
არშემდგარი ხელშეკრულება დაპირისპირებას აღრმავებს
ქართული მხარის უარმა ვატიკანთან შეთანხმების ხელმოწერაზე, კიდევ უფრო დააშორა კათოლიკური და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები და გამოავლინა იზოლაციისადმი ამ უკანასკნელის მიდრეკილება.
19 სექტემბრის მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკანასკნელ მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა ხელი მოეწერა ვატიკანთან სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოში კათოლიკური ეკლესიის იურიდიული სტატუსი უნდა განესაზღვრა.
22 სექტემბერს შევარდნაძემ სინანული გამოთქვა, რომ ვატიკანთან შეთანხმების დადება ვერ მოხერხდა და ეს ფაქტი "გაუგებრობით" ახსნა.
"შეთანხმების შემუშავება საქართველოში დიდი ხნის წინ, რომის პაპის ვიზიტის (1999) შემდეგ დაიწყო. ეს დოკუმენტი ეხებოდა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საკითხებს. მეთვითონ მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ყველა სხვა რელიგიასაც პატივს ვცემ" – თქვა პრეზიდენტმა ორშაბათის რადიო ინტერვიუში 22 სექტემბერს.
მან აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება და დასძინა, რომ ამავდროულად პარლამენტი დაიწყებს მუშაობას კანონზე რელიგიის შესახებ.
საქართველოს მთავრობის მიერ შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა საკმაოდ მოსალოდნელი იყო, რადგან მოახლოებული არჩევნების წინ ხელისუფლება არ გადადგავდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს პროტესტს გამოიწვევდა.
არქიეპისკოპოსი ჟან-ლუი ტორანი, წმინდა საყდრის უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობების მიდანი, ანუ იგივე საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თბილისში შეთანხმების ხელმოსაწერად 18 სექტემბერს ჩამოვიდა, 21 სექტემბერს საქართველოდან ხელცარიელი გაემგზავრა.
გამგზავრების წინ ეპისკოპოსმა ჟან-ლუი ტორანმა საკმაოდ მკაცრი განცხადების ტექსტი დაუტოვა საქართველოს ხელისუფლებას და "სინანული" გამოთქვა, რომ მისი ვიზიტის მიზანი ვერ შესრულდა "ქართული მხარის მიერ უკანასკნელ წუთში მიღებული გადაწყვეტილების გამო".
"წმინდა საყდარს იმედი აქვს, რომ საქართველო, რომელიც არის ადამიანის უფლებების შესახებ მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, იპოვის ამ სამწუხარო სიტუაციის გამოსწორების საშუალებას" – განაცხადა ეპისკოპოსმა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წმინდა საყდარი "ძლიერ შუარაცყოფილია" ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებით, რომელმაც "გაავრცელა ხმები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა."
შაპატრიარქომ, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლამდე გამოსცა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს ვატიკანთან "საიდუმლო შეთანხმების" დადებას, რომელიც, როგორც საპატრიარქომ განაცხადა, გაზრდიდა ვატიკანის გავლენას საქართველოში.
18 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ "სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება მართლმადიდებლურ საქართველოსა და ვატიკანს შორის არ არის სასურველი".
"ჩვენ არ ვიცოდით ამ დოკუმენტის შინაარსი. როდესაც ხელი მოეწერა კონკორდატს საქართველოს სახლემწიფოსა და ეკლესიას შორის (2002 წელს), ეს დოკუმენტი ფართოდ იყო განხილული და საზოგადოებამ მისი ყველა დეტაილი იცოდა. ვატიკანთან შეთახნმება საქართველოს მთავრობას მრავალ სერიოზულ პრობლემას შეუქმნის" – განაცხადა ილია II-მ ტორანის თბილისში ვიზიტამდე გამართულ ბრიფინგზე.
მართლმადიდებლური ეკლესიის განცადებას 19 სექტემბერს მასიური სპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ათასობით მართლმადიდებელს, რომელთა შორის ძირითადად სტუდენტები იყვნენ, ვატიკანის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ბევრ მათგანს სახელდახელოდ გაკეთებული ტრანსპარანტი ეჭირა, რომელზეც ეწერა: "თავი დაანებეთ საქართველოს", "არ მოგცემთ შეთანხმების დადების უფლებას", "საქართველო ვატიკანის გარეშე".
