
ახალი ამბები
შეთანხმება ჯერ არ შედგა, თუმცა პოზიციები დაახლოვდა
![]() |
ჟვანია და აბაშიძე აცხადებენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. |
“ამ შეხვედრით ყველა პრობლემას წერტილი არ დასმია. თუმცა მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ისეთი მწვავე საკითხი, როგორიც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებია მოგვარდეს და ამსათან დაკავშირებით აღარ არსებობდეს კითხვის ნიშნები“ – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ.
ასლან აბაშიძე კვლავ მოითხოვს, რომ პროცესები თბილისში კონსტიტუციურ ფარგლებს დაუბრუნდეს. აბაშიძე, უსისხლო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულ გარდამავალ მთავრობას “არალეგიტიმურად” მიიჩნევს. მისი თქმით აუცილებელია, რომ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება. როგორც ცნობილია, არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოს აქვს გაუქმებული.
„ჩვენ ვიქიონიოთ იმედი, რომ ცენტრალური ხელისუფლება თვითკრიტიკულად შეხედავს თავის ნამოღვაწარს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგავს. დასამალი არ არის, რომ ეს ხელისუფლება ადრეც ხელისუფლებაში იყო, იმ განსხვავებით, რომ ახლა უფრო დაწინაურდა“ განაცხადა ასლან აბაშიძემ.
„არ შეიძლება ყოველთვის ცენტრი იყოს მართალი. ასეთი მიდგომით კიდევ უფრო ვაღრმავებთ კონფრონტაციას. ეს მიდგომა ძველი ხელისუფლების გადმონაშთია, მაგრამ ასეთი მიდგომა ახლაც გრძლედება“ – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებები 10 დეკემბერს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემაც გამართა, თუმცა მაშინ მხარეებს ერთობლივი ბრიფინგიც კი არ გაუმართავთ.
ასლან აბაშიძემ მოლაპარაკებების შემდეგ, სანამ ბრიფინგი გაიმართებოდა, ზურაბ ჟვანიას აჭარაში რამოდენიმე ობიექტი დაათვალიერებინა, მათ შორის ქობულეთისა და ბათუმის დამაკავშირებელი მშენებარე გვირაბი. ასევე დაათვალიერეს ერთ-ერთი საარჩევნო უბანიც.
ასლან აბაშიძემ და ზურაბ ჟვანიამ კატეგორიულად უარყვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში სეპარატისტული განწყობების არსებობა.
„სეპარატიზმის საფუძვლების შესახებ მითი, ისევე გაქრა როგორც საპნის ბუშტი“ – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
„სეპარატიზმზე საუბარი ბოდვაა“ – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა თავად ასლან აბაშიძე.
სახელმწიფო მინისტრმა და აჭარის მეთაურმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ჟვანიასა და აბაშიძეს შორის შეხვედრა, აჭარაში მოსახლეობის მზარდი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტუდენტობა და ინტელიგენცია 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილების მიღებას ითხოვს. ამ მიზნით მათი ერთი ნაწილი მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებს რათა არ მოხდეს აჭარაში არჩევნების ბოიკოტირება.
“უკვე რამდენიმე დღეა სტუდენტები და ინტელიგენცია მოსახლეობაში ხელმნოწერებს აგროვებენ არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. მოსახლეობის დიდი ნაწილში აშკარად იგრძნობა განწყობა, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა სურთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით, ხელმოწერების შემგროვებლებზე რაიმე ზეწოლას ან ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორმა მზია ამაღლობელმა.
აჭარაში სამოქალაქო ღირებულებების პროპაგანდის მიზნით ბათუმში იქმნება საზოგადოებრივი კომიტეტი, როემლსაც სათავეში სტუდენტები ჩაუდგენენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომიტეტი თბილისშიც შეიქმნა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის მთავარი მიზანი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ახალგაზრდობის მობილიზაცია იყო.
“ჩვენი კომიტეტის შექმნის მიზანია ხელი შევუწყოთ სამოქალაქო აზრის განვითარებას. მართლაც არსებობს განსხვავებული აზრი აჭარაში და მისი გამოხატვისთვის საჭიროა ღია საზოგადოების შექმნა” – განაცხადა ბათუმელმა სტუდენტმა ლევან კაჭარავამ.
ამას გარდა 20 დეკემბერს ბათუმის საოლქო საარჩევნონ კომისიასთან თავი მოიყარა რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომლებმაც რეგისტრაციის გავლის სურვილი გამოთქვეს, თუმცა მათ ამის საშუალება, რა თქმა უნდა, არ მიეცათ. როგორც ცნობილია, 15 დეკემბრიდან მთელ საქართველოში, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აჭარის გარდა, დაიწყო ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის შედგენას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აბაშიძემ, ვერც საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა მხარდაჭერა, რაც მისი სტრასბურგში ვიზიტის შემდეგ უკვე აშკარა გახდა. არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ უკვე მოუწოდა ასლან აბაშიძეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვოლტერ შვიმერმა, რომელსაც აბაშიძე სტრასბურგში 18 დეკემბერს შეხვდა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვოლტერ შვიმერმა 18 დეკემბერს, აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია “მზის”-სთვისა და “რისთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუებში განაცხადა, რომ აჭარა საქართველოს ნაწილია, „ამიტომ მან აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში.“
“მე განვუცხადე ბატომ შვიმერს, რომ არჩევნები აჭარაში ჩატარდება, თუ თბილისში პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდება” – განაცხადა ასლან აბაშიძემ 19 დეკემბერს სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ.
თუ რას გულისხმობს აბაშიძე “პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში” მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ აბაშიძე, უსისხლო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულ გარდამავალ მთავრობას “არალეგიტიმურად” მიიჩნევს.
თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობებში არსებული კრიზის მოგვარებას აშშ-ც აქტიურად ცდილობს. რიჩარდ მაილსი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, 17 დეკემბერს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, უკვე მეორედ იმყოფებოდა ბათუმში ასლან აბაშიძესთან შესახვედრად.
“ის სიტუაცია, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გასული წლების განმავლობაში არსებობდა, არ იყო ნორმალური. ახლა არსებობს იმის პერსპექტივები და შესაძლებლობები, რომ სიტაციის ნორამლიზება მოხდეს” – განაცხადა რიჩარდ მაელსმა 17 დეკემბერს.
18 დეკემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს მიმართა და მოუწოდა რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში “მკაცრი დასჯით” დაემუქრა.
“მან (აბაშიძემ) არ უნდა დააყენოს თავი საკონსტიტუციო სივრცის გარეთ. მე ვაპირებ, ვიყო არა მხდოლოდ კახელების, ქართლელების, მეგრელების და სხვების, არამედ აჭარლების პრეზიდენტიც. რეპრესიებს არ ვაპირებ, მაგრამ თუ ასლან აბაშიძე გაბედავს და თავს დააყენებს კონსტიტუციური სივრცის მაღლა, იგი ძალიან მკაცრად დაისჯება. არ ვაპირებ, ვინმეს შევარჩინო ის, რომ აჭარლებმა ვერ შეძლონ აირჩიონ საკუთარი პრეზიდენტი” – განაცხადა 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა რომ იგი მზად არის ასლან აბაშიძესთან წავიდეს პიროვნულ დათმობაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.