ახალი ამბები

შეთანხმება ჯერ არ შედგა

აბაშიძე კვლავ არჩევნების ბოიკოტით იმუქრება

jpgნინო ბურჯანაძესა და ასლან აბაშიძეს შორის ბათუმში ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები 10 დეკემბერს უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები “კონსტრუქციულად მიმდინარეობდა” და აუცილებლად გაგრძელდება.

“იყო საუბარი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, თუმცა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. იმედია შემდგომი კონსულტაციებისას შეთანხმება მოხდება. მთავარია, რომ დიალოგი დაიწყო” – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს.

როგორც ცნობილია ასლან აბაშიძემ მოითხოვა ქვეყნის ახალი ხელისუფლებისგან, რომელსაც მან “არალეგიტიმური” უწოდა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ივნისისთვის გადაიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აბაშიძე ბოიკოტით იმუქრება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტის გადადგომიდან 45 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს – შევარდნაძემ პოსტი 23 ნოემბერს დატოვა, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნები 4 იანვრისთვის  დაინიშნა.

ბათუმის მოლაპარაკებების შემდეგ აბაშიძე და ბურჯანაძე ჟურნალისტებთან ხანმოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

“ცენტრსა და რეგიონს შორის წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რომლებიც ხელის ერთი მოსმით ვერ გადაწყდება. ზურაბ ჟვანიაც ჩამოვა ბათუმში და გამართავს მოლაპარაკებებს. თუ საჭირო გახდა, მე მზად ვარ კიდევ ჩამოვიდე – მეორედ და მესამედ. მთავარია დიალოგი გაგრძელდეს” – განაცხადა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა.

ასლან აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. “ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. ახლა მთავარია, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს დავუახლოვოთ” – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ასლან აბაშიძემ.

“ორ მხარეს აქვს განსხვავებული პოზიციები ერთი და იმავე საკითხებთან დაკავშირებით. აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის ფაქტორის აღდგენა. თუ ამჟამინდელ, ფაქტობრივ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ საქმის კეთება უნდა ეს არა დაპირებებით, არამედ კონკრეტული საქმეებით უნდა დაგვანახოს” – დასძინა ასლან აბაშიძემ.

მოლაპარაკებების ამგვარი შედეგი სრულიად მოსალოდნელი იყო. აბაშიძე ითხოვს იმას, რისი გაკეთებაც კონსტიტუციის თანახმად შეუძლებელია. გარდამავალი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში ხავერდოვანი რევოლუციის გზით მოვიდა, აცხადებს, რომ მას პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში წარმართვა სურს.

მრავალი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ აბაშიძე არჩევნების ბოიკოტირების თემას ხელისუფლებასთან სავაჭროდ იყენებს. მას შემდეგ, რაც მმართველობის სადავეები ქვეყანაში მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა (მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია) ჩაიგდეს, აბაშიძის უმთავრეს მიზანს, აჭარაში საკუთარი ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნება წარმოადგენს, რომელიც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

თუმცა თავად ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მათ საუბარს ვაჭრობის სახე არ ჰქონია და ძალზედ კონსტრუქციულად მიმდინარეობდა.

შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, აბაშიძე უარს ამბობდა ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების გადახდაზე. თავისი ძალაუფლების გაზრდის მიზნით, აბაშიძის კონტროლის ქვეშ მყოფმა ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა აჭარის კონსტიტუციაში 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაუყონებლივ შეიტანა ცვლილებები, რის შედეგადაც აბაშიძეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო მეთაურის წოდება მიენიჭა. აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს უფლება შექმნას თავისი საკუთარი სამხედრო შენაერთები, თუმცა ეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

თუმცა, შევარდნაძე, აბაშიძის პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, ამჯობინებდა ხოლმე აჭარის საეჭვო ქმედებებზე თვალი დაეხუჭა.

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, რომლის გაპრეზიდენტებაში მის ოპონენტებსაც კი არ ეპარებათ ეჭვი, აცხადებს, რომ იგი “მზად არის აბაშიძესთან კომპრომისებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის ხარჯზე.”

მისი თქმით არჩევნების გადადება ნიშნავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობის გახანგრძლივებას.

“თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას იგი ვერ წაიღებს თან. შევარდნაძესაც ეგონა, რომ საქართველო მას ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ასე არ არის, ასევეა ასლან აბაშიძესთან მიმართებაშიც. ვინც ბლოკადის თემას წამოწევს ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 10 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ აბაშიძეს მოუწევს დათმობებზე წასვლა. მას იმედი აქვს, რომ აბაშიძის “ფეოდალურ რეჟიმს” თავად აჭარის მოსახლეობის პროტესტი შეასუსტებს. “იმის ნიშნები, რომ აჭარის მოსახლეობა მზად არის აბაშიძის წინააღმდეგ გამოხატოს პროტესტი უკვე არსებობს” – აცხადებს ბერძენიშვილი.

თბილისში დაბრუნებისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბათუმში ასლან აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთსა და აჭარას შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის საკითხიც განიხილეს, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი ამარტივებს სავიზო რეჟიმს აჭარის მოსახლეობისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის ეს გადაწყვეტილება და მას “საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა” უწოდა.

“რა თქმა უნდა, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის არ უნდა ეხებოდეს საქართველოს მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებს. როგორც მინიმუმ რუსეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის წინასწარ უნდა ეცნობებინა ამ გადაწყვეტილების თაობაზე”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს. მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა, თუ როგორი იყო ასლან აბაშიძის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

მსგავსი/Related

Back to top button