ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდება

პარლამენტმა მუშაობა დაიწყო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს 2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დადგენილებას.

კენჭისყრაში მონაწილეობა 158 დეპუტატმა მიიღო. დადგენილებას მხარი 155-მა დეპუტატმა დაუჭირა.

25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მოიწვია. ეს 1999 წლის მოწვევის პარლამენტის პირველი რიგგარეშე სხდომა იყო მას შემდეგ რაც 23 ნოემბერს პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა და ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა.

სხდომის გახსნის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, “ჩვენ იმედი გვქონდა, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ის, რომ დღეს 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატები შევიკრიბეთ და არა 2003 წლის დანიშნული პარლამენტი, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომლებიც 2 ნოემბრის შემდეგ დემოკრატიული ფასეულობებისთვის იბრძოდა. ამით დამტკიცდა, რომ ქართული ერი შედგა”.

“ამჟამად საჭიროა პოლიტიკური პარტიების ლიდერების და წევრების ერთად დგომა, რათა ქვეყანაში კრიზისული ვითარება არ შეიქმნას. ასევე საჭიროა 2-3 კვირაში დაინიშნოს არჩევნები, რომელიც სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება. საქართველომ უნდა აირჩიოს ის პრეზიდენტი რომელიც ხალხს უნდა და პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხს წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის წინსვლას ვერავინ ვერ შეაჩერებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის რაც ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, გაკვეთილი უნდა იყოს ნებისმიერ პოლიტიკოსისათვის. ბურჯანაძემ ასევე მოუწოდა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა ერთად დავდგეთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წესრიგი ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველას, ჩვენ არ უნდა გავუცრუოთ ხალხს იმედები, ჩვენ უნდა ვუჩვენოთ მათ, რომ შეგვიძლია კრიზისის დაძლევა და ის, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს შეგვიძლია ერთად დოგმა, როგორც ხალხი დადგა რუსთაველის პროსპექტზე მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, ნაციონალური და სოციალური მდგომარეობისა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გიგი წერეთლის კანდიდატურას.

პარლამენტის სხდომის დაწყებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა პარლამენტის სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ.

“ეს ჩემი თხოვნაცაა და მოთხოვნაც. ხელს ნუ შეუწყობთ საკონსტიტუციო კრიზისის შექმნას და სამოქალაქო დაპირისპირებას. პარლამენტის სხდომა მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ პარლამენტის სხდომაზე. თითქმის ყველა ფრაქცია იყო წარმოდგენილი დარბაზში. პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე ოფიციალური უარი განაცხადა ორმა ფრაქციამ “აღორძინებამ” და “სოციალისტებმა”, თუმცა ამ ორი ფრაქციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაესწრო სხდომას.

დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ თანამდებობიდან გადადგომის წინ განაცხადა, რომ პარლამენტს უნდა დაეწყო მუშაობა, რათა სტაბილურობა შეენარჩუნებინა ქვეყანაში.

გარდა საპრეზიდენტო არჩევნების ვადის დადგენისა, პარლამენტმა 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხიც განიხილოს, რადგანაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს ბათილად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2 ნოემბერს პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.

უზენაეს სასამართლოში სარჩელი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა შეიტანეს. სასამართლო პროცესი 24 ნოემბერს დაიწყო. პროცესის მსვლელობისას ცსკო-ს წარმომადგენლებმა ვერ უარყვეს მოსარჩლე მხარის მიერ წარდგენილი დარღვევების მამტკიცებელი საბუთები.

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მის შემდეგ აპირებს სარჩელი შეიტანოს იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, რომლებმაც რეაგირება არ მოახდინეს დაფიქსირებულ დარღვევებზე.

“აუცილებლად უნდა დაისაჯონ და სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს სიყალბე და მათ პასუხი უნდა აგონ ქვეყნის ისეთ კრიზისულ მდგომარეობამდე მიყვანის გამო, რომელიც საქართველომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში გამოიარა”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

უზენაესი სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ეუთო მზად არის საქართველოს მომავალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი იააპ დე ჰოოპ შეფერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქართველმა ხალხმა შეძლო ქვეყანაში ძალადობის თავიდან აცილება.

“როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები, ასევე ძალოვანი სტრუქტურები დიდი თავშეკავებით იქცეოდნენ. მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ შევარდნაძის მამაცურ გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე, რათა თავიდან აეცილებინა დაძაბულობის ესკალაცია ქვეყანაში”, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.

შეფერმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მომდევნო პერიოდში ხალხის ინტერესების შესაბამისად განაგრძონ მუშაობა.

“ქართველ ხალხზეა დამოკიდებული მათი პოლიტიკური მომავალი და მინდა მათ იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ ეუთო-ს იმედი იქონიონ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის დამყარების საქმეში”, – დასძინა მან.

გარდა ამისა, საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას არჩევნებში დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატებიც დაპირდა. “შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება მზად არის საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას არჩევნებში დახმარება გაუწიოს”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

23 ნოემბერს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მოხდა. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მრავალათასიანი აქციების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის უფლებამოსილებები აიღო თავის თავზე და მოსახლეობას უახლოეს მომავალში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დაპირდა.

მასობრივი აქციები 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივ გაყალბებას მოყვა. გაყალბების ფაქტები უზენაესმა სასამართლომაც ცნო, რომელმაც გააუქმა არჩევნების შედეგები პროპორციული სისტემით. ოპოზიციის მხარდამჭერებმა არჩევნების გაყალბებაში შევარდნაძე დაადანაშაულეს და მისი უპირობო გადადგომა მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა არჩევნების საბოლოო შედეგები და გამარჯვებულად სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” და “აღორძინების კავშირი” გამოაცხადეს.

23 ნოემბერს საქართველოში “ხავერდოვანი რევოლუცია” მოხდა, რომელსაც ჟურნალისტებმა “ვარდების რევოლუცია” უწოდეს. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. სასამართლომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. საერთო ჯამში, სიტუაცია ქვეყანაში სტაბილურია.

სოსო ხაჩიძე, ნათია ალადაშვილი, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button