
ოპოზიციის ათასობით მომხრე არჩევნების ობიექტურ შედეგებს მოითხოვს
“დღეს არის ერთად დგომის დღე, რათა დავიცვათ არა ჩვენი, რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესები, არამედ მათელი ქართველი ხალხის უფლება, რომელმაც თავისი აქტიურობით, საარჩევნო უბანზე მისვლით შეძლო საკუთარი ნების დაფიქსირება და ეს უფლება დღეს ხელისუფლებამ წაართვა,” – განუცხადა “ბურჯანაძე – დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ თავისუფლების მოედანზე 4 ნოემბრის საღამოს შეკრებილ ათი ათასამდე ადამიანს, რომლებიც არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ. “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის ფარგლებში, რომ თქვენი ერთადერთი უფლება, რაც ამ ქვეყნად გაგაჩნიათ, თავისუფალი არჩევანის და ხმის უფლება არ წაგართვან. ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისათვის”, – განაცხადა ამავე ბლოკის სხვა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მოუწოდებდნენ, თავიანთი ხმები ბოლომდე დაიცვათ და არ მიეცათ ხელისუფლებისთვის ბოლო შანსის წართმევის უფლება, რომ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში. “ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, სადაც ცდილობენ თქვენი არჩევნების შედეგების შეცვლას. აქ კი დგანან ის ხალხი, რომელიც არ დათმობს საკუთარ ნებას, რაც უკვე გამოხატა არჩევნების დღეს. აქ ერთად დგომით ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ათეულობით ათასი ადამიანი არ აპირებს დათმოს საკუთარი ინტერესები და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მშვიდობიანი, მაგრამ ასეთი ბრძოლის გზით დაიცვას საკუთარი არჩევანი”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ცსკო-ს შენობასთან. მეორე ადგილი, სადაც ბლოკის ლიდერები შეჩერდნენ, პარლამენტის შენობა იყო, რომელიც ასევე ბლოკირებული დახვდათ ძალოვანთა მჭიდრო კორდონით. თუმცა, მსვლელობის მონაწილეებმა შეძლეს პოლიციის კორდონის მიღმა გავლა. თავისუფლების მოედანზე, თბილისის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ შეკრებილ ხალხს, მცირე ხანში კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა. “დავიღალეთ ხელისუფლებისგან დაცინვით, რაც უკვე წლების მანძილზე გრძელდება. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს საკუთარი ხალხის ინტერესები, არჩევნების შედეგებით დაგვანახა, რომ ხალხს დასცინის. მეტის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება”, – განაცხადა თბილისელმა ლადო ქავთარაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას. “ამ არჩევნებს მართლა განსაკუთრებული, იმედის თვალით ვუყურებდით, გვეგონა, რომ შეიცვლებოდა რაღაც, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს. ოპოზიცია, რომ არ გამოსულიყო, ხალხი მაინც გამოვიდოდა ქუჩაში ხელისუფლების წინააღმდეგ” – განაცხადა თბილისელმა თამარ დონდუამ. მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მოახსენა, რომ ხელისუფლებას მობილიზებული ჰყვადა შინაგანი ჯარის ნაწილები და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე, სახელმწიფო კანცელარიასთან და თბილისის სხვა უბნებში იყვნენ განლაგებული. “ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნუ გაავლებს პარალელს აზერბაიჯანის მოვლენებთან, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაფიქსირდა. ამით ნუ გვაშინებს, სისხლისღვრა არ მოხდება, ჩვენ შიშველი ხელებით ვიბრძოლებთ ბოლომდე და არანაირ მათ პროვოკაციას არ წამოვეგებით”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ. სამსაათიანი მშვიდობიანი აქციის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელისუფლებას 5 ნოემბრის 12 საათამდე მისცეს ვადა არჩევნების რეალური შედეგების გამოსაქვეყნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უფრო ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას დაიწყებენ. “ხალხი ბოლომდე აპირებს საკუთარი ღირსების დაცვას და ამას ჩვენ დავანახებთ ხელისუფლებას ერთად დგომით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. “საბოლოოდ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ გადადგამს დაუფიქრებელ ნაბიჯს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ. “იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი 5 ნოემბერს არ აღიარებს საკუთარი სამარცხვინო ბლოკის დამარცხებას არჩევნებში, უკვე პრეზიდენტის წასვლის საკითხს დავსვამთ. თუ უნდა შევარდნაძეს რევოლუცია, იგი მიიღებს რევოლუციას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ზურაბ ჟვანიამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შეიქმნა წინააღმდეგობის ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რომელიც ბოლომდე დაიცავს ამომრჩეველთა ინტერესებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის სრულყოფილი გაერთიანება ვერც გუშინ შედგა. “ახალმა მემარჯვენეებმა” უარი განაცხადეს მონაწილეობა მიეღოთ ქუჩის აქციებში. “ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხმები ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებში დავიცვათ,” – განაცხადა “ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. თუ “ახლებისგან” ასეთი ნაბიჯი გასაკვირი იყო, მოულოდნელი არ ყოფილი “ლეიბორისტების,” “მრეწველებისა” და “აღორძინების” მხრიდან საპროტესტო აქციების იგნორირება. “ვინც დღეს ჩვენთან არ არის, ის არ არის ოპოზიცია,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ მიტინგზე. მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მიუხედავად, ხელისუფლება, როგორც ჩანს, დათმობაზე წასვლას არ აპირებს. