ახალი ამბები

უძილო ღამეები უკეთესი მომავლის მოლოდინში

სამოქალაქო პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ

ცივი, წვიმიანი და უძილო მეოთხე ღამე პარლამენტის შენობის წინ. საპროტესტო აქციის მონაწილენი კვლავ მოითხოვენ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას.

პარლამენტის შენობაში კი ოპოზიციის სამი წარმომადგენელი უკვე მეორე დღეა შიმშილობს და ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების აღიარებას მოითხოვს. აქციის მონაწილენი უკან დახევას არ აპირებენ.

“ჩვენ რომ ახლა ბოლომდე არ მივიყვანოთ საქმე, მაშინ ჩემს პატარა შვილს ისეთივე გაუბედურებულ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება, როგორშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ ყველაფრის მიუხედავად ამ ხალხთან ერთად აქ ბოლომდე დგომას ვაპირებ,” – ამბობს 24 წლის თბილისელი მერაბ.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა აშკარად დაგვანახა, რომ თუ რამე დადებითი ხდება ამ ქვეყანაში, ეს ისევ უბრალო ხალხის და სამოქალაქო სექტორის დამსახურებაა. ეს არჩევნები გასული წლების არჩევნებისგან საზოგადოების დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა. არჩევნების დღეს მოსახლეობის დიდ ნაწილს რიგში დგომა უხდებოდა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, იმ იმედით, რომ არჩევნები ქვეყანაში რამეს შეცვლიდა. წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი ათასობით ადამიანი უკვე ქუჩაში გამოვიდა საკუთარი ხმების დასაცავად.

“არჩევნების დღეს ყველა საქმე გადავდე, რათა წავსულიყავი და დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია. ორი საათი რიგში ვიდექი ხმის მისაცემად. ასეთი მონდომებული არცერთი არჩევნებისას არ ვყოფილვარ, თუმცა, შედეგად ისევ ვერაფერი ვერ მივიღე. ახლა ისღა დამრჩენია, რომ დავრჩე აქ პარლამენტის შენობის წინ და ბოლომდე ვიბრძოლო ჩემი ხმის დასაცავად”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თბილისელმა თამარ ქანთარიამ.
 
საკუთარი ხმის დასაცავად პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ თბილისის მოსახლეობა არ შეიკრიბა. მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ასეულობით ადამიანმა რეგიონებიდანაც ჩამოაღწია დედაქალაქში. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს ქვეყნის მთავარი მაგისტრალები და თბილისისკენ მომავალი ავტობუსების გადაადგილებას ხელს უშლის.

“მე ბაღდათიდან ჩამოვედი. თავდაპირველად ავტობუსებით წამოვედით, თუმცა ბაღდათის გამოსასვლელთან გაგვაჩერეს და აღარ გამოგვიშვეს, რის შემდეგაც რამოდენიმე ადამიანი მსუბუქ მანქანებს დავემგზავრეთ. ხაშურამდე ასე ჩამოვაღწიეთ, ხაშურიდან თბილისამდე კი უკვე მატარებლით ვიმგზავრეთ, რათა ამ საპროტესტო აქციაში მიგვეღო მონაწილეობა. ხელისუფლება ვეღარ შეძლებას ჩვენს გაჩერებას,” – ამბობს 23 წლის ბაღდათელი დათო. მისივე თქმით, მასთან ერთად რამდენიმე ხაშურელიც ჩამოვიდა თბილისში მატარებლით, მას შემდეგ რაც ავტობუსით ვერ შეძლეს ხაშურიდან გამოსვლა.

“მე ბედნიერი ვარ რომ აქ ვდგევარ. მას შემდეგ რაც აფხაზეთიდან გამოგვაძევეს, სულ იმაზე ვოცნებობდი, რომ სადმე გამოვსულიყავი და ჩემი პროტესტი გამომეხატა ამ მთავრობისადმი. ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა,” – ამბობს სოხუმიდან დევნილი 69 წლის ქალბატონი.

ღამით დემონსტრანტები სიმღერებითა და ცეკვებით იქცევენ თავს. დღისით კი ოპოზიციის ლიდერების მოწოდებებს ისმენენ და მოუთმენლად ელიან მოვლენების განვითარებას. პარლამენტის შენობაზე დაამონტაჟეს დიდი ეკრანი, რომლის მეშვეობითაც თვალყურს ადევნებენ დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებებს.

