ახალი ამბები

აჭარის ხელმძღვანელობას არჩევნებზე ძლიერ ოპოზიციასთან მოუწევს ჭიდილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ქვეყნის ერთიანი საარჩევნო სისტემიდან კვლავ ამოვარდნილი  რჩება. თუმცა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას თავის შედარებით ძლიერ ოპოზიციასთან მოუწევს ჭიდილი.

ტრადიციულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი პარტია “დემოკრატიული აღორძინების კავშირი” არჩევნებისას აჭარელი ამომრჩევლის 99%-იან მხარდაჭერას იღებდა, რაც საზოგადოების მხრიდან დიდ ეჭვს იწვევდა.

ბოლო ორი საპარლამენტო არჩევნების დროს (1995, 1999 წწ.) “აღორძინება” უალტერნატივოდ იმარჯვებდა აჭარაში. 2 ნოემბრის არჩევნებისთვის კი სხვა ვითარება იქმნება. ბლოკი “სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა” აჭარაში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს გაბედული ლოზუნგით “აჭარა აბაშიძის გარეშე”. “ნაციონალური მოძრაობის” კვალდაკვალ დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც შეუდგნენ წინასაარჩევნო კამპანიას აჭარაში, თუმცა ზომიერად.

“ჩვენ გვინდა, რომ აჭარა საერთო საარჩევნო სივრცეში მოვაქციოთ, სიტუაცია ძალიან დაძაბულია, რადგან 1995 წლის შემდეგ “აღორძინებას” ალტერნატივა არ ჰყოლია და 2 ნოემბრისთვის მათ რეალური ძალა დაუპირისპირდა “ნაციონალური მოძრაობის” სახით, რაც მათში დაბნეულობასა და შიშს იწვევს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. იგი კონკურენციას “აღორძინების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს ჯემალ გოგიტიძეს გაუწევს.

აჭარის ხელისუფლება ბოლო ათწლეულის მანძილზე წინასაარჩევნოდ მუდმივად აპელირებს აჭარაში შენარჩუნებულ სტაბილურობასა და მიღწეულ კეთილდღეობაზე, თუმცა, თავად აჭარაში მაცხოვრებელი მოსახლეობა საკუთარ კეთილდღეობას ნაკლებად თუ გრძნობს.

“ხელისუფლებამ, რომელიც ხალხის მიერ აჭარაში არაერთხელ იქნა არჩეული, შეუქმნა ნორმალური პირობები მოსახლეობას. ბოლო 10 წლის მანძილზე მხოლოდ წელს გაირღვა ბიუჯეტი აჭარაში და ავტონომიის მეთაურმა ასლან აბაშიძემ მთავრობის მთლიანი შემადგენლობა გადააყენა”, აცხადებს “აღორძინების” ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე ბაკურია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, არჩევნების მომზადებისა და ადმინისტრაციების მზადყოფნის მხრივ აჭარაში კარგი სიტუაციაა. შექმნილია როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიები, რომლებიც პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული. საარჩევნო კოდექსის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებისათვის აჭარის საოლქო კომისიების ცსკ-ოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულები.

აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უდიდეს პრობლემად რჩება საარჩევნო სიების საკითხი. თუ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამომრჩეველმა ის მაინც იცის, რომ სიები არაზუსტია, აჭარაში ამომრჩეველს ამის გაგების საშუალება ჯერ არ მისცემია.

ცსკო-ში აცხადებენ, რომ ერთიანი სიების კომპიუტერიზაციის ფარგლებში აჭარის სიები არ მოხვედრილა, რადგან მათი ცსკო-სთვის გადაცემა დღემდე არ მომხდარა. როგორც ბათუმის საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ცსკო-ს მას შემდეგ გადაეცემა სიები, რაც მათი გადამოწმება დამთავრდება.

90-იანი წლების დასაწყისში აჭარაში 216 ათასი ამომრჩეველი იყო, 1995 წელს ამომრჩეველთა რაოდენობა 235 ათასი, ხოლო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 245 ათასი იყო ოფიციალურად დაფიქსირებული. 2 ნოემბრის არჩევნებისათვის კი ამომრჩეველთა რაოდენობა 280 ათასს აღწევს, რაც ოპოზიციის მტკიცებით, რეალობისაგან შორს არის.

