skip to content
ახალი ამბები

ახალი ხელისუფლება აბაშიძეს სიფრთხილით ეპყრობა

საქართველოს გარდამავალი ხელისუფლება ასლან აბაშიძესთან მიმართებაში, რომელმაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სიფრთხილეს იჩენს და ვითარების გამწვავებაზე არ მიდის. მოსკოვში მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ არ დაემორჩილება თბილისის ბრძანებებს, რადგან გმობს “ძალადობით ხელისუფლებაში მოსულ” პირებს. იგი იქვე იმასაც დასძენს, რომ აჭარა არავითა შემთხვევაში არ აპირებს გამოეყოს საქართველოს.

“ის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ძალადობით მოვიდა არ აქვთ უფლება ბრძანებები გასცენ, განსაკუთრებით კი უბრძანონ იმათ ვინც ლეგიტიმურად არის არჩეული. ჩვენ საქმე გვაქვს ულტრანაციონალისტებთან, რომლებიც მიზნების მისაღწევად ყველა ზომას მიმართავენ” – განაცხადა ასლან აბაშიძემ, რუსეთის პრემიერ მინისტრ მიხეილ კასიანოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მოსკოვში ყოფნისას ასლან აბაშიძემ შეხვედრები გამართა როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოევთან. ხოლო 28 ნოემბერს კი მოსალოდნელია, რომ აბაშიძე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს რაულ ხაჯინბასაც შეხვდენბა, რომელიც ასევე მოსკოვში იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომადე რამდენიმე საათით ადრე 23 ნოემბერს ასლან აბაშიძე რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შესახებ სპეციალურ  განკარგულებას გამოსცა. შეწყვეტილია რკინიგზის მიმოსვლა თბილისი-ბათუმის მიმართულებით.  

განკარგულებაში ნათქვამია, რომ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გმობს ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობის ცდას და წყვეტს ყოველგვარ კავშირს ცენტრალურ ხელისუფლებაში ძალადობით მოსულ კრიმინალებთან.”

შევარდნაძის გადადგომას აბაშიძის მხრიდან რეგიონში საკუთარი რეჟიმის უსაფრთხოების ზომების გაძლიერება სრულიად მოსალოდნელი იყო. საქართველოში აგორებული ანტი-შევარდნაძისტული საყოველთაო მოძრაობისას, აბაშიძემ ედუარდ შევარდნაძეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ექს-პრეზიდენტის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი რეალური საფრთხე შეექმნა აბაშიძის აჭარაში ათ წელზე მეტი ხნის ერთპიროვნულ მმართველობასაც.

სხვათა შორის ედუარდ შევარდნაძემ, გადადგომის შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადადგომამდე ასლან აბაშიძე დაუკავშირდა მას და “სამხედრო დახმარებაც” შესთავაზე, თუმცა მან ძალის გამოყენებაზე აბაშიძეს უარი უთხრა. “მერე თვითონაც დამეთანხმა, რომ ძალის გამოყენება არ იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება,” დასძინა შევარდნაძეიმ.

აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რეგიონში საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა მოჰყვა. შეწყდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაუწყებლობა, რომელსაც აჭარის ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია ბოიკოტი გამოუცხადა “მოვლენების არაობიექტურად და მიკერძოებულად გაშუქების” გამო.

მაუწყებლობა შეწყვიტა ბათუმის ადგილობრივმა ტელევიზია “25-ე არხმა,” რომელიც რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებების რეტრანსლიაციას ახდენედა აჭარის დედაქალაქში.

როგორც გაზეთ “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი მზია ამაღლობელი აცხადებს, მათ კორესპონდენტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები ელემენტარულად კომენტარებს არ აძლევენ.

“ჩოლოქთან გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. ბლოკპოსტზე იმაზე გაცილებით მეტი პოლიციისა და უშიშროების თანამშრომელი დგას ვიდრე ეს აქამდე იყო” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მზია ამაღლობელმა.

“თავად ბათუმში ასეთი გაძლიერებული უსაფთხობის ზომები თვალში საცემი არ არის, თუმცა ქალაქი, შიძლება ითქვას, სრულ საინფორმაციო ბლოკადაშია. ტელევიზიებს რომ თავი დავანებოთ, დაბლოკილია რუსთავი 2-ის ინტერნეტ გვერდიც კი” – ამბობს მზია ამაღლობელი. 
 
ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერები, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ განკარგავენ გარდამავალ ხელისუფლებას, აჭარაში შექმნილ ვითარებას ფრთხილად ეკიდებიან და ყოველგვარი რადიკალური ზომების მიღებისგან თავს იკავებენ. უსისხლო რევოლუციის სამივე ლიდერი – ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია, საკმაოდ ზომიერ განცხადებებს აკეთებენ.

“ვიცით, რომ ასლან აბაშიძეს შიდა პოლიტიკურ მოვლენების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს და მის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებთ. ჩვენ ჩვენის მხრივ გამწვავებაზე არ წავალთ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა 25 ნოემბერს.

“აჭარის თემას ჩვენ არ ვეხებით. აუცილებელი, რომ პრობლემები კონსტიტუციის ფარგლებში გადაწყდეს” – განაცხადა ზურაბ ჟვანია. ხოლო 27 ნოემბერს პარლამენენტის მიერ სახელმწიფო მინისტრად დამტკიცებისას, ჟვანიამ განაცხადა რომ იგი მზად არის ჩავიდეს ბათუმში და “მოლაპარალებები გამრთოს ასლან აბაშიძესთან.” “პირველადი კონტაქტები, ტელეფონის მეშვეობით უკვე შედგა” – დასძინა მან.

ამავე აზრს იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ბერძენიშვილი, რომელიც ბათუმში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. თუმცა იქვე დასძენს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლა.

“ასლან აბაშიძე ხედავს, რომ კარგავს ძალაუფელბას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეძლოს მისი შენარჩუნება. უნდა მოხდეს აბაშიძის ხელისუფლების დემონტაჟი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ძალადობის გზით არამედ არჩევნებით” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დავით ბერძენიშვილმა.

ძალაუფლების განმტკიცების მიზნით ჯერ კიდევ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასლან აბაშიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომელის მიხედვით მას უმაღლესი სამხედრო პირის წოდება  მიენიჭა. ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას აქვს უფლება დამოუკიდებლად შექმნას სამხედრო ფორმირებები.

ასლან აბაშიძეს ეს ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით ავტონომიურ რესპიბლიკას საშუალება არ ააქვს საკუთარი სამხედრო ფორმირება იყოლიოს.

ამას გარდა კვლავაც წინასწარ პატიმრობაში რჩება გიორგი მშვენიერაძე – 21 წლის დამკვირვებელი, რომელიც 2 ნოემბერს აჭარაში არჩევნებს აკვირდებოდა და რომელიც ძალზედ საეჭვო გარემოებებში ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.

თუმცა ხელისუფლებაში მოსულ ოპოზიციის ლიდერები ამ ფაქტთან დაკავშირებით ხმა მაღლა ჯერ არ საუბრობენ. ღადგან, როგორც ჩანს ახალი ხელისუფლება ასლან აბაშიძესთან ამ ეტაპზე ვითარების გამწვავებას ერიდება, რადგან პრიორიტეტად, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას მიიჩნევს.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button