დემონსტრაციაში მონაწილეობდა მართლმადიდებლური ეკლესიის რამოდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელიც. ეპისკოპოსმა ზენონმა, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, მადლობა გადაუხადა დემონსტრანტებს "ქართული სულის გაღვივებისათვის".
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რწამსის თავისუფლებაა, კონსტიტუცია პრიორიტეტს აძლევს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს პრიორიტეტი გამყარებულია სახლემწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატითაც" – განაცხადა ზენონმა.
"მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი"?
გასული წლის ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერეს კონკორდატს, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებს. კონკორდატის მიხედვით მართლმადიდებლურ ეკლესიას მრავალი მნიშვნელოვანი პრივილეგია ენიჭება სხვა დანარჩენ რელიგიებთან შედარებით.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია შიშობდა, რომ ვატიკანთან დადებული შეთანხმება საფრთხეს შეუქმნიდა მის განსაკუთრებულ უფლებებს საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ 1999 წელს, საქართველოში რომის პაპის იოანე-პავლე II-ის ვიზიტისას, მრავალმა მართლმადიდებელმა მოძღვარმა საკუთარ მრევლს აუკრძალა დასწრებოდა რომის პაპის ქადაგებას, რადგან მათი მტკიცებით ეს "დიდი ცოდვა" იქნებოდა.
თუმცა ყველა სასულიერო პირი არ არის ვატიკანთან კავშირისადმი ასე რადიკალურად და სკეპტიკურად განწყობილი. დეკონოზი ბასილ კობახიძემ, საპატრიარქოსადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მკაცრი გაფრთხილება და საყვედური დაიმსახურა.
დეკანოზი ბასილ კობახიძე აღნიშნავს, რომ "საპატრიარქო შეპყრობილია ფანატიზმითა და შუასაუკუნეობრივი შავი იდეოლოგიით, რითაც ძლიერდება ეკლესიის იზოლაცია დანარჩენი სამყაროსაგან," და იქვე დასძენს რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამ ძალების გავლენის ქვეშ იმყოფება.
"საპატრიარქოს მრავალი მაღალი რანგის პირის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სახელს ულახავს, ასუსტებს და იზოლაციაში აქცევს ჩვენს ეკლესიას. ვატიკანთან არ შემდგარი შეთანხმებაც ამ ტენდენციის ნათელი მაგალითია" – განუცხადა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ "სივილ ჯორჯიას".
მან დასძინა, რომ სწორედ ამ ძალების დიდი მონდომების შედეგად ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გამოვიდა მსოფლიოს ეკლესიების საბჭოდან 1997 წელს.
დეკანოზი ბასილ კობახიძე ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. იგი ანალიზს უკეთებს დაახლოებით 40-მდე ჟურნალ-გაზეთს, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გამოიცემა. მისი თქმით ამ პრესის საშუალებით ხდება ანტი-დასავლური იდეების პროპაგანდა, რომელიც აფერხებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
"მე მართლა მეშინია, როდესაც ამ პრესას ვეცნობი. ვშიშობ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი ემუქრება," ამბობს დეკანოზი ბასილ კობახიძე.
კათოლიკეების შევიწროება
ვატიკანსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების გამო გამოწვეულმა აჟიოტაჟმა მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიას შორის საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში არსებული ფარული დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა.
როგორც ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, არშემდგარი ხელშეკრულებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ სწორედ ქართველი კათოლიკები, რომლებსაც "არანაირი უფლებები და იურიდიული სტატუსისი არ გააჩნიათ".
საქართველოში დაახლოებით 50 000 კათოლიკე ცხოვრობს. იურიდიოლი სტატუსის არქონა საგრძნობლად აფერხებს კათოლიკე ქრისტიანების საქმიანობას ქვეყანაში.
"მაგალითად, ძალიან ძნელია კათლიკური ეკლესიის აშენება, რადგან კათოლიკური ეკლესია საქართველოში არ არის იურიდიული პირი" – განუცხადა მამა გაბრიელ ბრაგანტინიმ, ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა "სივილ ჯორჯიას".
