ახალი ამბები

ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერები პოზიციებს ამყარებენ

ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერებმა პოზიციები განიმტკიცეს.

27 ნოემბერს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია სახელმწიფო მინისტრად, იმავე პარტიის წევრი გიორგი ბარამიძე – შინაგან საქმეთა მინისტრად, ხოლო ზურაბ ნოღაიდელი კი ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაბრუნდა.

ისინი პოსტებზე დარჩებიან სულ ცოტა საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 4 იანვარს ჩატარდება. სამივე კანდიდატურა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიერ იქნა წამოყენებული. ნინო ბურჯანაძე ქვეყანას სათავეში ჩაუდგა 23 ნოემბრის უსისხლო რევოლუციის შედეგად, პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის შემდეგ ზურაბ ჟვანიამ პარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ახალ მთავრობას, წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობა ხვდება.

“ბიუჯეტი კოლაფსის პირზეა, უმძიმესი ვითარებაა საპენსიო ფონდში და ენერგო სექტროში. სირთულეებია რეგიონებში, მატულობს პურის ფასი. მეც, და ყველამ ვინც დაიკავებს ადგილებს ახალ მთავრობაში, უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემები” – თქვა ზურაბ ჟვანიამ.

მან ასევე დაადასტურა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს წინა მთავრობისა და ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერების უსაფრთხოებას.

“ჩვენ დავამყარებთ უსაფრთხოებას, კანონიერებასა და წესრიგს. და არავინ არც კი უნდა ეცადოს შეარყიოს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, როგორც ეს ზოგიერთებს სურთ. თუმცა ამჟამად მათ გვარებს არ დავასახელებ” – დასძინა ჟვანიამ.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოსათვის. ამჯერად ჩვენ უკვე რეალური შესაძლებლობა გვაქვს მივუკაკუნოთ ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების კარებს” – თქვა ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანია არის “გაერთიანებული დემოკრატების” პარტიის ლიდერი და იყო იმ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელთა შედეგადაც შევარდნაძემ თანამდებობა დატოვა.

1995-2001 წლებში ჟვანია პარლამენტის სპიკერი იყო, ხოლო 2000 წლამდე, ვიდრე ის საბოლოოდ ჩამოშორდებოდა შევარდნაძეს და საკუთარ “გაერთიანებულ დემოკრატებს” ჩამოაყალიბებდა, “მოქალაქეთა კავშირის” ლიდერიც იყო.

2001 წლეს მან დატოვა პარლამენტის სპიკერის პოსტი შევარდნაძის მთავრობისადმი პროტესტის ნიშნად.

სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანია დაიკავებს პრემიერ მინისტრის პოსტს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელთა განხორციელებასაც აპირებს ოპოზიცია, თუ მიიღებს უმრავლესობას პარლამენტში.

“ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერების მიერ ძალაუფლების განაწილების თაობაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ნინო ბურჯანაძე გაუძღვება “ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” ოპოზიციურ კოალიციას და, შესაბამისად, გახდება პარლამენტის სპიკერი, თუ არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ, ხოლო ზურაბ ჟვანია დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

27 ნოემბერს პარლამენტმა ასევე ერთხმად დაამტკიცა ზურაბ ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე. ის ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრია და ერთხელ უკვე ეკავა ეს პოსტი 2000-2002 წლებში.

დეპუტატებისადმი მიმართვაში ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება “ფისკალური სტაბილურობის” დამყარება. 190 მილიონ ლარიანი საბიუჯეტო დეფიციტის ფონზე ნოღაიდელს გადასაჭრელი ექნება პენსიებისა და სახელფასო დავალიანებების პრობლემაც.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ოპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იყო მათი წევრის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა.

“გაერთიანებული დემოკრატების” წევრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი ბარამიძის ამოცანა იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში ღრმად გამჯდარი კორუპციის აღმოფხვრა და მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

“მე ყველაფერს გავაკეთებ კორუპციის დასამარცხებლად. თავიდანვე ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ კორუპციის დონე შინაგან საქმეთა სამინისტროში მინიმუმამდე უნდა შემცირდება” – განუცხადა გიორგი ბარამიძეს პარლამენტის წევრებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. “უპირველეს ყოვლისა, სამინისტრო გადაამოწმებს საარჩევნო სიებს” – განაცხადა ბარამიძემ.

შსს-სა და წინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ საარჩევნო სიებში არსებულმა უამრავმა უზუსტობამ მრავალი სირთულე წარმოშვა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას, რომელთა გამო ათასობით ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.

მსგავსი/Related

Back to top button