
ახალი ამბები
აჭარაში საარჩევნო უბნები გაიხსნება
![]() |
აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა 3 იანვარს გაუქმდა. |
თუმცა ხელისუფლებისთვის ბათუმიდან მოსული ოპტიმისტური ინფორმაციის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მაინც ფრთხილად ეკიდებიან აბაშიძის განცხადებებს.
“ჩვენ გვეშინია იმის, რომ 4 იანვრის არჩევნები არ შედგეს. ის რომ აჭარა არჩევნებში მონაწილეობას იღებს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მშვიდად ყოფნა მხოლოდ 4 იანვრის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც აჭარიდან არჩევნების საბოლოო შედეგები გამოიგზავნება და არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. აჭარიდან ყველანაირი სიურპრიზია მოსალოდნელი” – განაცხადა 30 დეკემბერს პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ჩუბინიშვილმა.
თავად აჭარის მოსახლეობის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ აბაშიძის განცხადების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხი საარჩევნო უბნებზე არ მივიდნენ.
“დაშინება და ზეწოლა ამომრჩეველზე უკვე დიდი ხანია დაწყებულია, განსაკუთრებით მთიან სოფლებში. ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან და ხალხს აფრთხილებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. ამით მოხდება მცირე რაოდენობის ამომრჩევლის დაფიქსირება და არჩევნების შედეგები შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი მასალკინმა.
მოსახლეობაში შიშის ფაქტორის არსებობა აჭარაში აშკარაა. სანამ ბათუმის ქუჩებში გამვლელი ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემას დაიწყებს ის ყურადღებით გაიხედ-გამოიხედება და თუ ვინმე საეჭვო პიროვნებას გარშემო ვერ შენიშნავს საუბარს დაიწყებს, თუმცა საუბრის დიქტოფონზე ჩაწერაზე ცოტა ვინმე თუ დაგთანხმდებათ.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ერთი ნაწილი სრულ საინფორმაციო ვაკუუმშია. ბევრმა ისიც კი არ იცის საერთოდ გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები აჭარაში.
“ჩვენ არ ვიცით მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა, ისე დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ბათუმელმა გოგონა მეძმარიაშვილმა 29 დეკემბერს, მაშინ როდესაც ასლან აბაშიძემ არჩევნების მონაწილეობის შესახებ განცხადება 28 დეკემბერს გააკეთა.
“ნამდვილად არ ვიცი იღებს თუ არა აჭარა მონაწილეობას და ვინ არიან პრეზიდენტობის კანდიდატები, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. დარწმუნებული ვარ უმეტესობა სწორედ მას მისცემს ხმას. Aამ არჩევნებით ჩვენ მომავალში ცენტრსა და რეგიონებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამოსწორების იმედი გავქვს” – განაცხადა ბათუმში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა თემურაზ ბუკიამ.
ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ აჭარაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაუწყებლობა დღემდე შეწყვეტილია. შეუძლებელია მის ვებ-გვერდზეც შესვლა.
![]() |
ჭიაბერაშვილი და შამილაშვილი ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიებს ათვალიერებენ |
როგორც ცნობილია საქართველოს მაშტაბით სიები, ძირითადად, ამომრჩეველთა რეგისტრაციის მეშვეობით შედგა, როდესაც ამომრჩეველი თავად მიდიოდა საარჩევნო უბანში და ამომრჩევნლის სპეციალურ ფორმას ავსებდა. იმის გამო, რომ აჭარის ხელმძღვანელობა არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, ავტონომიურ რესპუბლიკაში ეს პროცედურა არ განხორციელდა.
რაც შეეხება იმ სიებს, რომლებიც აჭარაში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოიყენეს, მისდამი ნდობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გააჩნია. ამიტომ ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ “აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 4 იანვარს საარჩევნო უბნებზე გამოცხადების და რეგისტრაციის მიხედვით უნდა დადგინდება,” თუმცა ამის თაობაზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
“აჭარაში ამომრჩეველთა სიების საკითხი კვლავაც კონსულტაციების საგანი რჩება” – განაცხადა უკვე თბილისში 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
“სულ აჭარაში ბოლო მონაცემებით დაახლოებით 289 ათასი ამომრჩეველია დაფიქსირებული. თბილისიდან ბიულეტენების გადმოგზავნაც ამ რაოდენობით უნდა მოხდება” – განაცხადა “სივილ ჯორჯიას” აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ედნარ შამილიშვილმა.
თუმცა მრავალი დამკვირვებელი და პოლიტიკური პარტია ამ ციფრს ეჭვქვეშ აყენებს და მას გაბერილად მიიჩნევს. სწორედ ამით არის განპირობებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის უნდობლობა აჭარაში შედგენილი სიებისადმი.
პრობლემების მიუხედავად მრავალი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში ყველაზე მთავარი აბაშიძის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ აჭარაში საარჩევნო უბნები გაიხსნება.
“არ ვიცი თუ როგორ მიმტევებლურ პოზიციებს დაიკავებს ცენტრი რეგიონის მიმართ და როგორ ჩატარდება აჭარაში არჩევნები, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ქართველი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული. არჩევნების განსაკუთრებულ ვითარებაში ჩატარება კანონით გათვალისწინებული ბევრი საკითხის დროულად მოგვარებას ვერ ახერხებს, თუმცა ახლა მთავარია კანონის პოლიტიკის სიბრტყეში გადატანა. სამართლებრივი სახელმწიფო მართალია კარგია, მაგრამ ამას შექმნა უნდა და ეს თქვენზეა უკვე დამოკიდებული” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ევროპის საბჭოს ექსპერტმა ბერნარ ოუენმა.
როგორც, აჭარის ხელისუფლება აცხადებს, არჩევნებს რეგიონში, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს.
აჭარაში არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ დამატებით კონსულტაციების გასამართად სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ასლან აბაშიძესთან ბათუმში უკვე მეორედ 30 დეკემბერს გაემგზავრა.
მისი თქმით, ასლან აბაშიძესთან შეხვედრისას განხილვის ძირითადი საკითხები 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა იქნება.