ახალი ამბები

თბილისმა ბაქოსგან გაზის მოწოდების გარანტიები მიიღო


30 ოქტომბერს “შაჰ-დენიზის” პროექტის ფარგლებში საქართველომ გაზის მოწოდების გარანტია მიიღო.


თბილისში ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის კომპანიის ხელმძღვანელებმა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან ერთად სახელმწიფო კანცელარიაში ხელი მოაწერეს ორ ხელშეკრულებას, რომლებიც ბუნებრივი გაზის საქართველოსთვის მოწოდებას ითვალისწინებენ.


“ეს არის საქართველოსთვის ისტორიული დღე, როცა შესაძლებელია რეალურად ვისაუბროთ ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე. ამის ნათელი მაგალითია ამ ხელშეკრულებების გაფორმება. პრაქტიკულად, დღევანდელი დღით ათწლიანი მუშაობის შეჯამება მოხდა”, – განაცხადა ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ.


“შაჰ-დენიზი, ისევე როგორც “ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის” პროექტი, არ არის მარტო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, არამედ ის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და ევროპის მთელი რიგი ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენენ აღნიშნული პროექტების განხორციელების მიმართ, რადგან ამ პროექტებს ევროპის ქვეყნები თავიანთი ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტად მიიჩნევენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ.


ხელშეკრულებების მიხედვით, ინვესტორები გარანტიას იძლევიან საქართველოს ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად და გარანტირებულად მიწოდების თაობაზე. გაზსადენის პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველო სატრანზიტო გადასახადის სახით უფასოდ მიიღებს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობის 5%-ს.


ამის გარდა, საქართველო სპეციალურ ფასში – 55 დოლარად ყოველი ათასი კუბური მეტრი გაზისათვის, შეიძენს დამატებით მოცულობის გაზს პროექტის ამოქმედებიდან 20 წლის განმავლობაში.


ეკონომიკის სფეროს ექსპერტები დადებითად აფასებენ ამ პროექტის რეალიზაციას. “ერთ მაგალითს მოგიყვანთ, შარშან მოვიხმარეთ 900 მლნ კუბური მეტრი გაზი, მაშინ როცა ამ ხელშეკრულების მიხედვით, 800 მლნ-ს უფასოდ, ხოლო 500 მლნ-ს – შეღავათიან ფასში მივირებთ, ასე, რომ თავისუფლად შეგვიძლია ზედმეტი 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის რეალიზაცია მოვახდინოთ. ამით საქართველო მართლაც დამოუკიდებლობას მოიპოვებს”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ექსპერტმა-ეკონომისტმა ალექსანდრე თვალჭრელიძე.   
 
“პირველად, როცა ამ პროექტზე დაიწყო საუბარი, საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ისე მოიაზრებოდა, ხოლო დოკუმენტში მე-2 და მე-6 მუხლების შეცვლის შემდეგ შესაძლებელი გახდა იმ შეღავათების მიღება, რასაც დღეს მოეწერა ხელი. თავიდან ბევრს არ სჯეროდა ამ პროექტების განხორციელებისა. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტობიდან ისე წავალ, რომ ამ პროექტის დაწყებას აღარანაირი საფრთხე აღარ შეექნება. ეს ჩემი ოცნებაა”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.


აღსანიშნავია, რომ საქართველო ბუნებრივი აირის მომარაგებით მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთიდან 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში ქართული მხარე 60 დოლარს იხდის, რაც ბაზარზე ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდით ახსნა რუსულმა მხარემ. აზერბაიჯანული გაზის შემოსვლით კი შესაძლებელი გახდება ფასის დარეგულირება.


“ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად საქართველო ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებს. აზერბაიჯანული გაზის შემოსვლით შესაძლებელი გახდება ფასის შემცირება. ამ საკითხზე ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ, თუმცა ფასს ბაზარი თავად დაარეგულირებს და ის გაცილებით უფრო შეღავათიანი იქნება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა ნათიგ ალიევმა.


“ამ პროექტის განხორციელებით სავსებით შესაძლებელია ვილაპარაკოთ გაზის იაფ ფასად შეძენაზე, აზერბაიჯანული გაზის შემოსვლა კონკურენციის შესაძლებლობას იძლევა. ეს მეტად მნიშვნელოვანია. რუსეთი კვლავ მოაწვდის საქართველოს გაზს. აზერბაიჯანიდან კი დამატებით შემოსული გაზი საშუალებას მოგვცემს საბჭოთა პერიოდის საქართველო ვიხილოთ, როდესაც კავშირში მყოფი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო იყო მთლიანად გაზიფიცირებული – მთა და ბარი”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.


