ახალი ამბები

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში სიმშვიდეა

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ახალ ლიდერს

მთელი ღამის განმავლობაში შევარდნაძის გადადგომის, ანუ “ხავერდოვანი”, “ვარდების” რევოლუციის გამარჯვების ზეიმის შემდეგ, ამ დილით თბილისის ქუჩებში სიწყნარე.

39 წლის ნინო ბურჯანაძე 24 ნოემბრიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს ახალი ლიდერი, რომელმაც ქვეყანას ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა უხელმძღვანელოს, მთავრობის წევრებს და უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებს მართავდა, რომლებიც სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით საქართველოს დახმარების გაწევას პირდებიან.

მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხალხს სიმშვიდისა და წესრიგისაკენ მოუწოდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო საუბარში მხარდაჭერა აღუთქვა.

“ჩვენ უნდა ვიამაყოთ. ჩვენ გადავლახეთ სერიოზული კრიზისი ერთი წვეთი სისხლის გარეშე” – განაცხადა ბურჯანაძემ თავის მიმართვაში.

“ეს იყო მოქალაქეობრივი უფლებებისათვის ბრძოლის ბრწყინვალე დღეები. ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ყველა იმათი, ვინც ამ დღეების მანძილზე თავისუფლების დასაცავად იდგა” – განაცხადა ბურჯანაძემ უკანასკნელი მოვლენების კომენტირებისას.
 
მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდნენ “ნორმალურ ცხოვრებას”. “ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის” – დასძინა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები შედგება, კონსტიტუციის შესაბამისად, 45 დღის განმავლობაში. ბურჯანაძემ განმარტა, რომ წინა მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რადგან “2 ნოემბრის გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულმა ახალმა პარლამენტმა ვერ მოასწრო თავისი უფლებამოსილებების დამტკიცება”.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა “უცვლელად იქნება მიმართული ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისაკენ”. მან ასევე ხაზი გაუსვა მეზობლებთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელობას.

მან მადლობა გადაუხადა პოლიციას და ჯარს, იმისთვის, რომ მათ არ გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

საქართველოს ახალი ლიდერის მიმართვის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “აშშ მხარს უჭერს დემოკრატიული საქართველოს სტაბილურობასა და სუვერენიტეტს და მზად არის დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ კრიზისის დაძლევაში.”

“ჩვენ ვითანამშრომლებთ ქ-ნ ბურჯანაძესთან მის ძალისხმევაში შეინარჩუნოს დემოკრატიული წყობა ხელისუფლების შეცვლის პროცესში. აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არიან აღმოუჩინონ დახმარება ახალ მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში” – ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ბურჯანაძემ თავისი პირველი მთავრობის სხდომა ჩაატარა 24 ნოემბერს შუაღამისას, რომელზეც განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია. შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ბოლო წუთამდე შევარდნაძის გვერდით იყო, არ გამოცხადდა სხდომაზე. იგი მოგვიანებით, არც უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.

ნინო ბურჯანაძის უფლებამოსილება, მოქმედი პრეზიდენტი პოსტზე, შეზღუდულია. მას არ აქვს უფლება გაათავისუფლოს მთავრობის წევრი.
 
“ვარდების რევოლუცია”

არავითარი სროლა, მხოლოდ “ანტი-შევარდნაძისტული” შეძახილები. საქართველოში შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობის დამთავრებას “ხავერდოვანი” და “ვარდების” რევოლუცია ეწოდა, იმ ვარდების გამო, რომლებიც დემონსტრანტებს ეკავათ მშვიდობიანი მანიფესტაციების და პარლამენტის შენობაში შეჭრისას.

“მე სახლში მივდივარ” – განაცხადა ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებთან 23 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. კითხვაზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი, მან უპასუხა, “ეს ჩემი საქმე არაა.”

“აშკარა იყო, რომ ის რაც ხდებოდა ქვეყანაში, სისხლისღვრით დასრულდებოდა. მე არასოდეს მიღალატია ჩემი ერისათვის. ამდენად მიმაჩნია აუცილებლად, რომ გადავდგე, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა” – თქვა შევარდნაძემ.

“მე ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ბ-ნ მიხეილ სააკაშვილთან და ბ-ნ ზურაბ ჟვანიასთან და მადლობას მოვახსენებ მათ გულახდილობისათვის. მე ძალიან ბევრი რამ მაქვს დასაწერი და ეს ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ვიდრე ცოცხალი ვარ მინდა ბევრი რამის დაწერა მოვასწრო” – განაცხადა პრეზიდენტმა გადადგომის შემდეგ.

“მე მიჩვეული ვარ გადადგომას, ეს არ არის ჩემთვის ახალი” – განაცხადა შევარდნაძემ, რითაც 1990 წელს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტზე მიანიშნა.

ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა “ღირსეული” გადაწყვეტილება მიიღო.

“მან თავიდან აგვაცილა სისხლისღვრა. მან გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ისტორია ამას სათანადოდ დააფასებს” – განაცხადა ოპოზიციურმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

ზურაბ ჟვანია ასევე მიესალმა პრეზიდენტის ნაბიჯს და განაცხადა, რომ “ჩვენ სათანადოდ უნდა დავაფასოთ მისი გადაწყვეტილება”.

“ის არ აპირებს ქვეყნიდან წასვლას და სურს დარჩეს საქართველოში. მან სურვილიც კი გამოთქვა გაუზიაროს თავისი გამოცდილება მის მემკვიდრეს” – თქვა ზურაბ ჟვანიამ.

“ეს ჩვენი ღირსების საკითხია, რომ უზრუნველვყოთ ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკანასკნელ დღეებში შევარდნაძის ძალაუფლება ყოველ საათს სუსტდებოდა.

23 ნოემბრის დილას არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ შევარდნაძე გადადგებოდა. ჯერ კიდევ დილით შევარდნაძე ოპოზიციას ულტიმატუმებს უყენებდა.

“მე შევხვდები ოპოზიციას და დათმობებზეც წავალ, თუ ისინი გაათავისუფლებენ პარლამენტისა და კანცელარიის შენობებს” – განაცხადა შევარდნაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან შეხვედრის შემდეგ.

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს 22 ნოემბერს, როდესაც პრეზიდენტი შევარდნაძე მიმართავდა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სესიას, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციის ლიდერებმა.

პარლამენტის შენობაში შეჭრის შემდეგ მომიტინგეებმა კანცელარიის შენობაც დაიკავეს.

შევარდნაძის გარემოცვა მხარს უჭერდა “წესრიგის აღდგენის რადიკალურ მეთოდებს”. პარლამენტისა და კანცელარიის შენობების აღების შემდეგ შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა.

თუმცა, 23 ნოემბერს ცხადი გახდა, რომ საგანგებო სიტუაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სულ უფრო მეტი და მეტი შენაერთი გადადიოდა მომიტინგეთა მხარეზე და უარს აცხადებდა პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე.

უსისხლო რევოლუციის წარმატების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს ხელი შეეწყოთ წესრიგისა და კანონიერების შენარჩუნებისათვის.

“დღეიდან ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დაბრუნდეს. ახლა ჩვენი უმთავრესი მიზანია ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები 45 დღის განმავლობაში, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კონსტიტუცია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსეთის შუამავლობა

ედუარდ შევარდნაძესა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა, შუამავლობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რომელიც მოვლინებულ იქნა საქართველოში 22 ნოემბერს გვიან ღამით.

ივანოვი 23 ნოემბერს, მთელი დღის მანძილზე იყო დაკავებული შევარდნაძესა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქციებით. იგი შეხვდა პრეზიდენტს და ორჯერ – ოპოზიციას. მისი თქმით, რუსულ მხარეს სურდა კრიზისის მშვიდობიანი დასრულება.

23 ნოემბრის საღამოს, ივანოვის თანხლებით სააკაშვილი და ჟვანია კრწანისის სახელმწიფო რეზიდენციაში მივიდნენ შევარდნაძესთან მოლაპარაკების მიზნით.

შევარდნაძის გადადგომის შემდეგ ივანოვი ბათუმში გაემგზავრა ასლან აბაშიძესთან შესახვედრად.

ასლან აბაშიძემ, რომელიც 2 ნოემბრის შემდეგ საქართველოში შექმნილი კრიზისის დროს შევარდნაძის მოკავშირე იყო, გააკრიტიკა თბილისის მოვლენები და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს “აჭარის მოსახლეობისა და ხელისუფლების დასაცავად”.

ახალ ხელისუფლებას უამრავი პრობლემის მოგვარება მოუწევს, პირველ რიგში კი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაა.

როგორც მოსალოდნელია ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პრობლემები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერისგან ასლან აბაშიძისგან შეექმნება.

24 ნოემბერს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ წყვეტს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ყოველგვარ კონტაქტს. მან თბილისში მომხდარი მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა. აჭარაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button