ახალი ამბები

არჩევნები – დემოკრატიის გამოცდა

აშშ საქართველოს კიდევ ერთ შანსს აძლევს

აშშ აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად არჩატარების შემთხვევაში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ისევე, როგორც პარტნიორული ურთიერთობა ვაშინგტონთან და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.

საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების შესწავლის მიზნით თბილისში 4-7 ოქტომბერს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აი) მიერ გამოგზავნილი დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციაში შედიოდნენ: ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტროუბ ტელბოტი, აშშ-ს შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი სემ გეჯდენსონი, ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის წევრი ბრუკ შირერი, “ენ-დი-აი”-ს საარჩევნო პროგრამების დირექტორი პატრიკ მარლოუ. თბილისში ყოფნისას დელეგაციის წევრები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
“თუ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ და ძალადობის გარეშე, ქართველი ხალხი აღიარებს მის შედეგებს, ქვეყანა შეძლებს პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას და დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიგებში თავისი ადგილის დამკვიდრებას. თუ ეს არჩევნები არ ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა დაცვით, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტი დაკარგავს საზოგადოების ნდობას და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი სერიოზულ დარტყმას მიიღებს”, – განაცხადა 7 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას “ენ-დი-აი”-ს საარჩევნო პროგრამების დირექტორმა პატრიკ მარლოუმ.

“თუ ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად და ძალადობის გარეშე, ეს იქონიებს უარყოფით გავლენას და დასავლეთის ქვეყნები სხვა თვალით შეხედავენ საქართველოს და ქვეყნის სურვილი საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე დაზარალდება”, – განაცხადა ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა.

დელეგაციამ შეხვედრები გამართა ყველა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, ასევე პრეზიდენტ შევარდნაძესთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ნანა დევდარიანთან.

აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის სტროუბ ტელბოტის განცხადებით, საქართველო უკანასკნელ წლებში დემოკრატიის განვითარების კუთხით პრობლემებს განიცდის, თუმცა, მისივე თქმით, 2 ნოებერს საქართველოს აქვს შანსი სიტუაცია გააუმჯობესოს.
 
“თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი და ღირსი ხართ გქონდეთ ეს შანსი 2 ნოემბერს. თუ თქვენ ამ არჩევნებს ჩაატარებთ სამართლიანად ეს თქვენთვის, ხალხისთვის და მთელი რეგიონისთვის იქნება კარგი” – განაცხადა შეხვედრაზე სტროუბ ტელბოტმა.

ამერიკულმა დელეგაციამ ერთხმად აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობა განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. დელეგაციის წევრთა თქმით, 2 ნოემბრის არჩევნები ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი იქნება.
 
“ამ რეგიონიდან თქვენი ქვეყანა არის უმთავრესი ყურადღების საგანი. ასე რომ, როცა კანდიდატები დაასრულებენ საარჩევნო კამპანიას, ხელისუფლება უზრუნველყოფს ამ კამპანიის მშვიდობიანად ჩატარებას და ამომრჩეველი მივა უბნებში, მთელი მსოფლიო თვალ-ყურს გაადევნებს ამ პროცესს”, – განაცხადა ტელბოტმა.

დელეგაციამ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცალკეული ოპოზიციური პარტიებისგან მოისმინა. მათი განცხადებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამომრჩეველთა დაუზუსტებელი სიებია, რომელიც არჩევნების გასაყალბებლად შესაძლოა იქნას გამოყენებული.

“თუ სიების შესწორება ეფექტურადDარ მოხდება, შეიძლება ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვერ შეძლოს ამომრჩევლის უფლების გამოყენება და ხმის უკანონოდ მიცემის შესაძლებლობაც გაიზარდოს. მთავარია, უმოკლეს დროში მოხდეს სიების გადამოწმება და დაზუსტება. ამ მხრივ დრო ცოტა რჩება”, – აღნიშნა სტრობ ტელბოტმა.

დელეგაცია ინფორმირებული იყო ხელისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით მანიფესტაციებისა და მიტინგების ჩატარების სურვილის შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ორი დღით ადრე შეტყობინების თაობაზე.
 
“არჩევნების წინ კონსტიტუციის დარღვევა და ადამიანების უფლებების შეზღუდვა არ უნდა მოხდეს. პრეზიდენტმა, მინისტრებმა და ცსკო-მ მითითებები უნდა მისცენ პოლიციის, უშიშროებისა და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებს იმის თაობაზე, რომ მათი მოვალეობაა პარტიებისა და კანდიდატების მიერ თავიანთი უფლებების ეფექტურად გამოყენება, მათ ნებისმიერ ადგილას წასვლის და მშვიდობიანი კამპანიის წარმოების უფლება აქვთ”, – განაცხადა სტროუბ ტელბოტმა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა და ადგილობრივმა ადმინისტრაციამ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და დაიცვან წესრიგი, რათა არ მოხდეს ძალადობა. იგი უარყოფით შეფასებას აძლევს 26 სექტემბერს ბოლნისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობასა” და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ არჩევნების დროს უნდა გამოირიცხოს.
 
“აუცილებელია ყოველგვარი ძალადობის თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ იყო ინციდენტები, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც იყრიან კენჭს და რომლებიც ხმის მისაცემად მივლენ”, – განაცხადა ტებლოტმა.

დელეგაცია იმედოვნებს, რომ არჩევნების დროს დიდ როლს ითამაშებენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი დამკვირვებლები, რომელთა რაოდენობა, დაახლოებით, 500-მდე იქნება. დამკვირვებელთა განსაკუთრებულ საჭიროებას დელეგაცია იმ რეგიონებში ხედავს, სადაც უმცირესობას აზერბაიჯანული მოსახლეობა წარმოადგენს, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

“ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები მოელიან გარკვეულ სიძნელეებს რამდენიმე რეგიონში შესვლასთან დაკავშირებით, მათ შორისაა შიდა ქართლი, სამეგრელო, აფხაზეთის მოსაზღვრე სხვა რეგიონები და აჭარა”, – განაცხადა ტელბოტმა.

დელეგაციასთან შეხვედრისას პრეზიდენტი შევარდნაძე შეეცადა დაერწმუნებინა ამერიკელი სტუმრები, რომ 2 ნოემბრის არჩევნების სამართლიანად ჩატარდება.

“თქვენ არა მარტო უფლება გაქვთ, არამედ ვალდებულიც ხართ გვითხრათ სიმართლე. ჩემზე მეტად არავინ არის დაინტერესებული, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ეს არის ბოლო შანსი იმისა, რომ დაგარწმუნოთ – ქვეყანა არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზიდან”, – განაცხადა შეხვედრაზე შევარდნაძემ.  

დელეგაცია არჩევნების სამართლიანად ჩატარების პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ სწორედ ხელისუფლება უნდა იყოს გარანტი არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა.
 
სტროუბ ტელბოტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის არავის უნდა ეშინოდეს, რადგან ეს დემოკრატიის განუყოფელი პროცესია. “ადამიანები ხელისუფლებაში მოდიან და მიდიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა უნდა შეეგუოს, რომ ამ არჩევნების შემდეგ, შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ხელისუფლებაში სამუშაო დაკარგოს”, – დასძინა ტელბოტმა.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button