
წამყვანი პარტიების უმრავლესობა არჩევნების გადადებას ითხოვს
(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პარტიათა უმრავლესობა შეშფოთებულია იმ კანონდარღვევებით, რომელიც წინასაარჩევნო პროცესს ახლავს თან და ფაქტობრივად არჩევნების ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს. კონკრეტული დარღვევების ფაქტებით აღშფოთებული ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – ზურაბ ჟვანის გუნდი, ნაციონალური მოძრაობა -დემოკრატიული ფრონტი, ბლოკი სახალხო-ტრადიციონალისტი, მრეწველები, ერთობა, ლეიბორისტები, სოციალისტები შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ოფისში და მიიღეს განცხადება. შეკრებილი პარტიები არჩევნების ჩაშლის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი კოკრეტული წინადადებებით მიმართავენ პრეზიდენტს, რომ არჩევნები გადაიდოს და ჩატარდეს არაუგვიანეს ერთი კვირისა. პარტიები მაქსიმუმ ერთკვირიან ვადას მხოლოდ იმისთვის ითხოვენ, რომ საარჩევნო სიებში დარღვევების გამოსწორება მოხერხდეს. წინააღმდეგ შემთხევევაში, “მთელი პასუხისმგებლობა დარღვევებზე, არჩევნების შედეგების მოსალოდნელ გაყალბებაზე ეკისრება პრეზიდენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ქალაქ თბილისის მერიას”, – ნათქვამია განცხადებაში. მათი მტკიცებით, არსებობს კონკრეტული ფაქტები, როგორიცაა 11 262 ათასი ერთიდაიგივე პიროვნების საარჩევნო სიებში შეყვანა (ე.წ კარუსელებისათვის), 21 673 ათასი ამომრჩეველი არასრულყოფილად არის შეყვანილი ან საერთოდ ამოვარდნილია სიებიდან, სიები კანონის დარღვევით არის გამოკრული, ამომრჩეველთა ბარათები არ არის დარიგებული და ა.შ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიმართოს პრეზიდენტს არჩევნების გადადების თაობაზე არჩევნებამდე 4 დღით ადრე. პრეზიდენტს უფლება აქვს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მიიღოს. პარტიების შეკრებას არ ესწრებოდნენ ისეთი გავლენიანი პარტიები, როგორიცაა “ახალი მემარჯვენეები”, “აღორძინება” და “მოქალაქეთა კავშირი”.