მომიტინგეთა შორის შეხვდებით მრავალ ნაცნობ სახეს. აქ მოდიან ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, მუსიკოსები რათა არსებული რეჟიმისადმი საკუთარი პროტესტი დააფიქსირონ.

“ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტად არ დაბადებულა. მეც ვიყავი ერთ დროს თეატრში წამყვანი მსახიობი, მაგრამ რომ ვნახე თამაში აღარ შემეძლო, წამოვედი. აქ საგანგაშო არაფერია, ეს ცხოვრების წესია”, – ამბობს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე.

“მე არ მსურს ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ და არაფერი იცვლება არჩევნებითაც, როცა ხალხი უარს ეუბნება ხელისუფლებას, სინამდვილეში კი არაფერი იცვლება. ეს ჩვენი დაცინვაა”, – აცხადება მწერალი დავით ტურაშვილი.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს საზღვარგარეთ მყოფი მრავალი ქართველიც გამოეხმაურა. ამასწინათ შეერთებულ შტატებში სასწავლებლად მყოფმა რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ ღია წერილით მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს, და ხმების დროული და სამართლიანი დათვლისკენ მოუწოდა.

რეჟისორი დიტო ცინცაძე, რომლის ფილმმა “გასროლის შიში” ახლახანს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა, უკვე რამოდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. “მთელი ჩემი ოჯახი 2 ნოემბერს წავედი არჩევნებზე საქართველოს საელჩოში ბერლინში, იმ იმედით, რომ ეს არჩევნები რამე ცვლილებას მოიტანდა. მაგრამ ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ეს შეურაცხმყოფელი იყო. ძალიან მინდა ვიყო თბილისში და დავდგე რუსთაველის მოედანზე იმ ხალხის გვერდით, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ მართავს აქციას,” – განუცხადა დიტო ცინცაძემ “სივილ ჯორჯიას” სატელეფონო საუბრისას. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების პროტესტი სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან ხალხი უაღრესად უკმაყოფილოა ამჟამინდელი რეჟიმით.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია ამბობს, რომ მოსახლეობას არჩევნების იმედი ჰქონდა. მისი თქმით, ამ იმედის გაცრუების შემდეგ ხალხს უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად ქუჩაში გასვლა დარჩა.

“ამ არჩევნებმა დადებითი ერთადერთი ის გამოავლინა, რომ საზოგადოებამ აჩვენა მაღალი დონე და რწმენა არჩევნების მიმართ. ნეგატიურია ის, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა და რასაც არავინ მოელოდა. საზოგადოების აქტიურობის მიუხედავად, არჩევნებმა ვერაფერი შეცვალა, ამას კი, შესაძლოა, რევოლუციური განვითარება მოჰყვეს, რაც სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ.

“სამოქალაქო საზოგადოება ათწლიანი პაუზის შემდეგ გამოფხიზლდა და ცდილობს არ შეეგუოს მისთვის მიუღებელ ქმედებას ხელისუფლების მხრიდან. საკუთარ მოთხოვნას საზოგადოება უკვე ხმამაღლა და მკვეთრად გამოხატავს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სოციოლოგმა გიგი თევზაძემ.

“რომ არა საზოგადოების აქტიურობა, ოპოზიციური პარტიები პრაქტიკულად ვერაფერს გახდებოდნენ. ეს ნათელიცაა, ხალხი ისე, როგორც არასდროს, არის მობილიზებული საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად”, – დასძინა მან.

ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ასეთ ვითარებაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ოპოზიციის ლიდერებზე. “საპროტესტო გამოსვლები, ერთის მხრივ, საჭირო და აუცილებელიცაა. ოპოზიციური პარტიების მხრიდან უნდა იყოს აქტიურობა და ორგანიზებულობა. თუ ორგანიზებული არ იქნება ამას, ხელისუფლება თავის სასარგებლოდ გამოიყენებს”, – განაცხადა გია ნოდიამ.
 
“ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ბრძოლა, მთავარია, ახლა ოპოზიციის ლიდერებმა ზურგი არ შეგვაქციონ და პროცესი ბოლომდე მიიყვანონ”, – ამბობს 20 წლის თბილისელი სალომე მ.

თეა გულარიძე, გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button