skip to content
ახალი ამბები

ხელისუფლებამ ვერ შეძლო არჩევნების სწორად ადმინისტრირება, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნები”

(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შემდეგ საარჩევნო პროცესის პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ “არჩევნების დღეს ფართოდ იჩინა თავი ამომრჩეველთა სიებში არსებულმა უზუსტობებმა, რაც არაერთხელ იყო ხაზგასმული “სამართლიანი არჩევნების” მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებში. საქართველოს ხელისუფლების მიერ შედგენილ ამომრჩეველთა სიებში უზუსტობას და მასთან დაკავშირებულ ქაოსს შედეგად მოჰყვა ამომრჩეველთა დიდი ნაწილისათვის ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა”.

“საარჩევნო ადმინისტრაციებმა ვერ შეძლეს კანონის შესაბამისად მოქმედება, თუმცა ეს არ შეიძლება მხოლოდ ადმინისტრაციულ შეცდომად ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში საუბარია საარჩევნო კანონმდებლობის განზრახ დარღვევის მცდელობებზეც. დამკვირვებლებზე ზეწოლა არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ადმინისტრაციის შეცდომა, ისევე როგორც ბიულეტენების ჩაყრას არ შეიძლება არაკომპეტენტურობის შედეგი ვუწოდოთ. არჩევნების შედეგების გაყალბება არ არის შეცდომა, ეს დანაშაულია”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ იმას, რაც მოხდა არჩევნების დღეს, არ შეიძლება დაერქვას მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა, მაშინ როდესაც, ხშირ შემთხვევაში, ეს იყო საარჩევნო პროცესისათვის წინასწარგანზრახულად ხელის შეშლა.

“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ შეგროვებული მონაცემებით, არჩევნების დღეს ხელოვნურად არის გაზრდილი ამომრჩეველთა აქტივობა და გაყალბებულია ოქმები. განსაკუთრებით თვალნათელი გახდა ეს აჭარასა და ქვემო ქართლში. “სამართლიანი არჩევნები” უახლოეს პერიოდში გაავრცელებს დეტალურ ანგარიშს გამოვლენილი დარღვევების შესახებ, როგორც კი მოხდება დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საბოლოო დახარისხება და ანალიზი.

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ დარღვევების მასშტაბურობის მიუხედავად, არჩევნები ტოტალურად არ გაყალბებულა. დამკვირვებელთა ძალისხმევამ და ამომრჩეველთა სურვილმა დაიცვა არჩევნები”, – აცხადებენ სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები.

“სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გამოიჩინოს კეთილი ნება და თავიდან აიცილოს არჩევნების შედეგების გაყალბება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცსკო-მ უარი უნდა თქვას გაყალბებული შედეგების დადასტურებასა და ცნობაზე. “სამართლიანი არჩევნების” მიერ ამ დროისთვის შეტანილ საჩივართა რაოდენობა დაახლოებით ოთხასია. აუცილებელია ცსკო-მ მიიღოს ზომები იმ დარღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს მიერ ხმის მიცემისა და დათვლის დროს დაფიქსირდა.

Back to top button