კათოლიკეები ქუთაისში იკრიბებია წირვებზე მამა გაბრიელის სახლში, რადგან მათ ქუთაისში ეკლესია აღარ აქვთ.
"1989 წელს მართლმადიდებლებმა ჩვენი ეკლესია ქუთაისში მიისაკუთრეს. ჩვენ თხოვნით მივმართეთ საპატრიარქოს რათა მომხდარიყო ეკლესიის დაბრუნება, თუმცა არავინ ისმინა ჩვენი. რის შემდეგაც სასამართლოს მივმართეთ. პროცესი გაჭიანურდა, ხოლო 2003 წლის ივლისში სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა," ამბობს მამა გაბრიელი.
ქუთაისის გარდა კათოლიკეებმა სხვა ოთხი ეკლესიაც დაკარგეს საქართველოში. მათ შორის ერთი გორში.
"უფრო მეტიც. გორში კათოლიკური ეკლესია მთლიანად გადააკეთეს მართლმადიდებლურ სტილზე. ჩვენ ვთხოვდით არ გაეკეთებინათ ეს. პრეზიდენტსაც მივმართეთ. მან წერილი გაგზავნა საპატრიარქოში თხოვნით შეჩერებულიყო რეკონსტრუქცია. თუმცა არავინ არაფერი ისმინა" – ამბობს მამა გაბრიელი.
ახალციხეში კი, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი კათოლიკეა, კათოლიკურმა ეკლესიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ეკლესიის აშენებაზე ნებართვის გაცემაზე უარი განუცხადა.
"მაშინ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ახალციხეში ძველი, დანგრეული კათოლიკური ეკლესიის აღდგენის უფლება მაინც მოეცათ. ამაზე გვიპასუხეს, თუ საპატრიარქო თანახმა იქნება ჩვენც მოგცემთ ნებართვასო. თუმცა არ მესმის კათოლიკური ეკლესიის ჩვენივე სახსრებით აღდგენისთვის რატომ უნდა გვჭირდებოდეს საპატრიარქოს ნებართვა?" კითხულობს მამა გაბრიელ ბრაგანტინი.
მისი თქმით, რამოდენიმე წლის უკან საქართველოს მართლამდიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის "დიალობის გამართვის მცდელობები" იყო ერთობლივი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებების თაობაზე, თუმცა მისივე თქმით, "ეს ყველაფერი ლაპარაკად დარჩა." "დღეს კი ასეთ დიალოგზე უკვე ლაპარაკიც კი ზედმეტია" – დასძენს მამა გაბრიელი.
დაკარგული შემწყნარებლობა
საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხდება ქვეყანაში რელიგიური უფლებების დარღვევების გამო.
ხელისუფლება, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ წინააღმდეგია, რელიგიური ექსტრემიზმისა, რეალობაში არც თუ ისე ბევრს აკეთებს, რათა საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა უფლებები დაცული იქნეს.
მართლმადიდებელი ეკლესიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილი, რომელსაც იეღოვას მოწმეთა წინააღმდეგ თავდასხმების გამო სასამართლომ წინასწარი დაკავება შეუფარდა, კვლავაც პოლიციის მიერ იძებნება.
უფრო მეტიც, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც მართლმადიდებლობის უპირატესობის იდეას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვისა და პოპულარულობის მოსახვეჭად იყენებენ და ხშირად რელიგიურ ექსტრემიზმის იდეების ქადაგებაზეც არ ამბობენ უარს, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერითაც სარგებლობენ.
დეპუტატი გურამ შარაძე, რომელიც ძებნაში მყოფი ბასილ მკალავიშვილის აქტიური დამცველია, სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" წევრია და გლდანის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე უკვე მრავალი წელია, რაც გვერდი-გვერდ მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიები, ასევე მეჩეთი და სინაგოგა დგას. თუმცა, ქართული ტოლერანტობის ეს სიმბოლო, როგორც ჩანს, უკვე აღარ შეეფერება რეალობას.
გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია