ახალი ამბები

ამომრჩეველთა არაზუსტი სიები სამართლიან არჩევნებს საფრთხეს უქმნის

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, თუმცა ამომრჩეველთა სიები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) 26 ოქტომბერს გადაწყვიტა საბოლოო სიების გამოქვეყნების ვადა 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე გადაეტანა სიების დაზუსტების მიზნით.

ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა აპირებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

თუმცა, იმ შემთვევაში, თუ შესწორებები 30 ოქტომბრამდე არ იქნება შეტანილი, ათასობით ამომრჩეველი, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ამომრჩეველთა ნახევარი ცხოვრობს, ვერ აღმოაჩენს საკუთარ გვარს სიებში. ამგვარად, ისინი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას – ხმის მიცემის უფლებას დაკარგავენ.

სიებში ჯერ კიდევ არის გარდაცვლილთა გვარები ან ორჯერ ერთი და იგივე ადამიანის გვარი მაშინ, როცა ათასობით ამომრჩებელი საერთოდ არ არის შეტანილი საარჩევნო სიებში. ბევრი საცხოვრებელი კორპუსი საერთოდ გამოტოვებულია, მოსახლეობა არასწორად არის განაწილებული საარჩევნო უბნებზე.

ცსკო-ს თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიებში იგი 10-15%-იან ცდომილებას ვარაუდობს. “თუ ამ მაჩვენებლით შევძლებთ სამუშაოს დასრულებას, ეს არსებულ ვითარებაში საუკეთესო ვარიანტი იქნება”, – აღნიშნა ნანა დევდარიანმა.

ამ განცხადებამ ოპოზიციური პარტიების პროტესტი გამოიწვია, რომელთა განცხადებით, ამ ცდომილებას სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნათა შედეგად, ცსკო-მ გადაწყვიტა საბოლოო სიების გამოქვეყნების ვადა გადაეწია. ეს ვადის გადაწევის უკვე მესამე შემთხვევაა.

“ამომრჩეველთა სიებში უზუსტობის შემთხვევაში არჩევნები გაყალბდება. ჩვენ ამიტომაც მოვითხოვდით საბოლოო სიების გამოქვეყნების ვადის გადაწევას”, – განუცხადა 26 ოქტომბერს ჟურნალისტებს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

პრობლემები არა მხოლოდ თბილისის ამომრჩეველთა სიებშია. აჭარის ამომრჩეველთა სიების ბედი საერთოდ უცნობია, რადგანაც ცსკო-ს ჯერ კიდევ არ მიუღია ისინი. აჭარის ხელისუფლების განცხადებით, აჭარაში დაახლოებით 280 000 ამომრჩეველია, თუმცა არავის ჰქონია შესაძლებლობა ეს მონაცემები გადაემოწმებინა.

ოპოზიციურ პარტიებს ასევე ეჭვი აქვთ საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ამომრჩევლების რაოდენობასთან დაკავშირებით. 20 ოქტომბერს ოფიციალურად იქნა გაცხადებული, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩეველთა რაოდენობა 80 000 შეადგენს. თუმცა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, ეს ციფრი არაზუსტია, რადგანაც საზღვარგარეთ მცხოვრები ბევრი ქართველი საქართველოს საკონსულოში არ არის რეგისტრირებული.

ამომრჩეველთა სიებში არსებულმა არეულობამ გასულ კვირას არჩევნების გადადების თაობაზე ვარაუდებიც გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ ხმებს “უსაფუძვლო” უწოდა.

“არავის უთხოვია ჩემთვის არჩევნების გადადება. რამდენადაც ვიცი, ყველაფერი თავის დროზე ჩატარდება. სიები საბოლოოდ შემოწმდება და არჩევნებიც დროულად ჩატარდება”, – განაცხადა შევარდნაძემ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

იურისტ-ექსპერტთა განცხადებით, არჩევნების გადადება არაკონსტიტუციური იქნება.

