
ედპ შევარდნაძის საარჩევნო ბლოკში
სახელმწიფო კანცელარიაში, უშუალოდ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან დახურულ კარს მიღმა ორდღიანი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ოპოზიციურ პარტიებს გაემიჯნა და არჩევანი სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკში “ახალი საქართველოსათვის” გაერთიანებაზე გააკეთა. ამის შედეგად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახლადშექმნილ საარჩევნო ბლოკთან ერთად მიიღებს, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ 11 აპრილს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ედპ-ის პრაქტიკულად მხოლოდ ერთი იდოლოგიური მიზეზი დაასახელა, რის გამოც მან სახელისუფლებო ბლოკთან მიერთება გადაწყვიტა. ეს არის პრეზიდენტ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკური კურსი. “ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული იყო, ვინაიდან მოსახლეობაში ხელისუფლების რეიტინგი დაბალია, თუმცა ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, უპერსპექტივო რომ ყოფილიყო. ბლოკთან ალიანსი ძირითადად ედუარდ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკით არის განპირობებული”, -განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ. “მე არ ვაცხადებ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, პირიქით, ჩვენთვის მიუღებელია საშინაო პოლიტიკა, ამის მიუხედავად, მაინც ვაცხადებ, რომ თანამშრომლობით შევძლებთ ამ ვითარებიდან გამოსვლას”, – დასძინა მან. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ეს გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ შარშან ედპ წამყვან ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის “გაერთიანებულ დემოკრატებთან,” “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ახალ მემარჯვენეებთან” ერთად ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებებს აკეთებდნენ და სამომავლო გაერთიანების პერსპექტივაზე კონსულტაციებსაც ატარებდნენ. შარშან აგვისტოში ამ პარტიებმა შექმნეს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ოპოზიციის ერთობლივი საქმიანობა უნდა განესაზღვრა. ამ ფაქტიდან რვა თვის შემდეგ სარიშვილი-ჭანტურია აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ხანგრძლივი კონსულტაციების მიუხედავად ვერ მოხერხდა მათი გაერთიანება. იგი ამის მიზეზად მათ შორის გარკვეულ დაპირისპირებას ასახელებს. “ოპოზიციას ერთმანეთში ჯერ კიდევ მრავალი უთანხმოების გადალახვა მოუწევს, გაერთიანება რომ შეძლოს”, – განაცხადა 11 აპრილს ედპ-ს ლიდერმა. დამკვირვებლები და სახელისუფლებო ბლოკის ოპონენტები ედპ-ს გადაწყვეტილებას წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით ხსნიან. პარტიამ, რომელმაც 1999 წლის საპარლამენტო (მაშინ ედპ-მ 7% ბარიერი ვერ გადალახა) და შარშანდელ ადგილობრივი არჩევნებში, რომლის დროსაც პარტიამ ხმათა 2%-ც კი ვერ მოაგროვა და სრული ფიასკო განიცადა, დამოუკიდებლად პარლამენტში მოხვედრას ვერ შეძლებდა. ამ ფაქტს თავად პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურიაც ადასტურებს. “ჩვენ არ გაგვაჩნია იმის ილუზია, რომ პარტია [ედპ] დამოუკიდებლად არჩევნებში წარმატების მიღწევას შეძლებდა,” – განაცხადა სარიშვილი-ჭანტურიამ 11 აპრილს. “ისეთი დასუსტებული პარტიისთვის, როგორიც დღეისათვის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაა, სხვას არც არაფერს ველოდით, ეს საუკეთესო გამოსავალი იყო, მათი წარმატებისთვის”, -აცხადებს ნაციონალური მოძრაბის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს წევრი დავით ბერძენიშვილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ედპ-ს მიმატებით სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკი დიდად ვერ გაძლიერდება და ერთადერთი, რისი იმედიც ხელისუფლებას არჩევნებში უნდა ჰქონდეს, ეს მისი ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული ბერკეტებია. “ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო და აბსოლუტურად გაუგებარიც, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ ერთადერთი, რასაც შევარდნაძის ბლოკი ედპ-ს მიერთებით მოიგებს, არის ის, რომ იგი ცოტა მაინც გაკეთილშობილდება”, -განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “გაერთიანებული დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ. “ეს გაერთიანება არ არის რაიმე იდეის გარშემო, უბრალოდ ხელოვნურ ხასიათს ატარებს და არჩევნებში ხელისუფლების და საკანცელარიო ბერკეტების გამოყენებით წარმატების იმედი აქვს. ეს, როგორც ჩანს, მისთვის [ირინა სარიშვილი-ჭანტურიასთვის] მისაღები აღმოჩნდა”, -განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ახალი მემარჯვენეების” წევრმა, პარლამენტარმა დავით კოღუაშვილმა. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია