ახალი ამბები

ვაშინგტონი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ აპირებს

თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო საქართველოს პრეზიდენტთან, სახელმწიფო მინისტრთან და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისდან დაძლევის თაობაზე რეკომენდაციების მიცემისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა.

“აშშ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩემი შეხვედრების დროს, რაც დღეს მქონდა, ყველგან აღვნიშნავდი, რომ ეს საკითხები უნდა მოგვარდეს სწრაფად და თითოეული მხარის მაქსიმალური დაკმაყოფილებით. პოლიტიკა, როგორც ვიცით არის ხელოვნება კომპრომისებზე წასვლისა და ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის გადადგას ეს ნაბიჯი”, – განაცხადა 18 ნოემბრის საღამოს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ლინ პასკომ.

იგი ასევე შეფასებებს არ აკეთებს 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც.

“ჩვენ ველოდებით ეუთო-ს შეფასებას, ასევე ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ხმების გადათვლას და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას, რათა შემდგომ გავაკეთოთ ჩვენი საბოლოო შეფასება. ზოგჯერ ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ სწრაფად არ ვაკეთებთ შეფასებებს, მაგრამ, ჩვენი მოსაზრებით, ჩვენი განცხადება უნდა იყოს სამართლიანი”, – განაცხადა ლინ პასკომ.

მისი თქმით, აშშ დაინტერესებული იყო საქართველოში არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებაში და ამისთვის გარკვეული დახმარებაც გაუწია ქვეყანას, რაც ზაფხულში (5-6 ივლისი) თბილისში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტითაც დადასტურდა, რომელმაც რეკომენდაციები დაუტოვა ქვეყნის ხელმძღვანელობას და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების სამართლიანად ჩატარების თაობაზე.

“ჩვენ დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით, რათა დავხმარებოდით საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას არჩევნების ნორმალურად ჩატარებაში. ჩვენ გავაორმაგეთ მცდელობები, რაც იმაში გამოიხატა, რომ ზაფხულში ჩამოვიდა ჯეიმს ბეიკერი და მოსაზრებები გაუზიარა ქართულ მხარეს არჩევნების ნორმალურად ჩატარების მიზნით”, – განაცხადა ლინ პასკომ.

იგი არჩევნების შემდგომ საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისთვის რომელიმე მხარის მიერ ძალის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია. მისი თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები და თანამშრომლობა. 

“ძალადობა ძალზე ცუდია პოლიტიკაში და საერთოდ არჩევნების პერიოდში, ხოლო არჩევნები არის პოლიტიკური პროცესი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მოგვარდეს რაც კი პრობლემები წარმოიშვა არჩევნების შედეგად, მაგრამ ჩვენი საქმე სულაც არ არის ის, რომ ვუთხრათ ხალხს და პოლიტიკოსებს, რა უნდა გააკეთონ”, – განაცხადა ლინ პასკომ.

თბილისში ჩამოსვლის პირველ დღესვე ლინ პასკო ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერებს ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ჟვანიას, მოგვიანებით კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილის შეხვდა. ვიზიტის მეორე დღეს კი “ახალ მემარჯვენეებს” და “მრეწველების” წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

ლინ პასკო კმაყოფილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით და აცხადებდა, რომ ედუარდ შევარდნაძემ იგი გულთბილად მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც საქართველო-ამერიკის  ურთიერთობებზე, ისე რეგიონალური თანამშრომლობის ძირითად საკითხებზეც.

სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგზე ლინ პასკომ კომენტარი გააკეთა ჯორჯ სოროსთან დაკავშირებით, რომელიც ამას წინათ პრეზიდენტმა შევარდნაძემ გააკრიტიკა. შევარდნაძემ სოროსის ფონდი მის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

“მე პირადად ვიცნობ ჯორჯ სოროს და ვთვლი, რომ მან და მისმა ორგანიზაციამ ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა დემოკრატიის განვითარებისთვის. მისი ორგანიზაციები აფინანსებდნენ განათლების და სხვა სამოქალაქო განვითარების პროექტებს. მე არ ვამბობ, რომ მისი ყველა პროგრამა იყო იდეალური, მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ, რომ იგი მედგრად უჭერდა მხარს დემოკრატიის პრინციპების განვითარებას. მე მეტის საუბარს არ ვაპირებ ამ ადამიანზე”, – აცხადებს ლინ პასკო.

იგი ასევე ეხმაურება საქართველოში აშშ-ს ელჩის საქმიანობას და მას დადებითად აფასებს. “რაც შეეხება ელჩს, მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ელჩი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა. იგი მოქმედებს აშშ-ს პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ინსტრუქციის მიხედვით. იგი ატარებდა საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის. საქართველოს მოქალაქეები მადლიერნი უნდა იყვნენ აშშ-ს ელჩისა, ვინაიდან იგი აქტიურად მუშაობდა მათ დასახმარებლად”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
 
იგი საგანგაშოს ვერ ხედავს იმაშიც, რომ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების დროს სამჯერ ჰქონდა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, მაშინ როცა ვერ ხერხდება ამერიკასთან დაკავშირება და სატელეფონო საუბარი ჯეიმს ბეიკერთან. რამოდენიმე დღის წინ ოფიციალური ინფორმაციით, ჯეიმს ბეიკერის ზარი პრეზიდენტ შევარდნაძესთან “გაითიშა.” თუმცა ამ ფაქტს მოჰყვა არაოფიციალური ინფორმაციაც, რომლის მიხედვით, შევარდნაძემ, უბრალოდ, არ ისურვა თავის ძველ მეგობართან საუბარი. 

“აქ საგანგაშო არაფერია, პირადად რუსეთთან ჩვენ პერიოდული საუბრები გვაქვს, მაგრამ არ ყოფილა კონკრეტული საუბრები საქართველოზე. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ რეგიონში ფართო სპექტრის საკითხებზე”, – განაცხადა ლინ პასკომ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მხრიდან დიდ დაინტერესებას საქართველოს მიმართ და აცხადებს, რომ მიუხედავად ვერშემდგარი სატელეფონო საუბრისა, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის პირისპირ შეხვედრა.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button