“შაჰ-დენიზის” პროექტის განხორციელებით განსაკუთრებით დაინტერესებულია ამერიკის შეერთებული შტატები. ამას მიუთითებს ამერიკული ნავთობის და გაზის კომპანიების წარმომადგენლების სრული მობილიზება “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის”, “ბაქო-სუფსისა” და “შაჰ-დენიზის” პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიმართ და მათი მხრიდან ხელშეწყობა. 


“გიგანტური 31 ტრილიონი კუბური ფუტის მოცულობის შაჰ-დენიზის გაზის საბადოს ათვისება და ახალი 42 დუიმი დიამეტრის მქონე გაზის საექსპორტო მილსადენის – სამხრეთ კავკასიის მილსადენის, მშენებლობა აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის და კავკასიის ენერგოობოექტების ერთიანი კომპლექსის განუყოფელი ნაწილია. პროექტები, რომლებიც გარდაქმნის აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ეკონომიკას და მომავალი კეთილდღეობის პერსპექტივებს შეუქმნის მათ ხალხს”, – განაცხადა “ბი-პი აზერბაიჯანის” პრეზიდენტმა დევიდ ვუდვორდმა. 


ამერიკელების დაინტერესება აშკარად გამოიხატა მაშინაც, როდესაც ამერიკულმა მხარემ მღელვარება გამოხატა 2003 წლის აგვისტოში ქართულ მხარესა და რუსეთის გაზის კომპანია “გაზპრომს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანია “იტერასთან” საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდებას “გაზპრომიც” დაიწყებს.


“”გაზპრომთან” გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას “შაჰ-დენიზის” პროექტის განხორციელებას, რაც სავალალო იქნება ქვეყნისთვის”, – აცხადებდა აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი. ამას მოჰყვა აშშ-ს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტივენ მანის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ მყარი გარანტიები მიიღო აღნიშნული პროექტის უსაფრთხოდ განხორციელებასთან დაკავშირებით.


“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც ხელს შეუშლის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა სტივენ მანმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ.      
 
თავად “შაჰ-დენიზის” პროექტი, ნათიგ ალიევის ინფორმაციით, დაახლოებით 3,2 მილიარდი დოლარი დაჯდება. სამხრეთ კავკასიის მილსადენი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად მშენებარე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პარალელურად. როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ისე სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მშენებლობას, კომპანია “ბი-პის” საპროექტო ჯგუფი უხელმძღვანელებს.
 
ხელშეკრულების მიხედვით, უშუალოდ გაზის მოწოდება აზერბაიჯანის კასპიის ზღვის აუზის შაჰ-დენიზის საბადოებიდან, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გავლით, 2006 წლის სექტემბრიდან დაიწყება და წელიწადში 0,8 მილიარდ კუბური მეტრი მოცულობის გაზის მოწოდებას ითვალისწინებს.


რაც შეეხება პროექტის განხორციელების დროს ეკოლოგიური ნორმების დაცვას, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მართალია, არსებობდა გარკვეული პრობლემები, თუმცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან ნინო ჩხობაძესთან ერთად შესაძლებელი გახდა მათი მოგვარება.


“მართალია, ნავთობსადენის პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი გაზის საკითხია, ვინაიდან ამ პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდება ტყის მასივების დაცვა. არსებული მონაცემებით, აღარ გაიჩეხება დაახლოებით 1 მლნ კუბური მეტრი ტყე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.


“პროექტი მართლაც შევისწავლეთ და მისი რეალიზაცია რაიმე ეკოლოგიურ საფრთხეს არ შექმნის. გაცილებით საშიშია ნავთობსადენის პროექტი, მაგრამ აქაც უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ასე, რომ სამინისტრო მხარს უჭერს გაზსადენის პროექტის რეალიზაციას”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ნინო ჩხობაძემ.


გიორგი ჭანტურიამ საქართველოს მოსახლეობას აცნობა, რომ აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელის მოწერით საქართველოში დასრულდება უშუქო, უგაზო ცივი ზამთრების პერიოდი, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანული შეღავათიანი გაზის მიღებამდე, სულ ცოტა, კიდევ ორი წელია დარჩენილი.


ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ გია ჭანტურიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჯილდოსაც დაპირდა. “აუცილებლად დავაჯილდოებთ გია ჭანტურიას, მაგრამ ჯერ არა. დაველოდები ჩემი პრეზიდენტობის ვადის გასვლას და ბოლოს რასაც გავაკეთებ, ეს იქნება”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.


თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Back to top button