
უცხოელ დამკვირვებელთა თქმით, არჩევნებმა საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა
ეუთოს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დამკვირვებელთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა წინა არჩევნებთან შედარებით, ეს იყო ნაწილობრივი გამოცდა საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებისა.
„ამ არჩევნებმა საქართველო დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპასთან უფრო დააახლოვა“, – განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დემეტრიო ვოლჩიჩმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების წინასწარი შეფასება გააკეთეს.
„ხელისუფლებამ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად პოლიტიკური ნება გამოავლინა, რაც განსაკუთრებით დარღვევებით წარმართული 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა“, – განაცხადა ბრიუს ჯორჯმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომელიც ეუთოს მოქმედი თავჯდომარის მიერ მოკლევადიან დამკვირვებელთა განსაკუთრებულ კოორდინატორად იქნა დანიშნული.
„ამ არჩევნებმა იმედი გადვიბრუნა. ახლა, ახალ მთავრობას აქვს შესაძლებლობა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვალდებულება, გაუფრთხილდეს ამას. მომავალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ხელისუფლებისთვის ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილიბელი ნების და უნარის ნამდვილი გამოცდა იქნება“, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშიმ.
დამკვირვებელთა განცხადებით, აშკარა პროგრესი შეინიშნებოდა საარჩევნო პროცესის ჩატარების, ამომრჩეველთა ახალი სიის, საკანონმდებლო ბაზის და ზოგადად, არჩევნების ადმინისტრირების სფეროში.
თუმცა, მათი თქმით, პრობლემებიც აშკარა იყო.
„განსაკუთრებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული პოლიტიკური დისბალანსი და საარჩევნო ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ არჩევნებში მონაწილეთა მიმართ გამოვლენილი მიკერძოებულობა. არ იყო ჭეშმარიტად კონკურენტული გარემო. შემდგომი პროგრესი აუცილებელია“, – განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა კრეიგ ჯენესმა.