“აჭარაში სიები სპეციალური ჯგუფების მიერ ჩატარებული საკონტროლო აღწერის შედეგად ჩამოყალიბდა. 280 ათასი ამომრჩეველი ერთიან კომპიუტერულ ბაზაში მოხვდა. სიების ფორმირების პროცედურა 1 მიოლიონი აშშ დოლარი დაუჯდა აჭარის ბიუჯეტს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “აღორძინების” წევრმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აჭარის ერთიანი სიის ფორმირება შინაგან საქმეთა სამინისტროზე და იმ სხვა სახელიმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით არ მომხდარა, ვისაც საარჩევნო კოდექსი პირველადი სიების ფორმირებას ავალდებულებს. სიების შედგენისათვის 10-10 კაციანი სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგაბიზაციების მიერ შექმნილი ჯგუფები კარდაკარ დადიოდნენ მისახლეობაში.

ოპოზიციის მტკიცებით, აჭარაში საერთო სიები ძალიან გაზრდილია. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებში ჯერაც არ არის გამოკრული ამომრჩეველთა სიები, რაც  მოსახლეობას საკუთარი თავის გადამოწმების საშულებას უკარგავს. აჭარის ამომრჩეველთა სიები, ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, მკვეთრად განსხვავდება “ახალი მემარჯვენეების” მიერ ჩატარებული ალტერნატიული აღწერის მონაცემებისაგან. “ახალი მემარჯვენეების” მონაცემებით, აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 190 ათასს არ აღემატება. 22 ოქტომბრამდე ამომრჩეველთა სიებში ცვლილებები განხორციელდება, თუმცა, არ არის იმის გარანტია, რომ ზედმეტი ამომრჩეველი არ დარჩება სიაში და ამავე დროს, ბევრი ამომრჩეველი სიებს გარეთ დარჩება.

“ასლან აბაშიძე ხედავს, რომ ჩოლოქს აქეთ საქართველოში 7%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი “აღორძინებას” არ აქვს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ “აღორძინების” წარმატება მთლიანად აჭარაში მიღებულ ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული. აბაშიძის რეჟიმი შეეცდება, რომ გაბერილი სიებისა და მოსახლეობაზე შანტაჟის ხარჯზე, ტოტალურად გააყალბოს არჩევნები აჭარაში”, – ამბობს დავით ბერძენიშვილმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მეთაური ასლან აბაშიძე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ჩასვლას მოითხოვს აჭარაში. ამის შესახებ აბაშიძემ საქართველოში აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორთან ლინკოლნ მიჩელთან 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

2 ნოემბერს, შესაძლოა, აჭარაში დამკვირვებლები მართლაც შეუშვან, მაგრამ ცნობილია, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს აჭარაში არ დაუშვეს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდ ნაწილი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებზე აჭარის ცსკო-მ უარი უთხრა რეგისტრაციაზე, 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აჭარაში სრულმასშტაბიან მონიტორინგს გეგმავს.

საერთო წინასაარჩევნო სურათი აჭარის რეგიონში სტაბილურია. ოპოზიციას წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზებაში და მონახლეობასთან შეხვედრისას პრობლემები არ ექმნება.

“რა თქმა უნდა, არის გარკვეული შიშის სინდრომი და მუქარა ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის მისამართით, მაგრამ ეს არ არის ბარიერი ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. 23 ოქრომბერს დაგეგმილ ჩვენს მიტიგზე უამრავი მხარდამჭერი აპირებს მონაწილეობის მიღებას”, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

“აჭარაში გახსნილია ყველა ოპოზიციური პარტიის ოფისი, ზოგიერთ მათგანზე ისეთი ლოზუნგებია გამოკრული, რომ პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს აჭარის ხელისუფლებას, მაგრამ არავითარ თავდასხმას და შევიწროვებას ადგილი არ აქვს. გახსნილია ეუთო-ს მისიისა და გაერო-ს ოფისები, რომლებიც წინასაარჩევნო ვითარებას აკვირდებიან”, – ამბობს ჰამლეტ ჭიპაშვილი.

ნინო ხუციძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button