ახალი ამბები

ცსკო არჩევნების საეჭვო შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, შევარდნაძისა და აბაშიძის პარტიები პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.  პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბრისთვის დანიშნა.

სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” – 21.32%, “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” – 18,84%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 18,8%, “ლეიბორისტული (შრომის) პარტია – 12,04%, ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატები” – 8,79%, “ახალი მემარჯვენეები” 7,35% – ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც ცსკო-ს თავმჯდომარესთან ნანა დევდარიანთან ერთად ცსკო-ს მხოლოდ იმ წევრებმა დაუჭირეს მხარი, რომლებიც სახელისუფლებო ბლოკს, აღორძინებას და “ახალ მემარჯვენეებს” წარმოადგენენ.

შედეგად, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად სახელისუფლებო ბლოკმა “ახალი საქართველლოსთვის” ახალ პარლამენტში 38 მანდატი მოიპოვა, აღორძინებამ – 33, ნაციონალურმა მოძრაობამ – 32, ლეიბორიტულმა პარტიამ – 20, ბურჯანაძე-დემოკრატებმა – 15, ახალმა მემარჯვენეებმა – 12.

75 ადგილს 235 მანდატიან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დანარჩენ 10 ადგილს – აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები.
 
საბოლოო შედეგების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენლებმა, რადგან ამ პარტიამ შეძლო 7%-იანი ბარიერის გადალახვა. გარდა ამისა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ასევე ლეიობორისტული პარტიის, ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების წარმომადგენლებმაც.

აღსანიშნავია, რომ ცსკო-მ იგნორირება გაუკეთა სასამართლოს გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეიტანა სასამართლოს მიერ გაუქმებული ბოლნისის ოლქის შედეგებიც.
 
თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი კომისიის მუშაობას და საბოლოო შედეგებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომისიისგან სხვა ქმედება არ უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი.

“შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, კომისიის მუშაობის სამართლებრივი გამოსავალი არის ეს. უნდა ვთქვა, რომ არცერთი პარტია ჩვენს უძილო ღამეებად არ ღირს. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებმაც დღეს სხდომა დატოვეს. მათში ხან იღვიძებს მოქალაქეობრივი პრინციპები, ხან პირიქით. ვწუხვარ, რომ მრეწველებმა ვერ შეძლეს 7%-იანი ბარიერის გადალახვა”, – განაცხადა სხდომის შემდეგ ცსკო-ს თავმჯდომარემ ნანა დევდარიანმა.

ცსკო-ს სხდომის მიმდინარეობის პარალელურად განცხადებებს აკეთებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ბურჯნაძე-დემოკრატების” ლიდერები, რომლებიც აპროტესტებდნენ კომისიის გადაწყვეტილებას და ბოიკოტს უცხადებენ ახალ პარლამენტს.

“საბოლოო შედეგებით დასტურდება, რომ არჩევნების ბედი უშუალოდ პრეზიდნეტის კაბინეტში წყდებოდა. ამის შემდეგ იგი არის დიქტატორი. სანამ ცოცხალი ვარ ყველანაირად ვეცდები, რომ აღიკვეთოს დიქტატორული რეჟიმი. ჩვენ არ გაურიგდით ხელისუფლებას, რომელიც ჩვენი სიჩუმის სანაცვლოდ პროცენტების მომატებას გვპირდებოდა და ახალი ძალით დაუპირისპირდებით ამ უსამართლობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა, რათა სათავეში ჩაუდგეს ადგილობრივი მოსახლეობის თბილისისკენ მობოლიზებას და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყებას.

დღესვე ანალოგიური მისიით ქუთაისში გაემგზავრა ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერი ნინო ბურჯანაძე. “ცსკო-ს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა საბოლოოდ დაასამარა ქვეყანაში პარლამენტარიზმი და ხელისუფლებასთან ოპოზიციის შესაძლო დიალოგის შანსი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“შექმნილი რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი უკვე პრეზიდენტის გადადგომა ხდება. ჩვენ ამ მოთხოვნით ვაგრძელებთ უფრო ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს და მოუწოდებ ყველა პარტიას და უბრალო მოქალაქეს, თუ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თავის მხარდაჭერას მაინც ნუ გამოხატავენ ხელისუფლების სასარგებლოდ”, – განაცხადა “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.
 
არჩევნების საბოლოო შედეგებით უკმაყოფილოა მეოთხე ადგილზე გასული ლეიბორისტული პარტია, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება უარიც კი თქვას პარლამენტში შესვლაზე. თუმცა ლეიბორისტებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (“სამართლიანი არჩევნები’) და აცხადებს, რომ 2 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა და არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას.

“სამართლიანი არჩევნები ჯერ კიდევ 4 ნოემბერს მოუწოდებდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოეჩინა კეთილი ნება და თავიდან აეცილებინა არჩევნების შედეგების გაყალბება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცსკო-ს უარი უნდა ეთქვა გაყალბებული შედეგების დადასტურებაზე და ცნობაზე. სამწუხაროდ, არჩევნების დღიდან მომდევნო 18 დღის განმავლობაში ცსკო და საოლქო კომისიები თავად მოგვევლინენ არჩევნების შედეგების გაყალბების ორგანიზატორებად და საარჩევნო უბნებზე უკვე გაყალბებული შედეგების დამატებით გაყალბებაში თავად არანაკლები წვლილი შეიტანეს”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.

ოპოზიცია 21 ნოემბრიდან რეგიონებიდან თბილიში მობილიზებულ მოსახლეობასთან ერთად საპორტესტო აქციების გამართვას და ახლადარჩეული პარლამენტის მუშაობაში დაწყების ხელისშეშლას გეგმავს. თუმცა, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტის შენობის წინ მდგარი სახელისუფლებო და აღორძინების ინიტიატივით შეკრებილ მომიტინგეებთან კონფლიქტში შესვლას.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button