
რა ელის საქართველოს არჩევნების შემდეგ?
არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება არჩევნებამდე ორი კვირაღა რჩება, ხოლო ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის გამაფრთხილებელი განცხადებები, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობის შესახებ, დაძაბულობას მხოლოდ ზრდის. ამავე დროს, პრეზიდენტი შევარდნაძე არაპირდაპირ მინიშნებებს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიბაძავს აზერბაიჯანელ კოლეგებს წესრიგის დამყარების საკითხში არჩევნების შემდეგ. “რატომ დასჭირდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს [ილჰამ ალიევს] 200 პირის დაპატიმრება? მან მიიღო ყველა სათანადო ზომა აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად. მე არავის არ ვემუქრები, მაგრამ მე უკან არ დავიხევ. მე გავაკეთებ ყველაფერს არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 20 ოქტომბრის ბრიფინგზე. იმავე დღეს, დილის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ვერ დარჩება “გულგრილი მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ”, გამოხატა რა შეშფოთება ბაქოში 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი არეულობის გამო. როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, არეულობები, რომლებსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოპოზიციის მიერ იყო პროვოცირებული. შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ “გარკვეული ძალები საქართველოშიც ასევე არიან დაინტერესებული სიტუაციის დესტაბილიზაციაში არჩევნების შემდეგ”. სამთავრობო ალიანსის “ახალი საქართველოსთვის” სპიკერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია მიესალმა აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ ილჰამ ალიევის გამარჯვება “უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობასა და საუკუნის პროექტის [ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი] განხორციელებას”. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს სურთ სიტუაციის დესტაბილიზაცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ხელისუფლების ასეთ განცხადებებს წინ უძღოდა გაფრთხილებები რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან მთავრობის მისამართით, რომ 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბების მცდელობის შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოეწყობა. ოპოზიციური პარტიებისთვის ყველაზე შემაშფოთებელი ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობანი გახდა. ეს პრობლემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ოქტომბრის დასაწყისში მოექცა, როცა ეს სიები ინტერენტში გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ სიებში ბევრი “მკვდარი სული” იყო, ანუ დიდი ხნის გადაცვლილი მოქალაქეები კვლავ იყვნენ რეგისტრირებული როგორც ამომრჩევლები, იმ დროს, როდესაც ათასობით რეალური ამომრჩევლის მონაცემები სიაში არ შეტანილა. ცსკო-მ აღნიშნული ხარვეზები 26 ოქტომბრამდე, ანუ სიების საბოლოო გამოქვეყნების ვადისთვის უნდა გამოასწოროს. ოპოზიციური პარტია “ახალი მემარჯვენეები” ხელისუფლებას უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმების გაყალბების მცდელობაშიც ადანაშაულებს. 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ უცხოეთში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებად საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლები დანიშნეს. გამყრელიძის განცხადებით, ხელისუფლებამ დაარღვია საარჩევნო კოდექსი, რადგან სახელმწიფო მოხელეებს არ აქვთ საარჩევნო კომისიების წევრობის უფლება. მან იქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება აპირებს უცხოეთში მცხოვრები ქართველების ხმების გაყალბებას საელჩოების მეშვეობით. ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ შეგნებულად შეადგინა არაზუსტი სიები არჩევნების მსვლელობისას მანიპულირების მიზნით. თუმცა, თვითონ მთავრობა ოპოზიციასა და ძველ ცსკო-ს ადანაშაულებს სიების გაყალბებაში. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ძველი ცსკო მთლიანად მთავრობის მომხრეებით იყო დაკომპლექტებული მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მომხრეებმა კომისია დატოვეს. “თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ბიულეტენები გაყალბდება და არაფერი გაკეთდება სიების დასაზუსტებლად, ჩვენ თავს დავანებებთ პარლამენტში ადგილებისთვის ბრძოლას და მასობრივ საპროტესტო აქციებს მივმართავთ”, – განაცხადა ოპოზიციურ საარჩევნო ბლოკ “სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მაია ნადირაძემ 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. მოგვიანებით, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი პარტიაც შეუერთდება საპროტესტო აქციებს არჩევნების მასიური გაყალბების შემთხვევაში. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები დესტაბილიზაციის მცდელობას არ ნიშნავს. “თავად ხელისუფლება იქნება დესტაბილიზაციის წყარო, თუკი შეეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას”, – აღნიშნა მან 20 ოქტომბერს ტელეკომპანია “მზე”-სათვის მიცემულ ინტერვიუში. დაძაბულობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ უფრო გამწვავდა პრეზიდენტ შევარდნაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შორის შორის დაწყებული “სიტყვების ომის” გამო. თითქმის ყოველ გამოსვლაში შევარდნაძე ბრალს სდებს ბურჯანაძეს “როგორც პარლამენტის სუსტ თავმჯდომარეს”. ცოტა ხნის წინ სამთავრობო ბლოკმა ბურჯანაძე რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ეს ბრალდებები დღემდე დაუდასტურებელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძემ თავად მოითხოვა “უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურთან მისი სავარაუდო კავშირების” გამოძიება და საჯაროდ გამოაშკარავება. დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ 2 ნოემბრის შემდეგ ეს დაძაბულობა გადაიზრდება მასობრივ პროტესტში, თუკი ამომრჩევლები ჩათვლიან, რომ მათი რჩეული პარტია უსამართლოდ დაიჩაგრა არჩევნებისას. “აზერბაიჯანში მოვლენების ასე განვითარება უაღრესად საეჭვო არჩევნებმა გამოიწვია. თუკი სამთავრობო ძალები [საქართველოში] პირველ ადგილზე გავლენ და მნიშვნელოვნად გაუსწრებენ სხვა პარტიებს ხმების რაოდენობით, ბუნებრივია, წარმოიშობა ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბებული იქნა და ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდოთ საპროტესტო აქციებს. ამომრჩეველმა შეიძლება ზუსტად არ იცოდეს სად, როდის და როგორ მოხდა გაყალბება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის და საზოგადოების გარკვეული ფენა აუცილებლად გამოთქვამს პროტესტს. ბევრი მათგანი არცთუ კანონიერ მეთოდებსაც მიმართავს”, – ასეთი პროგნოზი გააკეთა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას იურისტმა დავით უსუფაშვილმა. გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”