
შევარდნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს არ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს
13 ნოემბერს გვიან საღამოს მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, რომელმაც ხალხს უფრო დიდი საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდა პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით, ედუარდ შევარდნაძემ 14 ნოემბერს მოსახლეობას მიმართა და შესაძლო “სამოქალაქო დაპირისპირებისა” და “სამოქალაქო ომის” თაობაზე გააფრთხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მზადყოფნა ოპოზიციასთან დიალოგისთვის.
“მზად ვარ ოპოზიციასთან დიალოგისა და ნორმალური ურთიერთობისთვის. არავისთან შეხვედრის ამ მეშინია და არც მრცხვენია. ზურაბთან და ნინოსთან [ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერები ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე] საერთო ენის გამონახვა შეიძლება. მე მზად ვარ “მთავარსარდალსაც” [ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი] შევხვდე, მიუხედავად იმისა, რომ მან შეურაცხყოფა მომაყენა გასულ კვირას [სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა მოლაპარაკებები პრეზიდენტთან]. მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე, რათა სამოქალაქო დაპირისპირება ავიცილოთ თავიდან”, – განაცხადა შევარდნაძემ 14 ნოემბერს საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე.
მან მოსახლეობას მოუწოდა არ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, სახლებში დაბრუნდნენ და თავიანთი საქმეები აკეთონ.
“იქ არავითარი სეირი და თეატრალიზებული დადგმა არ იქნება. იქნება ძალიან ცუდი დასაწყისი იმისა, რაც გველოდება. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ”, – დასძინა პრეზიდენტმა.
მან ყველას მოუწოდა კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ და კანონები დაიცვან.
“თუ ჩვენ ამ გზას გადავუხვევთ, ჩვენ ვერ ავიცილებთ არა მარტო სამოქალაქო დაპირისპირებას, არამედ სამოქალაქო ომსაც. სანამ მე კანონიერი პრეზიდენტი ვარ, მე არ დავუშვებ მოსახლეობის გახლეჩას ორ ბანაკად და სამოქალაქო კონფრონტაციას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოსახლეობის მიერ შევარდნაძის გადადგომის თაობაზე ხელმოწერების საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ პირობებში მისი გადადგომა უპასუხისმგებლობა იქნებოდა მისი მხრიდან.
არჩევნები ჩატარებულია, რაც გასაუქმებელი იყო უქმდება. ეს პროცესი მიმდინარეობს, თუ რამ უსამართლობა იყო გასწორდება. რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა და საპარლამენტო ხელისუფლება ძალაში შევა, იქნებ პრეზიდენტის გადადგომას მე თვითონ მოვაწერო ხელი. ამ პირობებში ჩემი გადადგომა დიდი უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
“რაც შეეხება იმას, რომ გაიძახიან ჩაუშესკუ, მილოშევიჩი, არ არის ეს სერიოზული ამბავი, მე არც ჩაუშესკუს და არც მილოშევიჩის ბედი არ მელოდება”, – განაცხადა შევარდნაძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს, კანონების დაცვით.
9 ნოემბერს ღამით შევარდნაძე სააკაშვილს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს კრწანისის რეზიდენციაში შეხვდა. თუმცა, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სააკაშვილმა შეხვედრა მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტს ურჩია, მილოშევიჩის მსგავსად გადამდგარიყო.
13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას უფრო ფართომასშტაბიანი აქციისკენ მოუწოდა ერთადერთი მოთხოვნით – შევარდნაძის გადადგომა.
2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ წარმოშობილი უთანხმოებების მოლაპარაკებების გზით მოგვარების ბოლო იმედები გაქრა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ “შევარდნაძესთან მოლაპარაკების ყველა საშუალება ამოიწურა”.
“ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა შევარდნაძის გადადგომაა. მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს მოვიდეს 14 ნოემბერს პარლამენტთან და მოითხოვოს შევარდნაძის გადადგომა”, – განაცხადა სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვაში, რომელშიც მან საზოგადოებას ქართულად და რუსულად მიმართა.
მან განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისში საკუთარი თავის გადასარჩენად შევარდნაძე მზად არის “საქართველოში ეთნოკონფლიქტებიც კი გააღვივოს”.
“არ დაუჯეროთ მათ, ვინც ამბობს რომ შევარდნაძე არასოდეს არ გადადგება. ეს არ არის მართალი. გაცილებით უფრო ძლიერ პრეზიდენტებს დაუტოვიათ პოსტები აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, როდესაც ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა”, – განაცხადა სააკაშვილმა მიმართვაში.
13 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს სააკაშვილმა განუცხადა, რომ “არ აპირებს პრეზიდენტთან შეხვედრას”.
“ჩვენ შევწყვეტთ ყოველგვარ ურთიერთობას ხელისუფლებასა და პრეზიდენტთან. მე შევარდნაძეს არ შევხვდები, ვიდრე ის არ გადადგება. მე მოვითხოვ შევარდნაძის უპირობო გადადგომას”, – თქვა სააკაშვილმა.