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დაგმო ოპოზიციის მიერ თბილისის მერიასთან გამართული საპროტესტო აქცია და განაცხადა, რომ ძალის გამოყენება ხელისუფლების წინააღმდეგ დაუშვებელია. “იმის მუქარა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის პარტია არ მიიღებს გარკვეულ პროცენტებს არჩევნებში, პრეზიდენტი უნდა გადადგეს, დაუშვებელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაისჯება აუცილებლად კანონის ძალით. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობს. საპარლამენტო არჩევნები ყველაზე სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა, ვიდრე ოდესმე”, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს 4 ნოემბერს. ოპოზიციის ულტიმატუმი 5 ნოემბრის 12 საათზე იწურება. ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბებიან თბილისის ფილარმონიში და მხარდამჭერებს სამომავლო მოქმედების გეგმას გააცნობენ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ აღიარებს ოპოზიციის გამარჯვებას, ანუ პირველ ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” პირველ ადგილზე გასვლას, მაშინ ოპოზიცია სახელმწიფო კანცელარიის წინ პერმანენტული საპროტესტო აქციით იმუქრება. ზუსტად ორი წლის წინ, 2001 წლის ნოემბერს ათეულობით ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობის წინ, რათა სიტყვის თავისუფლება დაეცვათ. მაშინ, საპროტესტო აქციას მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენება მოჰყვა. 4 ნოემბერს ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც იმართებოდა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რეგიონებიდან ღამით თბილისში წამოსული ხალხი, რომლებიც ოპოზიციის საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად წამოვიდა თბილისის შემოსასვლელებთან შეაჩერეს, თუმცა ხალხმა ტრანსპორტი მიატოვა და ფეხით წამოვიდა თბილისის ცენტრისკენ. 5 ნოემბრისთვის, მოვლენების ოპოზიციის საწინააღმდეგოდ განვითარების შემთხვევაში რეგიონებიდან ოპოზიციის მომხრეები თბილისში აპირებენ ჩამოსვლას. ოპოზიციის მომხრეთა აქცია 4 ნოემბრის 22 საათისთვის ისევე მშვიდობიანად დაიშალა, როგორც დაიწყო. სამართალდამცავებთან შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. ოპოზიცია კი 5 ნოემბრისთვის ემზადება. თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასწარი შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური გაერთიანებების “ბურჯანაძე-დემოკრატების,” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ერთობის” ლიდერები ხელისუფლებას 4 ნოემბერს ულტიმატუმს უყენებენ და თოთხმეტსაათიან ვადას აძლევენ არჩევნების “რეალური შედეგების” გამოსაქვეყნებლად, სადაც მათი თქმით, ხმათა უმრავლესობა ოპოზიციას აქვს მიღებული. ცსკო-ს წინასწარი ოფიციალური მონაცემებით არჩევნების შედეგად სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობს.
ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერებმა თბილისის ფილარმონიაში 4 ნოემბრის 17 საათზე გამართული შეხვედრის შემდეგ თავიანთ მომხრეებთან ერთად მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე მყოფ “ერთიან ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს შეუერთდნენ. “ეს არის გასეირნება საყვარელ რუსთაველის გამზირზე”, – აცხადებდა ზურაბ ჟვანია. მოგვიანებით მათ თავისუფლების მოედანზე ბლოკ “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილიც შეუერთდა.
ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე თავიანთ მომხრეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ შეჩერდნენ, სადაც პოლიციის და სპეცრაზმების გაძლიერებული კორდონი დახვდათ.
“ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სიტყვა არჩევნები იწვევს ირონიას, ჩვენ გვქონდა და გვაქვს იმის იმედი, რომ არჩევნების შედეგად შესაძლებელია ხელისუფლების მშვიდობიანად წასვლა”, – განაცხადა “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ. “ახლა ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ ხელისუფლება პარლამენტის შენობის წინ არ უშვებს ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს და ორ ვიცე-სპიკერს. იმის გამო, რომ ეს შენობა ხელისუფლებას თავისთვის აქვს დაგულებული. ვერანაირი პოლიციის კორდონები ვერ შეძლებენ ხალხის შეჩერებას, იმ ხალხის, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ერთს – სამართლიანობას. ხალხს არ სურს ძალადობა, ხალხს სურს მშვიდობიანი არჩევნების გზით ცვლილებები”, – აცხადებდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობას და მიტინგს მერიასთან დამოუკიდებელი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ, სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში კი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიოდნენ და ოპოზიციის ლიდერებს დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. ამავე დროს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ არჩევნების შედეგების გაპროტესტება თავისუფლად შეიძლება სასამართლოს გზით.