
ახალი ამბები
ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტს წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა
![]() |
პუტინმა და ბურჯანაძემ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს |
24-25 დეკემბერს გამართული ვიზიტისას ნინო ბურჯანაძე ასევე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს და რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავჯდომარეს. ბურჯანაძის განცხადებით, მისი ვიზიტი „ქართულ-რუსული ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას “ ისახავდა მიზნად.
ორი ქვეყნის ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრით და განაცხადეს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების დრო დადგა.
„მე დავინახე ნება ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისი განცხადებით, „რუსეთი ნამდვილად არ არის გულგრილი ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის მიმართ“.
მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მათი შეხვედრა „საკმაოდ გულწრფელი იყო“ და რომ მათ „მთელი რიგი მტკივნეული საკითხები განიხილეს, მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და სავიზო რეჟიმის საკითხები.“
„ჩვენი მიზანია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია; თუმცა საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან არ ეწინააღმდეგება საქართველოს მეგობრობას რუსეთთან“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების „მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია“. „რუსეთს შეუძლია ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს“ – დასძინა მან.
ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებას აფხაზეთში. „აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ქვეყანა კი ჩვენ ერთი გვაქვს – საქართველო“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის მიერ 24 დეკემბერს გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან საქართველო ტერორისტებისა და ჩეჩენი მებრძოლების მფარველობაში დაადანაშაულა. გასული წლების განმავლობაში პანკისის ხეობა კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობები საგრძნობლად გაამწვავა.
„საქართველო კვლავ რჩება ტერორისტთა თავშესაფრად, რომლებიც პანკისის ხეობიდან რუსეთში გადადიან“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პანკისის ხეობას 20 დეკემბერს ეწვია და გასული წლის ზაფხულიდან ხეობაში განლაგებული შინაგანი ჯარის საგუშაგოები მოინახულა. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების განცხადებით, ხეობაში განხორციელებული ანტი-კრიმინალური ოპერაციის შედეგად, პანკისში შეიარაღებული დაჯგუფებები აღარ იმყოფებიან.
საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები კიდევ ერთი საკითხია, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებს ძაბავს. ეს საკითხი ნინო ბურჯანაძის რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი ივანოვთან შეხვედრის დროს იქნა განხილული.
დეკემბრის დასაწყისში მაასტრიხტში გამართული ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა რუსეთს სამხედრო ბაზების გამოყვანის თაობაზე 1999 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა.
მოსკოვში 25 დეკემბერს ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის დროს, სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ სულ ცოტა 11 წელიწადია საჭირო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გასაყვანად.
ეს ვადები მიუღებელია თბილისისთვის. საქართველო სამი წლის ვადაში მოითხოვს რუსული ბაზების გამოყვანას ბათუმიდან, ახალქალაქიდან და გუდაუთიდან.
ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის დროს მხარეებმა რუსეთ-საქართველოს სავიზო რეჟიმის საკითხიც განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული სავიზო რეჟიმი „აბრკოლებს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, პუტინი ამ საკითხის შესწავლას სპეციალურ სამთავრობო ჯგუფს დაავალებს.
რუსეთის ცალმხივმა გადაწყვეტილებამ 9 დეკემბრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. თბილისმა რუსეთი სუვერენიტეტის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.