სიების ხელახალი შედგენა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დაიწყო, რადგან საწყისი სიები აბსოლუტურად არაზუსტი აღმოჩნდა. ის პარტიები, რომელთაც თავიანთი, ალტერნატიული სიები აქვთ შედგენილი, აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში. ცსკო-მ სპეციალური დადგინელებით უფლება მისცა ამ პარტიებს ჩართულიყვნენ სიების გადამოწმების პროცესში.

“ჩვენ ავიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, როგორც საწყისი მასალა, და შევადარეთ ისინი პარტიების მიერ წარმოდგენილ სიებს. ის ამომრჩევლები, რომლებიც ორივე სიებში იყვნენ, საბოლოო ვარიანტში რეგისტრირებულნი არიან. იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არცერთ სიაში არ იყვნენ, ეწვევიან ჩვენი სპეციალური ჯგუფები, რათა დადასტურდეს რომ მათ ხმის უფლება გააჩნიათ”, – აღნიშნა ნანა დევდარიანმა.

ეროვნულ მონაცემთა ცენტრი, სადაც მონაცემთა შეტანის პროცესი მიმდინარეობს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს სიების შესწორებაზე. ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა.

არეულობამ საარჩევნო სიებში პოლიტიკური პარტიებისა და მთავრობის მხრიდან ურთიერთბრალდებები გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ამომრჩეველთა სიების საწყისი მონაცემები წარადგინა, აცხადებს, რომ მან ძველ ცსკო-ს, რომელიც სახელისუფლებო პარტიების მიერ კონტროლდებოდა, წარუდგინა ზუსტი სიები. ამგვარად, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას არაზუსტი საარჩევნო სიების გამო და თითს ძველი ცსკო-სკენ იშვერს.

ამ ურთიერთბრალდებების კვალდაკვალ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, რომლის ტექნიკური მხარდაჭერითაც მოხდა ამომრჩეველთა მონაცემების კომპიუტერიზაცია, ასევე გახდა თავდასხმის ობიექტი რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან.

“მე ვითხოვდი, რომ ნუ მიმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საერთაშორისო ფონდს პასუხისმგებელთა ძებნის დროს, რადგან ვერ ვხედავ მათ დანაშაულს ამ სიტუაციაში”, – განაცხადა ცსკო-ს თავჯდომარემ.

“მე არ ვარ პროკურორი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ძველმა ცსკო-მ აბსოლუტური იგნორირება და უპასუხისმგებლობა გამოიჩინა საარჩევნო სიების მიმართ”, – დასძინა ნანა დევდარიანმა.

ანტიკორუფციულმა საბჭომ და ექსპერტთა ჯგუფმა ასევე გამოიჩინეს ინტერესი სიების მიმართ. ექსპერტმა-იურისტმა დავით უსუფაშვილმა, ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა ლაშა ტუღუშმა და სოციოლოგიური კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის წევრმა გოჩა ცქტიტიშვილმა გადაწყვიტეს გამოიძიონ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცესი.

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს [ამომრჩეველთა სიების არაზუსტად შედგენა] შესაძლოა, საბოტაჟი იყოს. უზუსტობა სიებში, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ნორმალურ მუშაობას უშლის ხელს და შესაძლოა არჩევნებსაც შეუქმნას საფრთხე, აშკარად გამოძიებას საჭიროებს”, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.

“ზოგი აცხადებს, რომ ჩვენ უნდა მოვიცადოთ და პირველ რიგში შევასწოროთ სიები და შემდეგ ვეძებოთ ის პირი, ვინც პასუხისმგებელია არაზუსტ სიებზე. თუმცა, პირადად მე მჯერა, რომ ეს ორი რამ ერთდროულად უნდა გაკეთდეს, ანუ, ერთნი სიების შესწორებაზე უნდა მუშაობდნენ, მეორენი კი, კერძოდ, გენერალური პროკურატურა, უნდა იძიებდნენ პასუხისმგებელთა საკითხს”, – დასძინა უსუფაშვილმა.

ნინო ხუციძე, გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button