ახალი ამბები

უზუსტობა საარჩევნო სიებში გაყალბების შანს ზრდის

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მწვავდება დებატები ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების გამო, რადგან ასეთი უზუზტობები არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად საერთაშორისო დონორების მცდელობებისა, ხელი შეეწყოთ ზუსტი სიების შედგენისათვის, ეს პრობლემა კვლავაც გადაუჭრელია.

როგორც ოპოზიციური პარტიები და დამკვირვებელი ორგანიზაციები აცხადებენ, სიებში დაახლოებით 600 000 პირის მონაცემებია დამატებით შეტანილი, მათ შორის დიდი ნაწილი გარდაცვლილია, ხოლო სრულუფლებიან ამომრჩეველთა 30% სიებში საერთოდ არ არის შეტანილი.

ახლახანს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გახსნა ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც თითოეულ ამომრჩეველს შეუძლია შეამოწმოს, არის თუ არა მისი მონაცემები სიებში. მაგრამ, ათასობით ამომრჩეველი თავის სახელს ამ სიებში ვერ ნახავს. თვით ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციური ბლოკის “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერიც კი არ იყო შეტანილი ამ სიებში.

მას შემდეგ რაც ბუჯრანაძემ სიებში ვერ ნახა საკუთარი მონაცემები და თავისი ოჯახის წევრების სახელები, 9 ოქტომბრიდან “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” წამოიწყეს ახალი ინიციატივა – “დაიცავი შენი ხმის უფლება”. “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” მოუწოდეს მოქალაქეებს მიმართონ ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციებს და მოითხოვონ სიებში რეგისტრირება.

8 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, რომელიც არჩევნებისას ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია იქნება, გამოაქვეყნა მის მიერ სიებში აღმოჩენილი უზუსტობები, მათ შორის ისეთები, როგორიცაა, დაბადებული 1800 წელს ამომრჩეველი.

თბილისელ სანდრო ვაშაკიძეს არ გაკვირვებია, როდესაც მან ცსკო-ს ინტერნეტ-საიტზე ვერც თავისი და ვერც მისი ოჯახის წევრების სახელები ვერ ნახა ამომრჩეველთა სიებში.

“სიების უზუსტობაზე ბევრს საუბრობენ, ამიტომ ძალიან არ გამიკვირდა, როდესაც ჩემი სახელი ვერ ვნახე. თუმცა, გამიკვირდა და ავღშფოთდი კიდეც, როდესაც ჩემი ორი გარდაცვლილი ნათესავის სახელი ვნახე. ეს ყოვლად დაუშვებელია”, – განუცხადა სანდრო ვაშაკიძემ “სივილ ჯორჯიას”.

სიაში შეტანის პროცედურები საკმაოდ რთულია, რაც აფერხებს სიების დაზუსტების პროცესს. ცსკო თავისი ვებ-საიტიდან მიმართავს იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არ არიან შეტანილი სიებში, მიმართონ ადგილობრივ საარჩევნო კომისიებს. თუმცა, ერთის მხრივ, ამას შეიძლება აზრიც არ ჰქონდეს.

“მე თავად ვარ საარჩევნო კომისიის წევრი და მეც არ ვარ სიებში. მე ვურჩევ ყველას, მიმართონ უბნის საარჩევნო კომისიებს, რადგან ამჯერად ყველა საოლქო კომისიებში მოდის განცხადებებით სიებში შეტანის თაობაზე და მათი სიმრავლის გამო არ შეგვიძლია ყველას მოვემსახუროთ”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საბურთალოს საოლქო კომიის წევრმა ნუნუ შეყრილაძემ.

ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციების შედეგად ცსკო-მ სიების გადამოწმება გადაწყვიტა.

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც თბილისში 5 ოქტომბერს ჩამოვიდა წინასაარჩევნო პროცესების შესაფასებლად, განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიები უნდა დაზუსტდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში.

“ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თავიანთი შეშფოთება გამოხატეს სიების უზუსტობის გამო. მათი განცხადებით, ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურად იქნა გაზრდილი 600 000-ით, რაც ქმნის არჩევნების გაყალბების საშიშროებას”, – განაცხადა მაკკეინმა 6 ოქტომბერს.

ცსკო-მ თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, გადაემოწმებინათ სიები, რომელთა შედგენაც მათ ამ გაზაფხულს დაევალათ. დასრულებულ სიებში 2,9 მილიონი ამომრჩეველია, თუმცა, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მონაცემებით, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში 800 000-ით ნაკლები ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.

სიების დაზუსტების ვადა 24 ოქტომბერს იწურება. მრავალ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ დარჩენილი დრო ძალიან ცოტაა იმ მოცულობის საქმისათვის, რომელიც ჯერ კიდევ გასაწევია სიების დასაზუსტებლად.

“ამ პერიოდში სიების დაზუსტება სრულიად შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების შესაბამისი ნება”, – განუცხადა “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა თამარ ჟვანიამ “სივილ ჯორჯიას”.

ოპოზიციის მტკიცებით, სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” არჩევნებში გამარჯვების ერთადერთი შანსი არჩევნების შედეგების გაყალბებაა. “უზუსტო სიები არჩევნების გაყალბების საუკეთეშო საშუალებას იძლევა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორია

მსგავსი/Related

Back to top button