
“სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს
“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 30 ოქტომბერს არჩევნების მედია ცენტრში გამართულ ხმების პარალელური დათვლის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები 2 ნოემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ წარმომადგენლების მიერ ხმები დათვლის პარალელურად წარმართავენ ხმების დათვლას. “ხმების პარალელური დათვლის მიზანია მოსახლეობისთვის არჩევნების ზუსტი და დროული შედეგების გაცნობა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. “სამართლიან არჩევნებს” ყველაზე დიდი საარჩევნო მისია ეყოლება საპარლამენტო არჩევნებზე. საქართველოში დაახლოებით 3000-მდე საუბნო საარჩევნო კომისიაა და “სამართლიანი არჩევნების” დაახლოებით 3000-მდე დამკვირვებელი გააკონტროლებს არჩევნებს 2500 უბანზე. საარჩევნო კომისიის მუშაობის გაკონტროლებასთან ერთად, დამკვირვებლები ხმების სწრაფ დათვლასაც განახორციელებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, “სამართლიანი არჩევნები” საქართველოს მასშტაბით, 600 საუბნო კომისიიდან მიიღებს არჩევნების პირველად შედეგებს და გამოაცხადებს ხმების პარალელური დათვლის პირველად შედეგებს ამ კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით 3 ნოემბერს დილის 4 საათზე. “სამართლიანი არჩევნების” კონსულტანტი სტატისტიკის საკითხებში ნინო ტორონჯაძე აცხადებს, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ცდომილების ზღვარი 1%-ს არ გასცდება. “ჩვენი ვარაუდით, ცდომილების ზღვარი 0,5-0,7% იქნება, მაქსიმუმი 1% შეადგენს”, – განაცხადა ნინო ტორონჯაძემ. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის შედეგები პოლიტიკური პარტიების პროტესტს არ გამოიწვევს, რადგან “სამართლიანმა არჩევნებმა” აგვისტოში უკვე ჩაატარა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მათთვის ხმების პარალელური დათვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით. “ჩვენი ინიციატივა მიღებული იქნა არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ”, – დასძინა მან. ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადებამდე, “ეგზით პოლების” შედეგები უკვე იქნება ცნობილი, რომლებიც ასევე 2 ნოემბერს ჩატარდება. თუმცა, ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხმების პარალელური დათვლა და “ეგზით პოლი” ერთი და იგივე არ არის, რადგანაც ხმების რეალური რაოდენობა მხოლოდ პარალელური დათვლის დროს ხდება ცნობილი. დამკვირვებელთა თქმით, როგორც “ეგზით პოლები”, ასევე ხმების პარალელური დათვლა არის საშუალება არჩევნების შედეგებით მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში. “ეჭვები არჩევნების გაყალბების თაობაზე გარკვეულწილად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ხმების პარალელური დათვლისა და საარჩენო ადმინისტრაციების ოფიციალური შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვევა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. “ხმების პარალელური დათვლის ერთადერთი მიზანი არ არის შედეგების უფრო სწრაფი მიღება, ვიდრე ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება. ხმების პარალელური დათვლა ხშირად გამოიყენება იმ ინფორმაციის დასაზუსტებლად, რომელიც საარჩევნო კომისიების მიერ არის შემოთავაზებული”, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. AN “სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის მაჩვენებლებში არ შეიტანენ იმ საუბნო კომისიების შედეგებს, სადაც დამკვირვებლები ბევრ პროცედურულ დარღვევებს აღმოაჩენენ ხმის მიცემის პროცედურების დროს. გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს პირველად საქართველოში ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს.