ახალი ამბები

უცხოელი დამკვირვებლები არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს გმობენ

დამკვირვებლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც საქართველოში 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობას აკვირდებოდნენ, პირველ კომენტარს აკეთებენ და საარჩევნო პროცესს უარყოფითად აფასებენ. მათი განცხადებით, მთავრობამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყვეს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება.

პირველი, რაზეც უცხოელი დამკვირვებლები დარღვევების მხრივ ამახვილებენ ყურადღებას, ეს მოუწესრიგებელი, არაზუსტი ამომრჩეველთა სიებია. გარდა ამისა, დაფიქსირებული იყო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების და საუბნო კომისიების წევრების სათანადოდ მოუმზადებლობა და არჩევნების დღის არაორგანიზებულობა, რასაც სხვა ცალკეულ უბნებზე დაფიქსირებული დარღვევებიც ემატება, რომელთა დაკონკრეტებისგან დამკვირვებლები თავს იკავებენ. თუმცა, ამ დარღვევების შესახებ საუბარი არჩევნების შეფასების საბოლოო დასკვნაში იქნება, რომელსაც უცხოელი დამკვირვებლები ერთი თვის შემდეგ წარმოადგენენ.

უცხოელი დამკვირვებლები აქვე აღნიშნავდნენ, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულ ყურადღებას იმითაც იმსახურებდა, რომ ერთგვარი გამოცდა იყო იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება.

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ვერ შეასრულა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულება. ამის გამო საქართველოს დემოკრატიის ბარძიმი მხოლოდ ნახევრად შეივსო”, – განაცხადა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჯორჯ ფოლსომიმ, რომელმაც საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ პირველი კომენტარი სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე 3 ნოემბერს გააკეთა.

ამას მოჰყვა ეუთო-ს საპარლამენტო და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ხელმძღვანელთა ერთობლივი პრესკონფერენცია 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების თაობაზე, რომელიც შინაარსობრივად არ განსხვავდებოდა ჯორჯ ფოლსომის განცხადებისგან. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საგანგებო კოორდინატორი ბრიუს ჯორჯი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ტომ კოქსი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი დემეტრიო ვილჩიჩი და ეუთო-ს ოფისის არჩევნებზე გრძელვადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი ჯულიან ფილ იეითსი ქართველ ჟურნალისტებს იგივე დარღვევებზე ესაუბრებოდნენ, რაზეც ჯორჯ ფოლსომი.

“სამწუხაროა, მაგრამ ეს არჩევნები საარჩევნო დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობის გაძლიერებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა”, – განაცხადა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საგანგებო კოორდინატორმა, მოკლევადიანი დამკვირვებლების ხელმძღვანელმა ბრიუს ჯორჯმა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა უფრო კარგად ორგანიზებულ არჩევნებს იმსახურებს, რაც სამწუხაროდ 2 ნოემბერს არ განხორციელდა”, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტომ კოქსიმ.

მათი ინფორმაციით, პირველი, რაც ყველაზე აღმაშფოთებელი იყო, არის არაზუსტი საარჩევნო სიები, რომელიც ჯერ კიდევ 1 ნოემბრისთვის არ იყო დაზუსტებული, რის გამოც 2 ნოემბერს საარჩევნო უბნები დროულად ვერ გაიხსნა. უცხოელი დამკვირვებლების განცხადებით, ამის გამო ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა, სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

ამას დაემატა საარჩევნო კომისიების წევრების გაუთვითცნობიერებლობა საარჩევნო პროცედურის ჩატარების შესახებ, რამაც ბევრი ხარვეზი და საარჩევნო პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.  
“საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების უმეტესობა ცდილობდა თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა. თუმცა, ცსკო-მ ისინი სათანადოდ ვერ მოამზადა. ეს, ძირითადად, საარჩევნო ადმინისტრაციების დაგვიანებით დაკომპლექტებამ გამოიწვია”, – განაცხადა ეუთო-ს დამკვირვებელთა გრძელვადიანი მისიის ხელმძღვანელმა ჯულიენ ფილ იეითსმა.

