
ამომრჩეველთა სიების ფორმირება დასასრულს მიუახლოვდა
ცსკო აჭარიდან მოსულ სიებს არ ენდობა
25 დეკემბერს ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საარჩევნეო სიებში მოხვედრისათვის საჭირო რეგისტრაციის პროცედურა მილიონ 739 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გაიარა. ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარდა საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდა.
“მე კმაყოფილი ვარ ამომრჩეველთა აქტიურობით და ვფიქრობ, რომ რეგისტრაციის მონაცემი – 1 700 ათასი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია” – განაცხადა 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ცსკ-ოს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
სიების ფორმირების საერთო ქართული სივრციდან მოწყვეტილია აჭარის რეგიონი. აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე აჭარის ავტონომიის მეთაურთან ასლან აბაშიძესთან მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის და შემდგომში სახელმწიფო მონისტრის ზურაბ ჟვანიას ორრაუნდიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო.
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არ არის გარკვეული 4 იანვარს აჭარაში უბნების გახსნის ბედი. აჭარაში არ ჩატარებულა არც ამომრჩეველთა რეგისტრაცია. აჭარაში კეთდება განაცხადებები, რომ უბნები მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. თავის მხრივ ცსკ-ოც მზად არის აჭარის უბნების ტექნიკური უზრუნველყოფისათვის, მაგრამ ბუნდოვანი პოლიტიკური სიტუაციის გამო შესაძლოა ეს საკითხებიც დროის სიმცირის გამო პრობლემად იქცეს.
“ცსკ-ო არ შეიძლება იყო პოლიტიკური დაძაბულობის და კონფლიქტური სიტუაციების მძევალი. ჩვენ ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ აჭარიდან ისევე ველოდით ინფორმაციას, როგორც ამას დანარჩენი 69 საარჩევენო ოლქიდან ვიღებდით რეგულარულად” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ცსკ-ო არ ცნობს 2 ნოემბრის არჩევნებში აჭარაში გამოყენებულ საარჩევნო სიებს, რადგან საზოგადოების ნდობა ამ სიების მიმართ ძალზე დაბალია.
2 ნოემბრის არჩევნებზე აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 300 ათასს აღწევდა, თუმცა როგორც არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები, ასევე მრავალი პოლიტიკური პარტია ამ ციფრს ეჭვქვეშ აყენებდა და მას გაბერილად მიიჩნევდა.
“აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდება ამომრჩეველთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც მივა უბანზე არჩევნების დღეს ხმის მისაცემად” – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
15-25 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი ორ პარალელურ რეჟიმში წარიმართა. დიდ ქალაქებში ამომრჩეველი აქტიური იყო და თავად მიდიოდა უბნებზე რეგისტრაციის გასავლელად, ხოლო სოფლებსა და რაიონებში შედარებით დაბალი აქტივობის გამო საუბნო კომისიების წევრები თავად აკითხავდნენ საცხოვრებელ ადგილებში მოსახლეობას და ამ გზით ხდებოდა მათი საარჩევნო რეგისტაცია.
ზუსტად ვერავინ ამბობს, თუ რამდენი ამომრჩეველია ამჟამად საქართველოში. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საუბარი იყო დაახლოებით 2,6-2,7 მილიონ ამომრჩეველზე, თუმცა ამ ციფრს მრავალი პოლიტიკური პარტია გაბერილად მიიჩნევდა.
“ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე შედგენილი საარჩევნო სიები ბევრად უფრო ზუსტად ასახავს ამომრჩველთა რაოდენობას, ვიდრე ეს 2 ნოემბრის არჩევენებზე იყო” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1 700 ათასი – წინასწარი რეგისტრაცის მონაცემი არ არის საბოლოო ციფრი, რომლითაც განისაზღვრება საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა. 29 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება ერთიან სიაში ცვლილებების შეტანა.
ამას დაემატება იმ ამომრჩეველთა რაოდენობაც, რომელმაც წინასწარი რეგისტრაცია ვერ გაიარა, თუმცა 4 იანვარს საარჩევნო უბანზე გამოცხადდება. ასეთ ამომრჩეველს უფლება ექნება გააკეთოს არჩევანი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან ეს დამატებითი სიების შემოღებასთან და შესაბამისად ე.წ. “კარუსელთან” ასოციერდება. თუმცა როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, “კარუსელებს” ადგილი არ ექნება, რადგან ამომრჩეველთა მარკირება ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა უბანზე ხმის მიცემის შესაძლებლობას ამცირებს.
ამ იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ. საქართველოს მოქალაქის ირაკლი კოტეტიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დაკმაყოფილდა და დროებით შეჩერდა საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი ნორმის მოქმედება, რომელიც კრძალავს არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში ერთიან სიაში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ცვლილებების შეტანას.
მრავალი დამკვირვებელი, მათ შორის ევროპის საბჭოს წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ სიების შედგენა წინასწარი რეგისტრაციის გზით, არსებულ ვითარებაში, საუკეთესო გამოსავალი იყო, რათა რეალურთან მიახლოებული ამომრჩეველთა სიები შემდგდარიყო.