მან დაამატა, რომ “შევარდნაძესთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ასლან აბაშიძეს შეხვდა”.
“იგი დაპირდა აბაშიძესა და მის “აღორძინების კავშირს” [რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა არჩევნების შედეგების მიხედვით] საუკეთესო ადგილებს მთავრობასა და პარლამენტში. ჩვენ არ დავუშვებთ თბილისში აბაშიძის რეჟიმის დამყარებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა შეთანხმებული იქნა სხვა ოპოზიციურ ლიდერებთანაც – პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან.
ოპოზიციურ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება დაითანხმოს ისინი მოლაპარაკებებზე დროის გაყვანის მიზნით. 9 ნოემბერს ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს შეხვდნენ, მაგრამ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. პრეზიდენტმა ოპოზიციას შესთავაზა შეიქმნას “სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე და არჩევნების დროს მომხდარ დარღვევასა და უწესრიგობას”. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის არ არის პასუხისმგებელი არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე.
შევარდნაძესა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა მოსალოდნელი იყო 12 ნოემბერს, მაგრამ სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია სახელმწიფო კანცელარიაში არ მივიდნენ.
იმავე დღეს გვიან საღამოს შევარდნაძემ განაცხადა, რომ ის საათნახევარი უცდიდა მათ. მან შეხვედრის ჩაშლა ოპოზიციურ ლიდერებს შორის შესაძლო უთანხმოებით ახსნა.
“ალბათ ისინი ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რა შემომთავაზონ მე. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისათვის”, – განაცხადა შევარდნაძემ.
ხმები ოპოზიციის ლიდერებს შორის უთანხმოებების თაობაზე გავრცელდა 11 ნოემბერს გვიან საღამოს სააკაშვილსა და სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ.
ამ შეხვედრის კომენტირებისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა შედგა აშშ-ს ელჩის რიჩარდ მაილსის შუამდგომლობით და მის დროს განხილულ იქნა ოპოზიციის მოთხოვნები. სააკაშვილმა უარყო ბურჯანაძესა და ჟვანიასთან რაიმე უთანხმოების არსებობა.
13 ნოემბერს “სივილ ჯორჯიასათვის” მიცემულ მოკლე ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემაც ასევე უარყო ასეთი უთანხმოების არსებობა და ჭორებს “უსაფუძვლო” უწოდა. მან აღნიშნა, რომ “ოპოზიციურ ლიდერებს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს. მე და ზურაბმა [ჟვანიამ] არ ვიცოდით, რომ სააკაშვილი ჯორბენაძესთან შეხვედრას აპირებდა. მაგრამ შეხვედრის შემდეგ მან ყველა დეტალი გაგვაცნო”.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება “ვიდრე ხელისუფლება არ წავა კომპრომისზე”.
“ჩვენ კვლავ მოვითხოვთ პრეზიდენტისა და ხელისუფლებისაგან არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების აღიარებას. ჩვენ არ შევხვდით შევარდნაძეს 12 ნოემბერს, რადგან ვიცოდით, რომ ის არ წავიდოდა კომპრომისზე”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ “სივილ ჯორჯიას” 13 ნოემბერს.
“თუ ხელისუფლება არ აღიარებს ოპოზიციის გამარჯვებას, ჩვენ [“ბურჯანაძე-დემოკრატები”] უარს ვიტყვით პარლამენტში შესვლაზე”, – დასძინა მან.
უშედეგო შეხვედრებმა კიდევ უფრო გაამწვავეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება. ამავე დროს, უთანხმოება სახელისუფლებო ბლოკში კრიზისიდან გამოსვლის გზების თაობაზე კიდევ უფრო ართულებს ამ დაპირისპირების დასრულებას.
სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა 12 ნოემბერს წამოაყენა წინადადება ეღიარებინათ 2 ნოემბრის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება.
“ეს არის შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა”, – განუცხადა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს.
მან განაცხადა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა უჩივლოს საარჩევნო კომისიებს სადაო უბნების თაობაზე.
“დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელს და გააუქმებს არჩევნების შედეგებს, მაგალითად, ქვემო ქართლის გარკვეულ უბნებში. სამთავრობო ბლოკმა არ უნდა გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა საშუალება მისცეს “ნაციონალურ მოძრაობას” დაიკავოს პირველი ადგილი არჩევნებში”, – განმარტა რჩეულიშვილმა.
თუმცა, 13 ნოემბერს ბლოკის სხვა წევრმა ვიტალი ხაზარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უნდა წავიდეს კომპრომისზე. უფრო ადრე ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ ასევე განაცხადა, რომ “პრეზიდენტი არ უნდა დაემორჩილოს ოპოზიციის მუქარასა და პროტესტს”.
თუმცა ასეთი კომპრომისები და “ნაციონალებისათვის” პირველი ადგილის მინიჭება შეიძლება უკვე გვიანი იყოს, რადგან შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციამ რადიკალური პოზიცია აირჩია.
გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”