skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი პრიორიტეტებზე საუბრობს







სააკაშვილი ჟვანიას პრემიერ მინისტრის პოსტზე
წარადგენს.
მიხეილ სააკაშვილმა, “ეგზით პოლების” შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მან ხმათა 85%-ზე მეტი მიიღო, პრესკონფერენცია გამართა და იმ აუცილებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელსაც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ განახორციელებს.

საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და მინისტრთა კაბინეტის შემოღება, ასევე ანტიკორუფციული კანონპროექტის მიღება – ეს, სააკშვილის თქმით, მისი სამი ძირითადი პრიორიტეტი იქნება.

“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შემუსავებით შევძლებთ უფრო მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით აუცილებელია პრემიერ მინისტრის პოსტის შემოღება, რომელზეც ზურაბ ჟვანიას კანდიდატურის წარდგენა არის დაგეგმილი.

მისი თქმით მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება. “ჯერ-ჯერობით ვერ ვისაუბრებ ჩემი ოფიციალურად პრეზიდენტად გახდომის შემდეგ თუ რომელი თანამდებობის პირი და მინისტრი შეინარჩუნებს პოსტს. მცირე ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ არა მაშტაბური. ვინც საქმეს და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ის თანამდებოებზე დარჩება, ჩვენი თვითმიზანი არ არის ხალხის თანამდებობებიდან გადაყენება” – აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი. 

საპარლამენტო არჩევნების ვადების განსაზღვრის შემდგომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატები” ერთობლივად წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებშიც ერთიანი სიით გამოვლენ.

“ჩვენი გაერთიანება გრძელვადიანი იქნება და ამ გამარჯვების შემდგომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევა იქნება. ამ პროცესს და ჩვენ ერთობლივ სიებს კი სათავეში ნინო ბურჯანაძე ჩაუდგება. მე კიდევ ერთხელ მომიწევს ქართველ ხალხზე მოწოდება უკევ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისაკენ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, ამ მხრივ სააკაშვილი რადიკალური ნაბიჯების გადადგმის დაპირებას იძლევა, რათა როგორც თავად აცხადებს, “საბოლოოდ გახდეს შესაძლებელი ამ ქვეყნის გაწმენდა.”

ჯერ კიდევ იუსტიციის მინისრად ყოფნის პერიოდში 2001 წელს, მან პრეზიდენტ შევარდნაძეს და მთავრობას წარუდგინა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ დაბლოკა. როგორც ჩანს, სააკაშვილი კვლავ შეეცდება ამ კანონპროექტის ამოქმედებას.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ შეძლებს თანამშრომლობას საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთან ასლან აბაშიძესთან.

“მართალია აჭარაში არჩევნების დროს ამომრჩეველზე გარკვეულ ზეწოლას ადგილი ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არა ასალნ აბაშიძის მხრიდა. მე მზად ვარ ვითანამშრომლო მასთან, რადგან საქართველოს პრეზიდენტად არჩევით მე აჭარის მოსახლეობის პრეზიდენტიც ვხდები” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე შევძლებ საერთო ენის გამონახვას აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც საქართველოს ტერიტორიული მთალიანობის აღდგენის გზების გამონახვის საშუალებას მოგვცემს” – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში არ შეიცვლება კურსი და უფრო მჭიდრო ურთიერთობები დამყარდება ევროპულ ქვეყენბთან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 

“ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია ჩვენი პრიორიტეტია. ასევე აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთეს და რა თქმა უნდა რუსეთი, რომელთანაც მჯერა, რომ უფრო ახალი ტიპის კავშირების დამყარებას შევძლებთ და ამისთვის მე მზად ვარ” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. იგი მადლობას უხდის ქართველ ხალხს არჩევნებში მხარდაჭერისთვის და ასეთი აქტიურობისთვის.

მან მადლობა მოუხადა ამომრჩეველს მაღალი ქტიურობისთვის და მისდამი გამოჩენილი ნდობისთვის. 

“ასეთი აქტიურობით არჩევნების დროს საქართველოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა. ვხდები ამ მხარდაჭერით რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ ყველა ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ რათა ქართველი ხალხის იმედები გავამართლოთ და დარწმუნებული ვარ მთელი მსოფლიო დაინახავს და დადებითად შეაფასებს ქვეყენაში ასე სუფთად და გაყალბების გარეშე ჩატარებულ არჩევნებს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამერიკული კომპანია „გლობალ სტრატეჯი გრუფ“-ის მიერ განხორციელებული „ეგზით პოლების“ შედეგებით, მიიხეილ სააკაშვილმა ხმათა 85,6% მიიღო. პრეზიდენტობის დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღო. თემურ შაშიაშვილმა და როინ ლიპარტელიანმა – 0,4% , ხოლო ზაზა სიხარულიძემ და ქართლოს ღარიბაშვილმა – 0,1% თითომ. 

პირველადი ოფიციალური შედეგები 5 იანვარს გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო შედეგები არჩევნების ერთი კვირის თავზე გახდება ცნობილი. თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ ოფიციალური შედეგები „ეგზით პოლის“ შედეგებისგან დიდად არ იქნება განსხვავებული. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 1,7 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად არჩევნები ჩატარებულად ცხადდება.

მსგავსი/Related

Back to top button