
აშშ ქართველი სამხედროების წვრთნასა და აღჭურვას განაგრძობს
“საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა ახალ ფაზაში შევიდა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ბრიფინგზე, რომელიც 21 ოქტომბერს ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ გაიმართა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში ჩამოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების პრობლემების გაცნობისა და “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში მომზადებული მე-11 ბრიგადის მომზადების დონის შეფასების მიზნით. “აშშ აქტიურ მონაწილეობას გეგმავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რეფორმირებაში”, – განაცხადა მინისტრმა დავით თევზაძემ. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვისა და შეიარაღებული კონტროლის მართვის სამმართველოს უფროსი კახა კაციტაძე აცხადებს, რომ პროგრამა სხვა ფორმატით გაგრძელდება და ახლა უკვე უფრო დიდი შენაერთების გაწვრთნაზე იქნება აქცენტი აღებული. დღემდე იწვრთნებოდა დაახლოებით 500 კაციანი შენაერთები. “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა გაგრძელდება სხვა ფორმატით, ანუ გაიწვრთნება ბატალიონები, აქამდე იწვრთნებოდა ასეულები. ეს კი შემადგენლობით და სტრუქტურით განსხვავდება ერთმანეთისგან. აქამდე გვყავდა საერთაშორისო დონეზე გაწვრთნილი ასეულები, ახალი პროგრამის მიხედვით გვეყოლება ამერიკულ სტანდარტებზე გაწვრთნილი ბატალიონები, რომლებიც შემდგომში უფრო მაღალ სამხედრო დანაყოფში – ბრიგადების შემადგენლობაში იქნებიან ჩართულნი”, – უთხრა “სივილ ჯორჯიას” კახა კაციტაძემ. ამერიკელებსა და ქართველებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში 2002 წლის მაისიდან დაიწყო და დღემდე, დაახლოებით, 2000 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი გაიწვრთნა. ამერიკულმა მხარემ ამ პროგრამის განხორციელებისთვის 64 მილიონი დოლარი გამოყო. “აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანაში ამ მასშტაბის სამხედრო პროგრამა არ განხორციელებულა. უფრო მცირე ზომის პროგრამები მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და სომხეთში, რომელთა წლიური დაფინანსება 3-4 მლნ დოლარია. ალბათ ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს ამ პროგრამის შეფერხება”, – განაცხადა კახა კაციტაძემ. პროგრამის ფარგლებში გაწვრთნილი ჯარისკაცები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას (400-დან 800 ლარამდე) იღებენ, რასაც ქართული მხარე იხდის. ფინანსური პრობლემები, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მრავლად არის, შეიძლება პროგრამის შეფერხების მიზეზი გახდეს, თუმცა, დღემდე ამ კუთხით პროგრამის განხორციელებას არანაირი პრობლემა არ შექმნია. “მე მოვიშველიებ ნაპოლეონის სიტყვებს, რომ კარგი ჯარის შექმნისთვის საჭიროა ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული. ამ მხრივ საქართველოში მართლაც არსებობს პრობლემა. უნდა აღინიშნოს ის, რომ სამხედრო ბიუჯეტის ოდენობა განისაზღვრება შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობით. სამარცხვინოა, მაგრამ დსთ-ს ქვეყნებში სამხედრო სფეროს დაფინანსების მხრივ ბოლო ადგილი გვიკავია. ერთი წლის წინ მოლდოვას ვუსწრებდით. აზერბაიჯანი და სომხეთი შიდა ეროვნული პროდუქტიდან უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საქართველო”, – აცხადებს კახა კაციტაძე. მისი თქმით, კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება, თუ ქართული მხარის უმოქმედობის გამო შეწყდება აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც ნატო-ში ინტეგრაციაზე პრეტენზია აქვს. ამას ემატება ამერიკის ინტერესებიც. “საქართველოს არ აქვს რესურსი დამოუკიდებლად ნატოს სტანდარტების ჯარის შესაქმნელად სხვა ქვეყნების დახმარების გარეშე. ამაში სამარცხვინო არაფერია, ეს უბრალოდ ფაქტია. ამერიკის ინტერესებს რაც შეეხება, პირველი არის სამხედრო სტრატეგიული ინტერესი, ანუ ამერიკის ჯარები განლაგებულია ბალკანეთში და შუა აზიაში მათთან დაკავშირების უმოკლესი კორიდორი სამხრეთ კავკასიაზე გადის, მეორეა ენერგეტიკული ინტერესები – ნავთობისა და გაზსადენის სისტემის ჩამოყალიბება, მესამე პოლიტიკური – ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს მხარდაჭერა, რასაც ამერიკა დიდ ყურადღებას აქცევს. აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს თანამშრომლობისათვის”, – განაცხადა კახა კაციტაძემ. “მთავარი აქ ის არის, რომ ამერიკა მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს და ჩვენც შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულება”, – აცხადებს კახა კაციტაძე. თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ქართველი სამხედროების გაწვრთნას კიდევ სამი წლის განმავლობაში გააგრძელებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე 14-20 ოქტომბერს აშშ-ში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, სადაც მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ს მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის გაგრძელების თაობაზე.
ნოემბერში საქართველოს გენერალურ შტაბს ამერიკელი ექსპერტების 8 კაციანი დელეგაცია ეწვევა, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ითანამშრომლებენ.