ახალი ამბები

ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდება ცსკო-ს ფორმირებაზე

(თბილისი, 19 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სასტუმრო “მერიოტში” აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიის ინსტიტუტის (ენ-დი-აი) ინიციატივით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის მორიგი შეხვედრა შედგა.

დახურულ კარსმიღმა მიმდინარე ოთხსაათიან შეხვედრაზე, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელი ესწრებოდა, მხარეები შეთანხმდნენ ამომრჩევლების დამატებითი სიების გაუქმებაზე, სამხედრო ნაწილებში საარჩევნო ღია უბნების შექმნაზე, სადაც დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირს შეეძლება დასწრება და ასევე გადასატანი ყუთების მოქმედების პრინციპზე.

“ამ პრინციპით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ყველა ინვალიდი, ხოლო ავადმყოფმა 5 დღით ადრე წერილობით უნდა აცნობოს საარჩევნო უბანს, რომ სურს არჩევნებში მონაწილეობა და ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებს უბანში მისვლას, მანმადე ეს არჩევნებამდე 12 საათით ადრე ხდებოდა”, – განაცხადა სოციალისტების წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კვლავ გაურკვევლი რჩება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხი. დღეს სახელისუფლებო ფრაქციის წარმომადგენლებმა პირველად დააყენეს დროებითი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წინადადება. ეს წინადადება დღეს წამოიჭრა ფრაქციების წარმომადგენლების პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესათან შეხვედრისას.
&ნბსპ;
“ჩვენთვის გაუგებარია თუ რა პრინციპით მოხდება დროებითი ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ასევე რა დროში და რა მოვალეობას შეასრულებს, ამის გამო საკითხი კვლავ სადავოა”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა.

ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის ვიტალი ხაზარაძის ინფორმაცია, თითქოს “აღორძინების” იდეით ადმინისტრაციის დაკომპლექტება 1999 წელს საპარლამენტო არჩევნებში 7% ბრიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებით უნდა მომხდარიყო, “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას უარყო ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარემ ჯემალ გოგიტიძემ.

ამ იდეას ასევე არ ეთანხმებიან “ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემოკრატები” და “ტრადიციონალისტები”, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ დეტალურად ამ საკითხის შესწავლამ შესაძლოა დადებითი ცვლილება გამოიწვიოს და მართლაც შეიქმნას დროებითი საარჩევნო ადმინისტრაცია, სადაც გაწევრიანდებიან ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი.

ერთადერთი, რაზეც მხარეები არ დავობენ, ეს ამჟამინდელი ცსკო-ს გაუქმებაა. დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაგრძელდება, შემდეგ კი პლენარულ სხდომებზე. დღევანდელი შეხვედრით მხარეები მაინც კმაყოფილნი დარჩნენ.

Back to top button