ახალი ამბები

ევროპის საბჭო ხელისუფლებას არჩევნებზე ნეიტრალიტეტისაკენ მოუწოდებს

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოში 4 ოქტომბერს ჩამოვიდა, 8-10 ოქტომბერს წინასაარჩევნო სიტუაციის შესწავლის მიზნით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაც.

ევროსაბჭოს დელეგაციამ მათიას ეორშის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს მიერ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს, ამჟამად აქცენტი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მზადებაზე გადაიტანა. 

“საქართველო დგას გზაჯვარედინზე. 2 ნოემბრის არჩევნებზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი განვითარების პერსპექტივა”, – განაცხადა მათიას ეორშმა თბილისში 10 ოქტომბერს ჩატარებულ ბრიფინგზე.

ხუთკაციანმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, ცსკ-ოს წევრებთან, სახელმწიფო მინისტრთან, ასევე მოლაპარაკებები გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში, გენერალურ პროკურატურაში, ანტიკორუფციულ ბიუროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

დელეგაციის წევრებმა არჩევნების მომზადებისა და წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, უშუალოდ, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისგან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიიღეს.

საქართველოში ეს ამ დელეგაციის უკვე მესამე ვიზიტი იყო. თუ წინა ვიზიტისას, რომელიც ივნისში შედგა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის დროული მიღებისკენ მოუწოდებდნენ, დღეს კი მათი მთავარი რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი მდგომარეობს არჩევნების მსვლელობისას ნეიტრალიტეტის დაცვაში.

“მნიშვნელოვანი იქნება, თუკი საქართველოს პრეზიდენტი საჯაროდ აუწყებს მოსახლეობას, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები არჩევნებზე ნეიტრალურნი იქნებიან და აუკრძალავს მათ საარჩევნო პროცესებში ჩარევას და ზემოქმედებას”, – აცხადებს მათიას ეორში.

“არ უნდა იყოს ზეწოლა ნაციონალურ უმცირესობებზე და იმ ადმინისტრაციულ მოხელეებზე, რომლების ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. პოლიციამ და სხვა ძალოვანმა უწყებებმა არჩევნების დღეს თავიანთი უშუალო ფუნქცია უნდა შეასრულონ და დაიცვან წესრიგი”, – აცხადებს ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრი ანდრე კვალკესტადი.

დელეგაციამ ამომრჩეველთა სიებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. იმ სიებში, რომლითაც 2 ნოემბრის არჩევნების ჩატარება იგეგმება, ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, 600 000-მდე არარსებული ამომრჩეველის შესახებ მონაცემებია შეტანილი, მაშინ როცა ათობით ათასი რეალური ამომრჩეველი გამოტოვებულია.

“სიებთან დაკავშირებით საკმაოდ არეული სიტუაციაა. არ მესმის, რატომ არ იქნა გამოყენებული ახლახანს საქართველოში ჩატარებული აღწერის მონაცემები ამომრჩეველთა სიების ფორმირებისას. დარჩენილ პერიოდში ცსკ-ომ უნდა უზრუნველყოს სიებში შესწორებების შეტანა და საგანგებოდ მოუწოდოს მოსახლეობას, რომ შეამოწმონ თავიანთი თავი სიებში”, – აცხადებს მათიას ეორში.

როგორც დელეგაციის წევრები აცხადებენ, ცსკ-ოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით უზრუნველყოფს მათი რეკომენდაციების შესრულებას. კერძოდ, თითოეულ საარჩევნო უბანზე 10-ის ნაცვლად გაიცემა საუბნო კომისიის 20 ოქმის ასლი, რაც არჩევნების შედეგების გადაკეთების საშუალებას გამორიცხავს.

“ქვეყანამ საკმაოდ გვიან დაიწყო მზადება არჩევნებისთვის, გვიან იქნა მიღებული საარჩევნო კოდექსი, ფაქტიურად, ბოლო მომენტში ხდება სიების ფორმირება, დღემდე პრობლემად რჩება საარჩევნო კომისიების დაფინანსების საკითხი”, – აცხადებს მათიას ეორში.
 
შეფასებების პოლიტიკურ ნაწილში დელეგაციის წევრები ხაზს უსვამდნენ, რომ ამომრჩეველმა მოქალაქეობრივი ნება უნდა გამოხატოს საკუთარი სიმპათიების მიხედვით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.
 
ევროპის საბჭო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას გეგმავს საქართველოში. არჩევნების შემდეგ მომზადდება დასკვნა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება.

სწორედ ამ მოხსენებაზე და 2 ნოემბრის არჩევნების ხარისხზე შეიძლება აღმოჩნდეს დამოკიდებული საქართველოს ურთიერთობა ევროპის საბჭოსთან, ისევე როგორც ამ ორგანიზაციაში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ნინო ხუციძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button