
ოპოზიცია ტაქტიკას ცვლის – “მარში კანცელარიისკენ”
შევარდნაძე დათმობაზე წასვლას არ აპირებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარი განაცხადა პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე ოპოზიცია ახალ ტაქტიკაზე გადადის და 19 ნოემბერს “მარშს კანცელარიის შენობისკენ” გეგმავს. “პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ იგი არ აპირებს გადადგომას, საჭირო გახდა მარში უკვე კანცელარიასთან. პრეზიდენტმა თავად არ იცის რა სურს, სამაგიეროდ იცის ხალხმა”, – განაცხადა 17 ნოემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, საპროტესტო აქციები უკვე მიმდინარეობს თითქმის ყველა რეგიონსა და ქალაქში, გაფიცულნი არიან პედაგოგები და ექიმები. მოსახლეობის მობილიზება კი 19 ნოემბერს თბილისში მოხდება, რომელსაც თავად ჩაუდგება სათავეში. “ჩვენ კონსტიტუციური უფლება გვაქვს ნებისმიერ ადგილას გავმართოთ საპროტესტო აქციები. ეს იქნება მშვიდობიანი აქცია. პრეზიდენტს პირობას ვაძლევთ, რომ მას ფიზიკურად არავინ შეეხება და თავიდან ერთი თმაც არ ჩამოუვარდება”, – აცხადებს სააკაშვილი. საყოველთაო მარშის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 17 ნოემბერს დილით მთელი საქართველოს მასშტაბით, პროტესტის ნიშნად, ავტომანქანების გაბმული სიგნალებისა და სტვენის ფონზე პრეზიდენტის მიერ გამართული ბრიფინგსა და რადიოინტერვიუში გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს. ედუარდ შევარდნაძე, საზოგადოების წარმომადგენელთა და ოპოზიციის მომხრეთა ათდღიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ვერც ძალადობის გზით მოხდება მისი გადაყენება. იგი ოპოზიციური ძალების – ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მოუწოდებს შეწყვიტონ საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლა და მზადყოფნას გამოხატავს მათთან შესახვედრად. “რას ჰგავს მოთხოვნები ოპოზიციური პარტიების მხრიდან, პრეზიდენტი გადავაგდოთ, ჩამოვაგდოთ. მანამდე გვერდები არ აუდგეთ მათ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა არ მოხდეს ძალის გამოყენება და ვაფრთხილებ მათ, ვინც ამას მოითხოვს, რომ თუ ეღირსებათ ხელისუფლებაში მოსვლა, ყველაფერი ასმაგად დაუბრუნდებათ. რაც არ უნდა სცადონ, მე მჯერა ჩემი ხალხის”, – განაცხადა 17 ნოემბერს ტრადიციულ რადიოინტერვიუში შევარდნაძემ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იგი გადადგება, ქვეყანაში სრული ქაოსი იქნება. “კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვითარება პარლამენტმა უნდა აკონტროლოს. ძველი პარლამენტი უკვე უფლებამოსილი არ არის, ახლის მუშაობის დაწყება კი არ სურთ. აქედან გამომდინარე ქაოსი გარდუვალია”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. საქართველოს პრეზიდენტი თავად ოპოზიციური პარტიების მიერ საპროტესტო აქციების მოწყობას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ხელისუფლებისთვის ბრძოლად აფასებს და აცხადებს, რომ მათ მხოლოდ საკუთარი ადგილების დაკავების ინტერესი ამოძრავებთ და არა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. მისივე თქმით, იგი მოვლენების ასე განვითარების მოელოდა. “ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის უკადრისი ხერხებით და ათიათასობით ადამიანის გულწრფელობის ბოროტად გამოყენებით. ყველას ვეუბნები, რომ ძალადობით პრეზიდენტის პოსტს ვერ დაეუფლებიან. აქ გასაკვირი არაფერია, მანამდეც ისეთი საინფორმაციო ფონი იყო, რომ მოვლენების ასე განვითარება მოსალოდნელი იყო”, – განაცხადა შევარდნაძემ. მისი თქმით, თავად ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც ხალხს მოუწოდებენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ, არ არიან ერთ მოსაზრებაზე. ერთი ითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთვალყურეობით მოხდეს მონაცემების დაჯამება და მათი გამარჯვების აღიარება, მეორე კი, საერთოდ, კომისიის შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას. “უცნაური და ცოტა კომიკური სიტუაციაა ის, რომ ეს ადამიანები ერთობლივად ატარებენ მიტინგებს. ვეკითხები მათ ვინც ამ მიტინგებზე იკრიბება, ძვირფასო თანამემამულენო, ნუთუ ვერ ამჩნევთ, ბრმა იარაღად რომ გიყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის”, – მიმართა შევარდნაძემ მოსახლეობას. მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ იგი პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას აპირებს. “მე კონსტიტუცია მავალებს, რომ მოვიწვიო პარლამენტის პირველი სხდომა. ერთ-ერთ სხდომაზე თავადაც ვაპირებ მისვლას და ახალ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შევთავაზებ”, – განაცხადა მან. ედუარდ შევარდნაძე ასევე პირობას იძლევა, რომ იმ პირების დასჯის საკითხს დააყენებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში და დაარღვიეს კანონი. პრეზიდენტი ასევე მოითხოვს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც იმსჯელებს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას ხელისუფლებამ აღიაროს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება, პრეზიდენტს გაუგებრად მიაჩნია. მისი თქმით არჩევნებმა აჩვენა, რომ ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის” 20-21% მოიპოვა, დანარჩენმა პარტიებმა კი 80%, მათ შორის წარმატებული შედეგი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ამის სანაცვლოდ, მისი ლიდერი ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს ავრცელებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების გარდა ყველა პოლიტიკური პარტია, ღიად თუ ფარულად ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ამის მაგალითად გამოდგება 18 ნოემბერს დილიდან სპორტის სასახლესთან შეკრებილი აღორძინების მხარდამჭერები, რომლებიც აჭარიდან ჩამოიყვანეს. ისინი ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი აქციას ატარებენ თბილისში. აღსანიშნავია, რომ გასული დღეების განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი ათობით ათასი ადამიანის მხარდასაჭერად რეგიონებიდან მომავალ მოქალაქეებს პოლიცია გზებს უკეტავდა და თბილისში ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მაშინ როდესაც აღორძინებისა და შევარდნაძის მხარდამჭერებს ბათუმიდან თბილისამდე ჩამოსასვლელად არავითარი დაბრკოლება არ შექმნია. თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”
შევარდნაძის განცხადებით, კონსტიტუციის და კანონიერების დარღვევის შემთხვევაში სისხლისღვრა გარდუვალი იქნება. “სამოქალაქო დაპირისპირებიდან, სამოქალაქო ომამდე ერთი ნაბიჯია”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
იგი ჯერ-ჯერობით თარიღს ვერ ასახელებს, თუ როდის მოხდება კომისიის შექმნა და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამოძიება, თუმცა აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ შინაგან საქმეთა, უშიშროების მინისტრებმა, გენერალურმა პროკურორმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.