ახალი ამბები

აფხაზური და ქართული მხარეები დანაშაულის წინააღმდეგ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 8 ოქტომბერს გალის რაიონში ჩატარებული ოთხმხრივი შეხვედრა, რომელსაც ქართული და აფხაზური მხარეების გარდა რუსი სამშვიდობოებისა და გაეროს დამკვირვებლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.

საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გალში ბოლო დროს გამწვავებული კრიმინოგენული სიტუაცია განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი.

მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელიც ითვალისწინებს დაუყონებლივი ღონისძიებების განხორციელებას კონფლიქტის ზონაში დანაშაულებრივი ქმედებების შესაჩერებლად; ასევე იმ დანაშაულთა სიის გაცვლას, რომლებსაც, მათი თქმით, ადგილი ჰქონდათ კონფლიქტის ზონაში.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ გაეროს დამკვირვებელთა მისიის სამოქალაქო პოლიციის დამკვიდრებას, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ორივე მხარის სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობას.

ქართული და აფხაზური მხარეები 9 დეკემბერს ისევ შეხვდებიან, რათა თანამშრომლობაში მიღწეული პროგრესი შეაფასონ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button