ახალი ამბები

ნატო-ში ინტეგრაცია არჩევნებზეა დამოკიდებული

ეუთო-ს თავმჯდომარისა და ნატო-ს მომავალი ხელძღვანელის ვიზიტი საქართველოში

არჩევნამდე 10 დღით ადრე თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთ მინისტრი იაპ დე ჰოოპ სხეფერი 22 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში.

“ქართულ მხარეს რაიმე რეკომენდაციას არ ვაძლევ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რადგან თავადაც იცით, რომ 2 ნოემბერი ახალი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, კერძოდ თქვენი ქვეყნის მომავალი განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სწორედ ამ არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზეა დამოკიდებული. ვიმედოვნებ, რომ ეს თქვენთვისაც კარგად არის ცნობილი”, – განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეუთო-ს თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტთან კონფიდენციალურ შეხვედრამდე ეუთო-ს თავმჯდომარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს შეხვდა, რომელმაც არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

“ჩვენ ეუთო-ს თავმჯდომარეს გავაცანით არსებული ვითარება, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის. შეხვედრაზე დაფიქსირდა საერთო პოზიციები იმის შესახებ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად, ისე, რომ არჩევნებში მონაწილე არცერთ პარტიას ეჭვი არ ჰქონდეს არჩევნების გაყალებების შესახებ და შესაბამისი გავლენა არ განავითაროს საზოგადოებაზე. ეს უმთავრესი მიზანია”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნანა დევდარიანმა.

ერთადერთი, ვინც არჩევნების მზადების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე, მათ შორის, ამომრჩეველთა არაზუსტ სიებზე ეუთო-ს თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა, არასამათვრობო ორგანიზაცების წარმომადგენლები იყვნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენლებმა ეუთო-ს თავმჯდომარეს დეტალურად გააცნეს წინასაარჩევნო პროცესი და ასევე ისაუბრეს არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ.

“ძირითადად, საუბარი შეეხო ძალადობას ხელისუფლებასა და ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს შორის წინასაარჩევნო პროცესის დროს. ასევე ინფორმაცია მივაწოდეთ არასწორად შედგენილ ამომრჩეველთა სიებზე და არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, რაც სავსებით შესაძლებელია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ ლიდერობას სახელისუფლო ბლოკი მოიპოვებს, ოპოზიციურ ძალებს საკმარისი მხარდამჭერები ჰყავთ, რომლებიც აუცილებლად პროტესტს გამოხატავენ. ეს კი სავალალო გახდება ქვეყნისთვის”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

“საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას აზერბაიჯანის მსგავის მოვლენების განვითარება არჩევნების შემდეგ. ასევე ორგანიზაციებისგან მოვისმინე ინფორმაცია ამომრჩეველთა სიების არაზუსტად შედგენის შესახებ. ქართულმა მხარემ ყველანაირად უნდა იზრუნოს ამ სერიოზული ხარვეზის გამოსწორებაზე. ამის შესახებ პრეზიდენტსაც ვესაუბრე, რომლის ინფორმაციით, სიების დაზუსტებაზე მუშაობა მიმდინარეობს”, – განაცხადა იაპ დე ჰოოპ შეფერმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეუთო-ს თავმჯდომარეს წინადადებით მიმართეს, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნებ სამართლიანად არ ჩაატარებს, საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანიზაციების მხრიდან მკაცრად დაისვას საკითხი ქართული მხარისთვის სხვადსხვა დაფინანსების შემცირების თაობაზე.

“საქართველო უზარმაზარ დახმარებას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ფონდებიდან. ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 65% ამ თანხებითაა შევსებული. ამის გამო კარგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს, მოხდეს აღნიშნული საკითხის განხილვა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ეუთო-ს თავმჯდომარეს თბილიში ჩამოსვლა იმითაც იყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რომ ვიზიტის დროს მხარეებს უნდა განეხილათ ქვეყანაში არსებული კონფლიქტების საკითხები, რომელთა მოგვარებაშიც ეუთო-ს ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ამის მიუხედავად, კონფლიქტების მოგვარების შესახებ კონკრეტული საუბარი პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ ყოფილა.

“ჩემი ვიზიტი უფრო გაცნობითი ხასიათისაა და რაიმე კონკრეტილ საკითხებზე მსჯელობა დაგეგმილი არ არის, თუმცა, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” კონფლიქტების მოგვარებაზე მსჯელობა, სავარაუდოდ, 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყება. ამ საკითხების მოგვარებაც ამ არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე ბევრად იქნება დამოკიდებული. აქვე აღვნიშნავ იმისაც, რომ ეუთო მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ საკითხების მოგვარებაში”, – განაცხადა იაპ დე ჰოოპ შეფერმა.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტის მნიშველობაზე საუბრობს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ეუთო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. 

“ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო-ში ინტეგრაციის შანსები საქართველოს,   ძირითადად, ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ შეეძლება. ამაზე ძირითადი პასუხისმგებლობა კი ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება”, – განაცხადა იაპ დე ჰოოპ შეფერმა, რომელიც 2004 წლის 1 იანვრიდან ნატოს გენერალური მდივნის პოსტს დაიკავებს.

გიორგი სეფაშVილი, “სივილ ჯორჯია”

Back to top button