ახალი ამბები

თურქულმა კომპანიამ საქართველოში რეისები აღადგინა

“ბრიტანეთის ავიახაზები” მოლაპარაკებებს ელის

17 სექტემბერს, შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, კომპანია “თურქიშ ეარლაინზმა” თბილისსა და სტამბულს შორის რეისების განხორციელება დაიწყო. იმავე დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ ბრიტანულ მხარესთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც “ბრიტანეთის ავიახაზების” მიერ თბილისსა და ლონდონს შორის რეისების აღდგენის წინაპირობას იძლევა.

“ბრიტიშ მედითერანიან ეარვეისს,” რომელიც “ბრიტანეთის ავიახაზების” შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, და “თურქიშ ეარლაინზს” საქართველოში რეგულარული რეისების განხორციელების უფლება საქართველოს პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების საფუძველზე 15 აპრილიდან შეუწყდათ. რეისების შეწყვეტას საფუძვლად დაედო შესაბამისი კანონმდებლობის მოუწესრიგებლობა, კომპანიების მხრიდან სახელმწიფოსთვის დავალიანება და ქართულ ფლაგმან ავიაკომპანია “აირზენასთან”  კომერციული ხელშეკრულების არარსებობა, რასაც ქართული მხარე ქართული ავიაკომპანიების ინტერესების დაცვით ხსნიდა.

“თურქიშ ეარლაინზმა” მიაღწია შეთანხმებას “აირზენასთან,” რის საფუძველზეც აღდგა რეისები. თბილისი-სტამბულის მიმართულებით თურქული კომპანია კვირაში ორ რეისს განახორციელებს. ხოლო 10 ოქტომბრიდან დამატებით ორ რეისს, იგივე მიმართულებით “აირზენაც” წარმართავს რეისებს.

17 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, რომელსაც ხელს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი მერაბ ადეიშვილი და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დებორა ჯონსი აწერს, ბრიტანულ კომპანიას კიდევ მრავალი ფორმალური პროცედურის გავლა მოუწევს, რათა რეისები აღადგინოს.

“ხელმოწერილი დოკუმენტი ოპტიმალურია და ჰარმონიზებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზრის დაცვასთან”, – განაცხადა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენ 14 დღის განმავლობაში უფლება გვაქვს შესაბამისი დოკუმენტით მივმართოთ სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტს, რათა ნება დაგვრთოს რეისების განხორციელბაზე”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ბრიტანეთის ავიახაზების” საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ შანიძემ.

თუმცა, როგორც სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტში აცხადებენ, ხელშეკრულების დადება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბრიტანულმა კომპანიამ საქართველოში რეისები აღადგინოს.

“საჭიროა პარლამენტის მიერ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება, რის შემდეგადაც დაიწყება მოლაპარაკება რეისების დანიშვნაზე, ან უნდა მოხდეს კომერციული ხელშეკრულების გაფორმება ქართული კომპანია “აირზენასთან”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჭანკოტაძემ.
 
ქართულ და ბრიტანულ ავიაკომპანიებს შორის მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, ერთი მცდელობა აპრილში უკვე იყო, როცა თბილისში იმყოფებოდნენ ბრიტანეთის ავიაკომპანიის წარმომადგენლები. მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. “ბრიტანეთის ავიახაზების” წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პარიტეტულ ფრენებზე, ანუ თბილისი-ლონდონის რეისის კვირაში ორჯერ ბრიტანული და ორჯერ ქართული კომპანიის მიერ შესრულებაზე.
 
ახლა ორივე კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკების დაწყებისთვის. ქართული ავიაკომპანია “აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თეა გადაბაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთის ავიახაზების წარმომადგენლობა გამოთქვამს სურვილს შეხვედრაზე, ქართული მხარე დაუყოვნებლივ წავა მოლაპარაკებაზე. თუმცა როგორც, ჩანს “აირზენა” დიდად არ არის დაინტერესებული ბრიტანული კომპანიის მხრიდან რეისების აღდგენით.

“ისე ამის საჭიროებაც არ არის. ამჟამად ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ ხორციელდება, თუმცა მგზავრებს ტრანზიტული რეისებით, მესამე ქვეყნის გავლით შეუძლიათ ლონდონში მოხვედრა. ისე აირზენა მოლაპარაკებისთვის მზადაა”, – განაცხადა თეა გადაბაძემ.

იმის გამო, რომ ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისი არ მოქმედებს, მგზავრებს უწევთ ამ მარშრუტის გავლა მესამე ქალაქის მეშვეობით, ძირითადად პრაღის გავლით. თბილისი-პრაღის რეისს კი “აირზენა” ახორციელებს.

იმ შემთხვევაში, თუ ქართული და ბრიტანული კომპანიები კვლავაც ვერ შეთანხმდებიან, მაშინ “ბრიტიშ მედითერანიან ეარვეისს” მოუწევს დაელოდოს, საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პარლამენტის მიერ რატიფიკაციას. ეს კი უახლოეს მომავალში არ მოხდება, რადგან მოქმედმა პარლამენტმა საშემოდგომო სესიის გახსნაც კი ვერ შეძლო. ამიტომ რატიფიკაციის საკითხი 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა განიხილოს.

ქართულ  და ბრიტანულ მხარეებს შორის ასევე სადაოდ რჩება ფინანსური საკითხი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მტკიცებით, ბრიტანეთის ავიაკომპანიას სანქციებისა და საურავების დარიცხვის შემდეგ 13 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც კატეგორიული უარი განაცხადა კომპანიის წარმომადგენლობამ თბილისში ყოფნისას.

“ეს თანხა მაინც გადასახდელია, შესაძლოა ეს 13 მლნ ლარი არ არის და უფრო ნაკლებია, მაგრამ თანხის გადახდა ბრიტანეთის კომპანიას მაინც მოუწევს, თუმცა, თუ მოხდება შეთანხმების მიღწევა თანხის გადაუხდელობა რეისების დანიშვნას ხელს არ შეუშლის”, – განაცხადა ზურაბ ჭანკოტაძემ.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველო აჩერებს ბრიტანეთის ავიახაზებისა და თურქეთის ავიახაზების რეისებს

Back to top button