ახალი ამბები

ჩეჩნებს დაბრუნება არ სურთ

მოსკოვმა ლტოლვილები რეპატრიაციაზე ვერ დაიყოლია

პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ჩეჩნეთში დაბრუნებაზე მიმართული რუსეთის მეორე მცდელობა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. რუსულმა თვითმფრინავმა, რომელიც თბილისში 29 სექტემბერს ჩამოფრინდა, რათა ჩეჩნეთში დაბრუნების მსურველი ლტოლვილები წაეყვანა, საქართველო 1 ოქტომბერს ცარიელმა დატოვა.

29 სექტემბერს – 1 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის საკითხთა მინისტრი სტანისლავ ილიასოვი და საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე იური ბრაჟნიკოვი, რომლებიც 30 სექტემბერს თავად ჩავიდნენ პანკისის ხეობაში და ჩეჩენ ლტოლვილებს შეხვდენენ, რათა დაერწმუნებინათ ისინი სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

“ჩვენ მათ ვთავაზობთ სხვადახვა დახმარებას. ის პირები, როლებიც გადაწყვეტენ დაბრუნებას, უზრუნველვყოფთ ტრანსპორტით, ადგილზე ჩასულებს კი საცხოვრებელი სახლების სარემონტო თანხით, ხოლო თუ მთლიანად დანგრეულია სახლი მის აღსადგენად ერთ ოჯახს 350 ათასი რუბლი გამოეყოფა. ასევე სხვა სოციალური საკითხების დაკმაყოფილებასაც ვპირდებით”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას იური ბრაჟნიკოვმა.

რუსების და ჩეჩნების შეხვედრა პანკისის ხეობაში ღია ცის ქვეშ 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თუმცა, ჩეჩენმა ლტოლვილებმა არა თუ რეპატრიაციაზე, არამედ რუსეთის დელეგაციის მიერ საქართველოში ჩამოტანილ 20 ტონა ჰუმანიტარულ დახმარების მიღებაზეც კი უარი განაცხადეს.

“მართალია ძალიან გვიჭირს, არ გვაქვს ელემენტარული საარსებო საშუალება და ნახევრად ვშიმშილობთ, მხოლოდ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი გვეხმარება პროდუქტებით. რუსების მიერ ჩამოტანილი დახმარება მართლაც დიდი შეღავათი იქნებოდა, მაგრამ მათი ჩვენ არაფერი არ გვინდა. აქამდე სად იყვნენ, რატომ არ ზრუნავდნენ ჩვენზე ამ 4 წლის განმავლობაში, რაც ლტოლვილად ვართ”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ჩეჩენმა ლტოლვილმა ასლანბეგ აბურზაკოვმა.

“ჩვენი ერთადერთი სურვილი სამშობლოში დაბრუნებაა, მაგრამ რუსების არ გვჯერა, ისინი ჩეჩნებს უმოწყალოდ ხოცავენ. ჩვენს სამშობლოში ახლაც რუსული ჯარია და საომარი მოქმედებები გრძელდება. სანამ ისინი იქ იქნებიან, ჩვენ უარს ვამბობთ უკან დაბრუნებაზე, ომის პერიოდში განცდილი შიში ახლაც გვაქვს დარჩენილი”, – განაცხადა ჩეჩენმა ლტოლვილმა ელზა ვარახაევამ.

“ჩვენ ჩამოვიტანეთ თბილი ტანსაცმელი და სურსათი, როგორც ბავშვებისთვის ისე დიდებისთვის. აქამდეც გვინდოდა დახმარების გაწევა მათთვის, მაგრამ პანკისის ხეობაში კრიმინალური დაჯგუფებების არსებობის გამო ვერ შევძელით, ქართული მხარის მიერ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შემდეგ სიტუაცია დარეგულირდა და შესაძლებელია ჩამოსვლა და დახმარების გაწევა თითოეული ჩეჩენისთვის”, – განაცხადა ბრაჟნიკოვმა.

ჩეჩენი ლტოლვილები რუსების ამ ინიციატივას ჩეჩნეთში საპრეზიდენტო და თავად რუსეთში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირებენ. “მათ სწორედ ამ მიზნით უნდათ ჩვენი დაბრუნება, რომ არჩევნებია და ასევე მსოფლიოს უნდა დაანახონ, თუ რამდენად ჰუმანურები არიან, და რომ არჩევნებს ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები ომი კი არა ჩეჩნების გენოციდი იყო რუსები მიერ განხორციელებული”, – აცხადებდნენ ჩეჩენი ლტოლვილები.

პანკისში მცხოვრები ჩეჩნები უარს აცხადებენ 5 ოქტომბერს ჩეჩნეთში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილე ყველა ჩეჩენი ეროვნების კანდიდატი რუსების მომხრეები არიან და მათ ინტერესებს იზიარებენ.

არჩევნების გამო რუსეთის გააქტიურებას ამ საკითხში უარყოფს სტანისლავ ილიასოვი და აცხადებს, რომ ჩეჩნების უკან დაბრუნების უზრუნველყოფა ადრეული პერიოდიდან დაიწყო, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, ახალ კი, ამ პროცესში რუსებს ქართველი კოლეგებიც ეხმარებიან, რაც აადვილებს საქმეს.

“ჩვენ ნამდვილად ვეხმარებით რუსეთის მხარეს საკითხის მშვიდობიანად და წარმატებულად მოგვარებაში. როცა იქნება, ჩეჩნები ხომ უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით თოდუამ.

როგორც ქართული, ასევე რუსული მხარე ხაზს უსვამს, რომ დაბრუნების პროცესი აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

“ჩეჩნების დაბრუნება სამშობლოში ნებაყოფლობითი იქნება, ჩვენ არავის ძალას არ ვატანთ, ყველამ მინდა ეს გაიგოს. თუ ვინმეს ახლავე უნდა წამოსვლა მზად არის თვითმფრინავი”, – აცხადებდა ლტოლვილებთან შეხვედრის ბოლოს სტანისლავ ილიასოვი.

თუმცა 3700-მდე პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილიდან მსურველი არავინ გამოჩნდა და რუსეთის დელეგაციას უკან დაბრუნება მარტო მოუწია.
 
თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ჩეჩენი ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების ეშინიათ
ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის ინიციატივებს ეჭვით უყურებენ
მოსკოვი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას ჩქარობს

მსგავსი/Related

Back to top button