებს, დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია ხელისუფლებას შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს: ადმინისტრაციული რესურსები არ იქნეს უკანონოდ გამოყენებული და ამრიგად შექმნას თანაბარი პირობები ყველა პარტიისათვის; ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ოპოზიციური პარტიების ადეკვატური წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, რათა გაიზარდოს გამჭირვალობა და საზოგადოების ნდობა.

ამასთან ერთად საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სიების კომპიუტერიზაცია, კონსოლიდაცია და ცენტრალიზაცია. განაგრძოს დიალოგი აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა შექმნას სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის ხელშემწყობი გარემო.

“საქართველოში განვითარებული მოვლენების და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაჩნდა ახალი იმედები, მაგრამ დარჩა ძველი პრობლემები, რომლის მოგვარებაც ახალმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს. თუ რამდენად შეძლებს დემოკრატიული პრინციპების განხორციებას და განვითარებას, ამის პირველ ნაბიჯებს, ჩვენ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს დავინახავთ. მომავალი არჩევნბი ამ ხელისუფლების ერთგვარი გამოცდა იქნება. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან დახმარებას აღმოუჩენთ მათ” – განაცხადა მათიას ეორშიმ.

“ჯერ კიდევ ორი თვის წინ თქვენს წინაშე ამავე ადგილას ვიჯექი და უარყოფით შეფასებას ვიძლეოდი 2 ნოემბრის არჩევნების შესახებ, ახლაც თქვენს წინაშე ვზივარ და დადებით შეფასებას ვაძლევ 4 იანვარს ჩატარებულ არჩევნებს, ვიმედოვნებ, რომ მესამეჯერაც მომიწევს თქვენს წინაშე ასე წარსდგომა  და კარგი იქნება თუ გაცილებით მაღალ შეფასებას მივცემ უკვე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული “ – განაცხადა ბრიუს ჯორჯმა.

მსგავსი/Related

Back to top button