ახალი ამბები

ოპოზიცია ხმების გაყალბების მოლოდინში

შსს პოლიციელთათვის ხმის მიცემის მექანიზმის შემუშავებას მოითხოვს

ოპოზიციის მტკიცებით, “საზოგადოებაში ნდობადაკარგული” საქართველოს ხელისუფლება 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას და წარმატების მიღწევას ე.წ. “ადმინისტრაციული ბერკეტების” გამოყენებით ცდილობს.

“მინდა ყველამ იცოდეს, რომ ხელისუფლება სერიოზულად შეუდგა არჩევნების გაყალბების კამპანიას. 2 ნოემბრის არჩევნებში ხელისუფლება გასამხედროებული სამართალდამცველების და სხვა სპეციალური სტრუქტურების გამოყენებას შეეცდება”, – განაცხადა ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 19 სექტემბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

ჟვანიას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე მოეწყო საგანგებო თათბირი, სადაც ითქვა, რომ შს სამინისტრო არჩევნების პერიოდში ყაზარმულ რეჟიმზე იქნება გადაყვანილი და ყველა პოლიციელი, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი, პოლიციის განყოფილებაში სპეციალურად გახსნილ საარჩევნო უბნებში მაღალი რანგის თანამდებობის პირების ზედამხედველობის ქვეშ გააკეთებს “არჩევანს”, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ მოხდება.

ამ ინფორმაციას პოლიციის დაბალჩინოსანი თანამშრომლები პირად საუბრებშიც ადასტურებენ.

“რამდენიმე დღის წინ ხელმძღვანელობამ პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოგვთხოვა და იქიდან ნომრები ამოიწერეს. თუ რისთვის სჭირდებოდათ, არავისთვის არაფერი უთქვამთ, ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. ასევე 2 ნოემბერს ყაზარმული რეჟიმი უნდა გამოცხადდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების დღეს გაძლიერებულ რეჟიმში ვიმუშავებთ და მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ვიქნებით”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თბილისის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება ამჯობინა.     

“ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა არჩევნების დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. წინა არჩევნების დროსაც ასე იყო, პოლიციელების გარკვეული ნაწილი ყაზარმულ რეჟიმზე გადადიოდა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით თოდუამ.
 
იგი აბსურდს უწოდებს პოლიციელებისთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთების მოთხოვნას და ნომრების ამოწერას. ამასვე უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პაატა გომელაური.

“ეს აბსურდია, ჩემთვის არავის მოუთხოვია პასპორტის მიტანა, ის ახლაც მე მაქვს. საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია ჩემთვის გაუგებარია”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას პაატა გომელაურმა.

“ჩვენ პოლიტიკოსების განცხადებებს კომენტარს არასოდეს ვუკეთებთ და არც ამ შემთხვევაში გამოვეხმაურებით. ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან იმ მექანიზმის შემუშავებას მოვითხოვთ, რომლის საშუალებითაც, 2 ნოემბერს პოლიციის თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანის დროს შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. ძირითადად, საუბარია მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხმის მიცემის საკითხზე”, – დასძინა გომელაურმა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბნები გაიხსნება პოლიციის განყოფილებებში, პოლიციელები მაინც ვერ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას მაჟორიტარი კანდიდატების არჩევის დროს. სწორედ ამ წესის შემუშავებას ითხოვს შს სამინისტრო ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან. პოლიციელებისთვის ხმის მიცემის წესი არ არსებობდა გასულ წლებში ჩატარებული არჩევნების დროს და ხშირ შემთხვევაში ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ ან მოქმედებდა გადასატანი ყუთი, რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ ხელსაყრელ საშუალებად ითვლება. 

სამართალდამცავი ორგანოების გარდა ზურაბ ჟვანია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ზეწოლა არჩევნების დროს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომსახურე პირებზეც განხორციელდეს, განსაკუთრებით კი განათლების მუშაკებზე.

“ჩვენი ბლოკის მხარდამჭერ მასწავლებლებს უკვე დაემუქრნენ სამსახურიდან განთავისუფლებით”, – აცხადებს ზურაბ ჟვანია.

23 სექტემბერს “ბურჯანაძე-დემოკრატების” კიდევ ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება რკინიგზის დეპარტამენტში მომუშავე პირების ხმების გამოყენებასაც ცდილობს. სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული შ.პ.ს. “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი, სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ჩხაიძეა.

სავარაუდოდ, ანალოგიური მცდელობა არსებობს დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაშიც, რომელთა რიცხვი თბილისში დაახლოებით 150 ათასს აღწევს.

“მოგვთხოვეს რაღაც ბიულეტენების შევსება, სადაც უნდა ჩაგვეწერა ჩვენი სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი, როგორც აგვიხსნეს ეს პენსიის დანიშვნის საკითხს ეხება, თუმცა ჯერ საპენსიო ასაკში არ ვარ”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აფხაზეთიდან დევნილმა, ამჟამად თბილისში მცხოვრებმა ნანა ნაჭყებიამ.

ზურაბ ჟვანია ხელისუფლების მხრიდან ამ  მცდელობების აღკვეთას ცდილობს და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო მის ბლოკს არ მოუწევს ყოფნა და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

Back to top button