
საარჩევნო სისტემის რეფორმა ჭიანურდება
ამჟამად საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იღებს, პარლამენტში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი და სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული ქვეკომისია მუშაობს. ამ უკანასკნელში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ოთხთვიანი მუშაობის შედეგად ახალ საარჩევნო კოდექსის რამდენიმე პრინციპულ საკითხზე თანხმობას მიაღწია, გასულ კვირას წინადადებების პარლამენტის სხდომაზე გატანა ვერ მოხერხდა, რაშიც ოპოზიცია სახელისუფლებო ფრაქციებს ადანაშაულებს. Oოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების მტკიცებით, მთავრობას არსებული “ყოვლად უვარგისი საარჩევნო კოდექსისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენარჩუნება სურს.” “ხელისუფლება აშკარა დროის გაწელვის პოლიტიკას მიმართავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა განხორციელდეს,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, რომელიც “გაერთიანებულ დემოკრატებს” წარმოადგენს. ოთხთვიანი მუშაობის შედეგად საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ცვლილებების რამდენიმე ვარიანტზე შეთანხმდა. ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ადმინისტრაციების უფლებამოსილებების შეკვეცის და სხვა ტექნიკური ტიპის ცვლილებებზე კონსენსუსი თითქმის მიღწეულია პოლიტიკურ ფრაქციებს შორის. თუმცა, ძირითადი საკითხი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შესახებ, რომელიც განსახორციელებელ ცვლილებათა შორის უმთავრესია, ჯერ კიდევ შეუთანხმებელი რჩება. ინტერფრაქციულ ჯგუფში ყველა დეპუტატი ეთანხმება იმას, რომ კომისიები პარტიული ნიშნით უნდა შედგეს, რითაც გამოირიცხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტების შესაძლებლობა, რაც შარშან განიხილებოდა. ინტერფრაქციული ჯგუფი ეყრდნობა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციებს. თითოეული პრინციპული ცვლილება ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით არის მომზადებული. როგორც ცნობილია, მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციამ ბოლო ვიზიტისას ხელისუფლება დილემის წინაშე დააყენა -ან დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი ან ევროსაბჭოს დატოვება. ამ რეკომენდაციის საფუძველზე ინტერფრაქციულმა ჯგუფი კომისიების უფლემამოსილებების მაქსიმალური შეზღუდვის გზით წავიდა. “ჩემი აზრით, უუფლებო, მხოლოდ ორგანიზაციული ფუნქციების მატარებელი კომისიები მათდამი პოლიტიკური პარტიების ინტერესს შეამცირებს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა. თუმცა, ამ წინადადებების განხორციელება, რომელზეც ინტერფრაქციული ჯგუფი შეთანხმდა, საფრთხის წინაშე დგება. ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ ე.წ “სახელისუფლებო ფრაქციების” – “მოქალაქეთა კავშირის”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “თანადგომის” წარმომადგენლები. ჩამოთვლილ ფრაქციათა ჩუმი ბოიკოტი, მართალია ინტერფრაქიული ჯგუფში გადაწყვეტილებების მიღებას აადვილებდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, სახელისუფლებო ფრაქციებმა ჯგუფის მუშაობის შედეგები მთლიანად ეჭვქვეშ დააყენეს და მას არაკომპეტენტური უწოდეს. “მათი ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიძლება აიხსნას “მოქალაქეთა კავშირის” დაბალი რეიტინგით მოსახლეობაში და საპარლამენტო არჩევნების მოგების უიმედობით”, – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 31 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ადვილად არ დათმობს პოზიციებს და ყველა საშულებას გამოიყენებს იმისთვის, რომ საკუთარი არაპოპულარობის პირობებში საარჩევნო კოდექსი მაქსიმალურად მოარგოს საკუთარ ინტერესებს. ასევე არასახარბიელო მდგომარეობაა საარჩევნო სისტემის რეფორმირაზე მომუშავე მეორე ჯგუფში -სახელმწიფო კანცელარიაში არსებულ ქვეკომისიაში, რომელშიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. 13 აპრლს ქვეკომიტეტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შესახებ პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ წარმოდგენლი ვარიანტი განიხილა. ამ პროქეტის მიხედვით, ახალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 9 წევრი უნდა შევიდეს. აქედან 7 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრეზიდენტი, ხოლო თითო-თითო კანდიდატურას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიები წარადგენენ. “ქვეკომისიამ, ერთი რაც გააკეთა, სიებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ ქვეკომისია შემოიფარგლა სიმბოლური რეკომენდაციებით, მას მნიშვნელოვანი წვლილი საარჩევნო სისტემის სრულყოფაში არ შეუტანია. პირიქით, მთელი რიგი მოთხოვნები და წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამ ქვეკომისიის მიერ იგნორირებული იქნა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ “თავისუფლების ინსტიტუმა”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” პროტესტის ნიშნად ამ ქვეკომისიაში მუშაობა შევაჩერეთ და დღეს მხოლოდ ექსპერტ-მეთვალყურეების სტატუსით შემოვიფარგლებით”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა. ამას გარდა, ხშირად ამ ორი ძირითადი ჯგუფის მუშაობა შეუთანხმებელია. ხშირად მიღებული გადაწყვეტილებები წინააღმდეგობრივია. ასე მაგალითად, ქვეკომისიის რეკომენდაციით პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელიც საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს ამომრჩეველთა წინასწარი სიების დადგენა დაევალა 1 ივნისამდე. პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ანალოგიურმა გადაწყვეტილებამ გადაფარა პრეზიდენტის ბრძანებულება და შსს სიების მომზადებისთვის საბოლოო ვადად 1 აპრილი განუსაზღვრა. ამასობაში კი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორს ევროპის საბჭო და ეუთო, საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რეფორმირების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში სტეფან მინიკესმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ “მიიღოს ყველა ზომა 2003 წლის ოქტომბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის საარჩევნო სისტემის ეუთო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად”. ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს 10 აპრილის სხდომაზე ვენაში მინიკესმა განაცხადა, რომ “გადაუდებელ ღონისძიებათა შორის საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს ვადებში უნდა მოახერხოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საარჩევნო ადმინისტრაციებისა და ამომრჩეველთა ზუსტი სიების შექმნა”. “აშშ დემოკრატიას განიხილავს როგორ ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს. საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიზაციის გზაზე წინსვლისა და უსაფრთხოების გაძლიერების საშუალებას იძლევა”, – თქვა აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში. საქართველოს პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მისაღებად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 15 ივლისამდე მზა კანონი უნდა დაახვედროს საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს დელეგაციას, რომელმაც თებერვალში თბილისში ვიზიტისას კატეგორიულად მოითხოვა რეფორმის დაჩქარება. ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯიამაშინ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რეფორმის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ, საქართველოში მოქმედი ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებული ჯგუფი, რომლებიც საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშაობენ, დიდ პროგრესს მუშაობაში ვერ აღწევენ, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად წარმართვას საფრთხეს უქმნის.