უცხოელი დამკვირვებლები ასევე საუბრობდნენ კონკრეტულ რაიონებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებაც. მათ შორის გამოყოფდნენ ქუთაისს, რუსთავს, თბილისს და სხვა რაიონებს, სადაც მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევები ფიქსირდებოდა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჯორჯ ფოლსომ წარუდგინა.

მისი განცხადებით, მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე არ იყო ამომრჩევლის მარკირებისთვის საკმარისი რაოდენობის მელანი, საარჩევნო ბიულეტენები, უსაფრთხოების ბეჭდები, დათვლილი ბიულეტენებისთვის საჭირო ჩანთები. ასევე არ არსებობდა რეფერენდუმის საჭირო შესაჯამებელი ოქმები.

“არჩევნების დროს დიდი დაბნეულობა და ქაოსი შეიმჩნეოდა არა მხოლოდ საარჩევნო უბნების გახსნის დროს, არამედ მთელი დღის განმავლობაში. ამას ემატებოდა ბიულეტენების გაფორმების მრავალსაფეხურიანი პროცესი, რომლის გამოუცდელობამაც საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა გრძელი რიგები გამოიწვია”, – აცხადებს ჯორჯ ფოლსომი.

ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები კი, დარღვევების მხრივ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლს გამოყოფენ.

უცხოელი დამკვირვებლები არჩევნების დროს ნეგატიური ტენდენციების გარდა პოზიტიურზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს არჩევნები გასულ წლებში ჩატარებული სხვა არჩევნებისგან მოსახლეობის განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა. მათი თქმით, მოხერხდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა და დახვეწა. ასევე 2 ნოემბრის არჩევნები ახლადშექმნილმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატარა.

ყოველივედან გამომდინარე, უცხოელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საქართველოში ახლავე უნდა დაიწყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის მზადება, რომელიც 2005 წელს ჩატარდება და ქართველი ხალხი ქვეყნის ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

“ეს არჩევნები განიხილება საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში, როცა ქვეყანა მომავალ პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებისთვის მზადების პროცესი არ უნდა შეჩერდეს, ბევრი ძალისხმევაა საჭირო, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიული, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდეს”, – განაცხადა ჯულიენ ფილ იეითსმა.

“ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, ყველაფერი მოიმოქმედონ საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად, რათა დროულად მოემზადონ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, აქ კი მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება”, – განაცხადა ჯორჯ ფოლსომიმ.

ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ამ არჩევნების მიმართ, ე.წ. “გრძელვადიანი” უცხოელი დამკვირვებლების არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩამოსვლითაც გამოიკვეთა. ეუთო-ს დელეგაცია ჯულიენ ფილლ იეითსის ხელმძღვანელობით 2 სექტემბერს ჩამოვიდა საქართველოში და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას აკვირდებოდა, დამკვირვებლები ასევე ხვდებოდნენ არჩევნებში მონაწილე ცალკეული პარტიების ლიდერებსაც.

“ჩვენი მისია სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი ვიზიტით სწორედ საქართველოში იმყოფებოდა, რათა დაკვირვება მოეხდინა საარჩევნო პროცედურაზე. სულ, ამ პროცედურას 34 დამკვირვებელი ვადევნებდით თვალს, 12 თბილისში და 22 – სხვადასხვა რეგიონში”, – განაცხადა ჯულიან ფილლ იეითსმა.

საბოლოოდ, უცხოეური დამკვირვებლები ამ ეტაპზე თავს იკავებენ 2 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ განცხადების გაკეთებისგან.

“ჩვენ არ ვაკეთებთ ასეთ მარტივ შეფასებას, ჩატარდა თუ არა საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად. ჩვენ კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვანთ და ამის შემდეგ წარვადგენთ ჩვენს დასკვნას”, – განაცხადეს ეუთო-ს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა.

“არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიაში მონაწილე სტრუქტურები მზად არიან, საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო პროცესში არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარონ. თავის მხრივ, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, საბოლოოდ, პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადეს ეუთოს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button