
შევარდნაძე ოპოზიციას დიალოგზე ვერ ითანხმებს
ათასობით მომიტინგის მიერ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნის ფონზე სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო კანცელარიაში კონსულტაციები გამართეს.
“ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი დარღვევა ან უწესრიგობა არჩევნების დროს უნდა გამოსწორდეს კანონიერი გზით, სასამართლოს მეშვეობით და არა ქუჩებში”, – განაცხადა ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” წევრმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ.
ოპოზიცია კი კვლავ მყარ პოზიციაზეა და ითხოვს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასა და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას.
ხმების საერთო რაოდენობის 95%-ს დათვლის შემდეგ, ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” ხმების 20,8%-ით ინარჩუნებს მცირე უპირატესობას 19,6%-ით მეორე ადგილზე მყოფ ასევე სამთავრობო პარტიასთან “აღორძინების კავშირთან”. ხმების 18%-ით მესამე ადგილზე ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობაა”.
ათასობით ადამიანი, რომელთაც მთელი ღამე გაატარეს პარლამენტის შენობის წინ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით, კვლავ პარლამენტის წინ არიან შეკრებილნი.
დღეს დილით შევარდნაძე მივიდა საპროტესტო აქციის მონაწილეებთან, სადაც იმის მოწმე გახდა, რომ ქართველთა უმეტესობა დაიღალა მისი რეჟიმით.
“წადი, წადი! გადადექი!”- ყვიროდა ხალხი მაშინ, როცა პრეზიდენტი ცდილობდა დალაპარაკებოდა მათ.
შევარდნაძე მოკლედ გაესაუბრა პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ასევე ხალხს შორის იყო.
პრეზიდენტი უკვე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიუახლოვდა და შეეცადა დალაპარაკებოდა მას, თუმცა პრეზიდენტის დაცვამ იგი მანქანასთან არ მიუშვა.
“მე ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი, შევხვდებით მას რათა გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ.
თუმცა სააკაშვილმა არ მიიღო შევარდნაძის წინადადება სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრის თაობაზე. “ჩვენ [ოპოზიციის ლიდერები], მათ შორის ნინო ბურჯანაძეც, არ ვაპირებთ სახელმწიფო კანცელარიაში მივიდეთ და შევარდნაძესთან მოლაპარაკებები გავმართოთ”.
“თუ მას ჩვენთან საუბარი სურს, მე ვთავაზობ მას შეგვხვდეს არა კანცელარიაში, არამედ ხალხში”, – განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 9 ნოემბერს.
“მას [შევარდნაძეს] ეგონა, რომ დაგვითანხმებდა საპროტესტო აქცია შეგვეწყვიტა, მაგრამ არა. ჩვენ არ დავიშლებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა სააკაშვილმა დღეს დილით.
ოპოზიცია შევარდნაძის გადადგომას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო საქართველოში, რაც ხელისუფლებამ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.
ოპოზიცია დათმობას არ აპირებს. სააკაშვილმა განაცხადა, “ეს ჩვენი ბოლო შანსია, რომ ქვეყანა შევარდნაძისგან გავათავისუფლოთ”.
ხალხიც არ აპირებს დათმობაზე წასვლას. მათ იმედი აქვთ, რომ ოპოზიცია მათ არ მიატოვებს.
“მე აქ იმდენი ხანი ვიდგები, რამდენიც საჭიროა. მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომლის პრეზიდენტი და მთავრობა ხალხზე არ ზრუნავენ”, – განაცხადა აქციის მონაწილე 21 წლის სტუდენტმა.
საპროტესტო აქციის ბევრი მონაწილე თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა მათ მთელი რიგი დაბრკოლებები შეუქმნეს მათ გზებზე.
“თავდაპირველად ჩვენ ავტობუსებით მოვდიოდით. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაგვაჩერა და აღარ გამოგვიშვა, ჩვენ მატარებლით გავაგრძელეთ გზა. ისინი [ხელისუფლება] ვერ შეგვაჩერებენ”, – განაცხადა თბილისში აქციაზე ჩამოსულმა ხაშურის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
შინაგანმა ჯარმა და პოლიციამ თბილისის ყველა ძირითადი მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი თბილისში მომავალ ყველა ავტობუსს აჩერებენ, რათა ხალხს არ მისცენ საშუალება საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სპეცდანიშნულების რაზმები კანცელარიის შენობას იცავენ. მხოლოდ კანცელარიაში აკრედიტირებულ ჟურნალისტებს აქვთ საშუალება კანცელარიის მიმდებარე ქუჩებზე მოხვდნენ.
გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”