skip to content
ახალი ამბები

რუსი ექსპერტი მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების დათბობას არ ელის

ინტერვიუ მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორის მოადგილე დმიტრი ტრენინთან

მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორის მოადგილე დმიტრი ტრენინი “სივილ ჯორჯიას” რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. სატელეფონო ინტერვიუ რუსეთში ახლახანს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე შედგა.

რუსი ექსპერტის თქმით თბილისსა და მოსკოვს შორის ამჟამიდელი ურთიერთობები “ქარიშხლის წინ სიწყნარეს” გავს. მისი თქმით რუსეთისთვის მთავარ პრიორიტეტს “სტაბილური საქართველო და საქართველოში ისეთი ხელისუფლების არსებობა წარმოადგენს, რომელიც მოკსოვის აზრს გაითვალისწინებდა.”

რუსეთში ახლახანს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალებმა სრული მარცხი განიცადეს. რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე არჩევნების შედეგებმა?  

ლიბერალური პარტიები იმ სახით, როგორითაც ამჟამად არსებობენ, აღარ პასუხობენ რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნებს, ანუ მათი მხარდამჭერთა რიცხვი არჩევნებიდან არჩევნებამდე სულ უფრო მცირდება, განსაკუთრებით კი ეს გაერთიანება “იაბლოკოს” ეხება.

მე ვიტყოდი, რომ დადგა დრო რუსი ლიბერალების პოლიტიკური სტრუქტურების რეორგანიზაციისთვის. ლიბერალები კარგად მუშაობენ მთავრობაში. რუსეთის მთავრობა და მისი ეკონომიკური ბლოკი ძირითადად ლიბერალებისგან შედგება, მაგრამ ლიბერალებმა ჯერ ვერ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილთან და ამაშია მათი პრობლემა.

თავად პარლამენტი დიდ გავლენას ვერ ახდენს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. მთავარი ისაა თუ რა განწყობები იქნება რუსულ მმართველ ელიტაში. თუმცა, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგები სერიოზულად დაფიქრების საბაბს იძლევა, და არა მარტო არჩევნები. მიმდინარე წელს რუსეთის საგარეო პოლიტიკამ, ფაქტურად უკან დაიხია გეოგრაფიული თვალსაზრისით და დსთ-ს ფარგლებში მოექცა. გარკვეულწილად ბალტიისპირეთიც კვლავ რჩება რუსეთის ყურადღების სფეროში. მსიფლიოს სხვა რეგიონებში, ფაქტიურად, რუსეთმა დაკარგა აქტიური მოთამაშის როლი, საუბარია ბალკანეთზე, ერაყზე, ჩრდილოეთ კორეაზე.

სხვა მხრივ, რუსული ელიტა, ეკონომიკური ელიტა სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. მე ვიტყოდი, რომ თეზისმა იმის თაობაზე, რომ დსთ-ის ქვეყნებს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული მნიშვნელობა უკავიათ, პირველად შეიძინა რეალური შინაარსი. დღემდე ეს სრულიად ცარიელი ლოზუნგი იყო. ახლა კი, ვფიქრობ, რომ ამ ლოზუნგის უკან ეკონომიკური ხასიათის კონკრეტული ინტერესები დადგას, ასევე პოლიტიკური ინტერესები. ასე, რომ უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია რუსეთის კიდევ უფრო დიდი აქტიურობა დსთ-ის სივრცეში, და რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაშიც.

რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები ვფიქრობ, რომ მეტწილად იმ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დაიკავებს, და პირველ ყოვლისა ის, ვისაც 4 იანვარს საქართველოს პრეზიდენტად აირჩევენ. თუმცა, 4 იანვრამდეც არის რაღაც დრო, და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის კონტაქტები რუსეტის ხელისუფლებასთან.

მოსკოვში ახლახანს შემდგარი შეხვედრა საქართველოს სამი სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელებს შორის (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერთა და ასლან აბაშიძის შეხვედრა), ჩემი აზრით, სიგნალი იყო თბილისისა და ვაშინგტონის მიმართ, და ეს სიგნალი არაორაზროვნად ამბობს იმას, რომ რუსეთს სერიოზული ინტერესები აქვს უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან მიმართებაში და რუსეთი ამ ინტერესებს დაიცავს. საქართველოსთან მიმართებაში ორი რამეა მნიშვნელოვანი რუსეთისთვის – პირველ რიგში, ეს არის სტაბილურობა საქართველოში, და მეორეც რუსეთს უნდა ეგულებოდეს ისეთი რეჟიმი, ანუ მთავრობა თბილისში, რომელიც რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებს.

რა მოლოდინებია რუსეთში საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში და კოკრეტულად მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც როგორც, მოსალოდნელია, გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.

ის ადამიანები, რომლებიც, რუსეთში გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, სიფრთხილით ეკიდება სააკაშვილს, რადგან მას რადიკალ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სერიოზულად გართულება შეუძლია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფრონტაცია აჭარასთან, და, შესაძლოა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დაძაბვის ახალი ტალღა ააგოროს. ამიტომ რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში სააკაშვილს სიფთხილით ეკიდებიან. ზოგიერთი ნეგატიურადაა განწყობილი, ზოგი ნეიტრალურად, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ჭარბობს.

მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდება, სერიოზულად შეეცადოს მოსკოვთან ახალი ურთიერთობების დამყარებას იმ რეალობების გათვალისწინებით, რომლებიც კავკასიაში არსებობს.

მიმაჩნია, რომ ალბათ, საქართველოს ხელმძღვანელობამ რაღაცის კორექტირება უნდა მოახდინოს თავის პოლიტიკაში, რომ მოსკოვთან ურთიერთობა უფრო წარმატებული იყოს საქართველოსთვის. საერთოდ კი, უცნაურია, რომ სამხრეთ კავკასის ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე უარესი ურთიერთობები აქვს მოსკოვთან. ჰეიდარ ალიევმა (აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი) მოახერხა ურთიერტობების აწყობა რუსეთთან, სომხეთის ხელმძღვანელობამ შეძლო წარმატებული ბალანსის დამყარება მოსკოვთან და ვაშინგტონთან ურთიერთობებში, და საქართველო რუსეთისთვის განდეგილი ქვეყნის როლში გვევლინება.

რა თქმა უნდა, შეიძლება საქართველომ წარმოვიდგინოს, თუ როგორი რუსეთის ხილვა სურს მას, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა. რუსეთი ისეთია, როგორის დღეს არის, და ალბათ, ასეთად დარჩება საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. ამიტომ ლაპარაკია სწორედ ასეთ რუსეთთან ურთიერთობაზე. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ რელაურად უნდა შეაფასოს არსებული ვითარება.

ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, თუ საქართველო რუსეთისა და ამერიკის ინტერესების ბრძოლის ველად იქცევა. საქართველოსთან მიმართებაში რუსეთისა და ამერიკის ინტერესების დაბალანსების პერსპექტივა რეალურია, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ მოახერხოს მოსკოვთან და ვაშინგტონთან ურთიერტობების ჰარმონიზაცია.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა ქარიშხალის წინ სიმშვიდეს გავს.

Back to top button