ახალი ამბები

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოში ვიზიტი გადადო

(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ოქტომბრის ბოლო კვირისთვის დაგეგმილი თავისი წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოსა და რუსეთში გადადო.

ევროპის სასამართლოს მისია ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ჩეჩნების საქმესთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთში ჩასულიყო და ჩვენებები უნდა აეღო.

გასული წლის აგვისტოს დასაწყისში ქართველმა მესაზღვრეებმა 13 კაციანი ჯგუფი დააკავეს, მათ შორის 11 ჩეჩენი და 2 საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდნენ.

ქართულმა მხარემ მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და იარაღის ტარების ბრალდებები წაუყენა. რუსეთმა მათი ექსტრადიცია მოითხოვა იმ მოტივით, რომ მათ საბრძოლო მოქმედებებში და ტერაქტებში აქვთ მიღებული  მონაწილეობა. გასული წლის ოქტომბერში ქართულმა მხარემ ხუთი ჩეჩენის ექსტრადიცია მოახდინა, ხოლო დანარჩენი საქართველოში დარჩა.

13 ჩეჩენმა ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მიმართა საჩივრით. რუსეთში ექსტრადირებული ჩეჩნები აცხადებდნენ, რომ მათი ექსტრადიცია რუსეთში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არსებობს, რეალურ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს და არღვევს ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციას. ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ განიხილა სარჩელი და მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური მისია გამოეგზავნა საქართველოსა და რუსეთში საქმის ადგილზე შესასწავლად.

“3 ოქტომბერს გამოგზავნილ ფაქსში საქართველოს მთავრობა სთხოვს სასამართლოს გადადოს მისიის გამოგზავნა საქართველოში 2 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო, ვინაიდან ხელისუფლებას სურს დელეგაციის წევრების აბსოლუტური უსაფრთხოება უზრუნველყოს. სასამართლომ გაითვასლისწინა ეს მოთხოვნა და გადაწყვიტა მისიის გამოგზავნის გადავადება”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

“გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ აცნობა სასამართლოს 20 ოქტომბერს, რომ სტავროპოლის რეგიონალურმა სასამართლომ, რომლის იურისდიქციის ფარგლებშიც მოხდა ხუთი დაკავებული ჩეჩენის ექსტრადიცია, უარი თქვა ჩეჩნებთან ევროპის სასამართლოს წარმომადგენელთა დაკავშირებაზე, ვიდრე არ დასრულებულა შიდა გამოძიება”, – აცხადებს სასამართლო.

თუმცა, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება, რომ ჩეჩნებთან სასამართლოს წარმომადგენლების ურთიერთობის საკითხი საერთაშორისო სამართლის საკითხია – კერძოდ, შედის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს კომპეტენცია, რომელიც რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, შიდა კანონზე მაღლა დგას.

ევროპის სასამართლოს მისია ორივე ქვეყანას 2004 წლის დასაწყისში ეწვევა.

Back to top button